ბათუმის ისტორიული ბულვარი სულ მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. აჭარის მთავრობა 130 წლიანი ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააკეთილშობილებს ტერიტორიის ამჟამინდელ იერსახეს. ახალი ფერები, მეტი გამწვანება და მყუდრო სარეკრეაციო ზონები რუხი ასფალტის ნაცვლად – ეს არის ის ძირითადი მიმართულება რასაც კონცეფციის ავტორი, კომპანია Dreamland Oasis გვთავაზობს.
“ჩვენმა კომპანიამ, მეტი თვალსაჩინოებისთვის შექმნა ვიდეო რგოლი, რათა ყველასთვის მიგვეცა კონცეფციის აღქმის საშუალება,” – აცხადებს კომპანია Dreamland-ის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ გეგუჩაძე.
კონცეფციის თანახმად, 1600 მეტრიანი ხეივანი სხვადასხვა თემატიკის სარეკრეაციო სივრცეებად დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთს გამავალი ბილიკებით დაუკავშირდება. მოეწყობა მზის საათის მოედანი, პლანეტების სკვერი, იაპონური ბაღი, ე.წ. ცეცხლის ზონა, დაფნის ლაბირინთი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ასაკის დამსვენებელზე იქნება გათვლილი.
ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე საჯარო განხილვები მოეწყობა. მოსახლეობის შენიშვნების საფუძველზე პროექტი დამუშავდება და მისი საბოლოო პრეზენტაცია 2016 წლის მაისში გაიმართება.