უკვე ერთი თვეა, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის მე-6 კვირას კი ორგანიზატორები, საქართველოს კულტურის ცენტრთან ერთად, ღვინის დღეებს გეგმავენ.
„შავი ზღვის ღვინის ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის მწარმოებლების ხელშეწყობა, მათთვის ბაზრის გაფართოება, რაც გულისხმობს ხარისხზე ორიენტირებულ მწარმოებელთა ხელშეწყობასა და მოტივაციას; ქართული მაღალხარისხოვანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ხელშეწყობას; საქართველოში წარმოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და ქართული ყურძნის ჯიშების თუ ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას“, — აღნიშნავს გიორგი ჯავახიშვილი, საქართველოს კულტურის ცენტრი.
„ვფიქრობთ, ბათუმის ფესტივალის და შავი ზღვის ღვინის ფესტივალის კოლაბორაცია ძალიან საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ისე ტურისტებისთვის. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი 100-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო. აქ მოსულ სტუმრებს შეეძლებათ, დააგემოვნონ ქართული ღვინო; მიირთვან როგორც ქართული, ისე აზიური კულინარიის საუკეთესო კერძები; ესტუმრონ ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის სივრცეს; სამი დღის განმავლობაში მოუსმინონ ადგილობრივ არტისტებს — პარასკევს ღვინის დღეებს საზეიმოდ აჩიკო ბერიძე გახსნის; შაბათს კი ბათუმელი მუსიკოსები აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, მზიკო ფარტენაძე, ნანუკა მიქაძე, თამთა ხუხუნაიშვილი წარდგებიან სტუმრების წინაშე; კვირას კი ღვინის დღეები საზეიმოდ დაიხურება ბენდ ფრი სფეისის თანხლებით. აქვე გამოვლინდებიან 2023 წლის შავი ზღვის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულები“, — ნანუკა გორგილაძე, ბათუმის ფესტივალი.
[R]