ბაუმერის აკადემია საინჟინრო სისტემების ინსტალაციისა და სერვისის მომწოდებელი კომპანია ბაუმერის არაკომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ინჟინერ-ტექნიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეიქმნა. აკადემიის მისიაა საინჟინრო მიმართულების სიღრმისეული ცოდნის გადაცემით დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ სერვისები და ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას.
„თავდაპირველად ბაუმერის აკადემიის მიზანი იყო საკუთარი თანამშრომლების გადამზადება, და კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ითვალისწინებდა ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას, და მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. საინჟინრო მიმართულებით კადრების დეფიციტიდან გამომდინარე და პარტნიორი კომპანიების დაინტერესების შემდეგ მივხვდით, რომ შეგვეძლო აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა და აკადემიის პროგრამები ხელმისაწვდომი გაგვეხადა ნებისმიერი პირისთვის ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს საინჟინრო მიმართულებით“- აცხადებს ბაუმერის აკადემიის ხელმძღვანელი ნინი გვარაძე.
დღეისათვის ბაუმერის აკადემიაში ხელმისაწვდომია MEP მიმართულების პროგრამები, როგორიცაა MEP საინჟინრო სისტემების მოკლე კურსი, ელექტროობის სისტემების შემსწავლელი კურსი, კონდიციონერების ექსპრეს-კურსი, სითბოსა და ტენის მოძრაობა შენობებში და სხვა.
მოკლევადიანი კურსების გარდა, ბაუმერის აკადემიამ შეიმუშავა უნიკალური 3 თვიანი პროგრამა სახელწოდებით „მაცივარაგენტზე (ფრეონზე) მომუშავე ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურება“, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და კურსის მონაწილეს შეეძლება დასაქმდეს MEP ინდუსტრიაში ტექნიკოსად ან ინჟინერ-სპეციალისტად.
„პროგრამამ გაიარა და დააკმაყოფილა ყველა საფეხური, რაც ითვალისწინებს განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს, შედეგად მივიღეთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება„- აცხადებს ბაუმერის აკადემიის ხელმძღვანელი ნინი გვარაძე.
ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველია, რომლის კურსდამთავრებულიც გარემოს დაცვის სამინისტროს სალიცენზიო გამოცდაზე დაიშვება. სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება კი სავალდებულოა ყველა ტექნიკოსისთვის, ვისაც შეხება აქვს მაცივარაგენტზე ანუ „ფრეონზე“ მომუშავე მოწყობილობებთან.
ბაუმერის აკადემიის 3 თვიანი სასწავლო პროგრამა შედგება, როგორც თეორიული ისევე პრაქტიკული სწავლებისგან. ის განკუთვნილია მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური (MEP) საინჟინრო სისტემების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის: გაყიდვები, შესყიდვები, ლოჯისტიკა, საიტ და პროექტ მენეჯერები.
[R]