in

„პროფესიული განვითარება იწყება იქ, სადაც ნდობა და შესაძლებლობა ერთმანეთს ხვდება“ – ავთო ლალიაშვილის ისტორია

განვითარების შესაძლებლობა, ნდობა და ხელშეწყობა – ეს იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების ნაწილია, რაც თანამშრომელს უქმნის მოტივაციას, ჩადოს ძალისხმევა კომპანიის წარმატებისთვის. დღეს, ავთო ლალიაშვილს გაგაცნობთ, რომელიც Baumer-ის შესყიდვების მენეჯმენტს უძღვება, ელექტრობისა და სუსტი დენების მიმართულებით. კომპანიაში მოსვლამდე, მან მრავალფეროვანი კარიერული გზა განვლო. Baumer კი მისი პროფესიული ზრდის ახალი ეტაპი აღმოჩნდა. ავთო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში ესპანეთში, თურქეთში, იტალიაში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში. მისი, როგორც შესყიდვების მენეჯერის ამოცანა ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა და საუკეთესო მომწოდებლების მოძიებაა. ავთო განსაკუთრებულად აფასებს ბაუმერში არსებულ გუნდურ სულისკვეთებას, სადაც მისი თქმით, „ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია“.

ბავშვობიდან მიზიდავდა ტექნიკა – ყოველთვის რაღაცას ვშლიდი, ვაწყობდი, ვსწავლობდი როგორ მუშაობდა. ეს გატაცება არ იყო შემთხვევითი – მამაჩემი და ბაბუაჩემი, რომლებიც ენერგეტიკოსები იყვნენ, ხშირად მასწავლიდნენ ელექტრონიკის საიდუმლოებებს. სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი. უკვე მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი ტექნიკურ სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული.

თავდაპირველად, ბიზნესის მიმართულებით ჩავაბარე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი გზა არ იყო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე გადავედი. სტუდენტობის პერიოდი საკმაოდ რთული გახლდათ – სწავლასთან ერთად, ტექნიკის მაღაზიაშიც ვმუშაობდი, რათა საკუთარი ხარჯები დამეფარა.

პირველ სერიოზულ სამსახურში წვრილი აქსესუარების შესყიდვებში აღმოვჩნდი. მალე დამაწინაურეს და კომპანიის მთავარი შესყიდვების მენეჯერი გავხდი, ხუთი ფილიალის შესყიდვებს ვკურირებდი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ნამდვილად ჩემი იყო – ანალიტიკური უნარები აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ხოლო ტექნიკისადმი ინტერესი პროფესიული მიმართულების პოვნაში დამეხმარა.

პროფესიული ზრდისთვის ლოჯისტიკის კურსებიც გავიარე, რამაც ჩემი უნარები კიდევ უფრო დახვეწა. შემდეგ სხვადასხვა პოზიციებზე მომიწია მუშაობა – ვიყავი პროექტების მართვის მენეჯერის ასისტენტი, შემდეგ დავაფუძნე საკუთარი კომპანია Holdtech, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის დროს დაიხურა. ამის შემდეგ ბაზრის კვლევისა და ბიუჯეტირების სამსახურის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი.

Baumer-ში მოსვლამდე ვგრძნობდი, რომ წინა სამსახურში თავი ამოვწურე და ვეძებდი კომპანიას, რომელიც ჩემს პროფესიულ ზრდას შეუწყობდა ხელს. მაშინვე დავინტერესდი – ეს კომპანია მრავალფეროვანია და ზუსტად შეესაბამება ჩემს ინტერესებს. აქ მუშაობის პერიოდში ბევრი ახალი ტექნიკური უნარი შევიძინე.

ახლა, ელექტრობისა და სუსტი დენების მიმართულების შესყიდვების მენეჯერი ვარ. ჩემი, როგორც შესყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა სწორად შევარჩიო მაღალი ხარისხის პროდუქცია, ვიპოვო საუკეთესო მომწოდებელი და ჩვენთვის მისაღებ პირობებზე დავითანხმო. ეს საკმაოდ სპეციფიური მიმართულებაა, რადგან ტექნიკურად უნდა გესმოდეს, რას აკეთებ. თუ არ გესმის რას ყიდულობ და არ გაინტერესებს პროდუქცია, ვერ შეარჩევ სწორად და ვერც წარმატებული იქნები. ჩემი სამუშაო ხშირად მოიცავს საერთაშორისო მოგზაურობას – ვესწრები მასალების გამოფენებს ახალი ტრენდებისა და პარტნიორების მოსაძიებლად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და სხვა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჩინეთში ვიზიტი, სადაც საკუთარი თავი სრულიად ახალი კუთხით დავინახე. მოლაპარაკებები ჩემს პროფესიაში უმნიშვნელოვანესია და Baumer-ში მუშაობამ ამ მხრივ ძალიან გამიმარტივა პროცესი. ჩინეთი მაოცებს ტექნიკის მიმართულებით შესაძლებლობების სიმრავლით. ამ გამოცდილების მიღება Baumer-ის დამსახურებაა.

ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს კომპანიის ნდობა. ამით მეც მემატება მოტივაცია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ძლიერი მხარეები – ინჟინრული განათლება, ტექნიკური დეტალების აღქმა, ანალიტიკური შეფასებისა და მოლაპარაკების უნარები.

სამსახურში ყველაზე დიდ მოტივაციას თანამშრომლები და სამუშაო გარემო მაძლევს. კოლეგებთან ერთად ხშირად პადელს ვთამაშობთ, რაც ძალიან მიყვარს. ჩემთვის გუნდურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და ურთიერთობებს. ჩემი გამოცდილებით, Baumer-ის გუნდი სხვა კომპანიებისგან მეგობრული გარემოთი გამოირჩევა. აქ ისეთი ატმოსფეროა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შესაძლებელია. ამასთან, კომპანია მუდმივად ცდილობს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ, ყველაფერზე დადებითად აისახება.

[R]

ქართული სარეკლამო ინდუსტრია გლობალურ კრეატიულ სარეიტინგო სისტემაში

სუხიშვილების მუსიკა: რიტმი, რომელიც სცენას გასცდა – საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია