in

აკადემიური სივრციდან საინჟინრო ეკოსისტემამდე – ბაუმერის უმცროსი საიტ მენეჯერი ლაშა ციცვიძე

თანამედროვე საინჟინრო ინდუსტრიაში წარმატება არა მხოლოდ ტექნიკურ ბაზაზე, არამედ თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე დგას. საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და ინსტალაციის კომპანია ბაუმერმა ამ გამოწვევას ბაუმერის აკადემიით უპასუხა, საიდანაც გამორჩეულ ტალანტებს აქვთ საშუალება, რომ დასაქმდნენ კომპანიაში. სწორედ ამ ეკოსისტემის ნაწილია ლაშა ციცვიძე ბაუმერის უმცროსი საიტ მენეჯერი, რომელიც მასშტაბურ და საპასუხისმგებლო პროექტებში მონაწილეობს. სამშენებლო ობიექტზე პროცესების მართვა არის დროისა და რესურსების ზუსტი მენეჯმენტი, ძლიერი გუნდური სულისკვეთება და ნებისმიერ მოულოდნელობაზე სწრაფი რეაგირება. როგორ იქცევა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ შედეგად და რა პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული თანამედროვე საიტ მენეჯერის ყოველდღიურობა – ლაშა ციცვიძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

რაც თავი მახსოვს, უსაზღვროდ ცნობისმოყვარე ვიყავი – მუდმივად მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა და რისგან შედგებოდა სამყარო ჩემ გარშემო. როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მივიღე, ოჯახს ჩემს არჩევანზე გავლენა არ მოუხდენია. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე საინჟინრო სფერო. დავინტერესდი, ვცადე და პირველივე შეხებისას მივხვდი – ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

ჩემი პროფესიული გზა და პირველი რეალური ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება ბაუმერის აკადემიას. რაც უფრო ღრმად შევდიოდი სასწავლო პროცესში, მით უფრო მიმყარდებოდა რწმენა, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ლექციებსა თუ პრაქტიკულ მეცადინეობებზე მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, რადგან პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ეს მონდომება და ენთუზიაზმი შეუმჩნეველი არ დარჩენილა – ჩემი ლექტორის რეკომენდაციით, მალევე თავად კომპანია ბაუმერში დავიწყე მუშაობა.

დღეს, უკვე უმცროსი საიტ მენეჯერი ვარ და ვგრძნობ, რომ ბაუმერი არის ადგილი, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ზრდის შესაძლებლობას. ჩემი მთავარი ამოცანა სიახლეების მუდმივი ათვისება და მიღებული ცოდნის სამუშაო პროცესში დაუყოვნებლივ გადატანაა.

ამ პროფესიაში ყველაზე მეტად სწავლის დაუოკებელი სურვილი მეხმარება. არასდროს მეშინია სიახლეების, პირიქით – ისინი საქმეს ბევრად უფრო დინამიკურსა და საინტერესოს ხდის. ჩემს კარიერაში ამ ეტაპზე ყველაზე გამორჩეული პროექტი საქართველოს ერთ-ერთ კომპლექსურ საოფისე შენობას უკავშირდება, რომელზე მუშაობაც უდიდესი, საპასუხისმგებლო გამოცდილებაა.

საიტ მენეჯერობა ზოგადად უზარმაზარ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჩემთვის ეს, პირველ რიგში, ორ მთავარ კომპონენტზე დგას: პირველია დროის სწორად გადანაწილება, რათა სამუშაო პროცესში შეფერხება არ დაიშვას და მეორე – რესურსების ეფექტური მართვა, რაც საბოლოო, მაღალი ხარისხის გარანტიაა.

თუმცა, ნებისმიერი პროფესიული წარმატების უკან ადამიანები დგანან. ჩემი ყოველდღიური მოტივაციის მთავარი წყარო დღემდე ჩემი ლექტორია – ადამიანი, რომელიც ჩემთვის მისაბაძია როგორც პროფესიული ცოდნით, ისე პიროვნული თვისებებით. მისგან მხოლოდ ინჟინერიას არ ვსწავლობ, მისგან ვსწავლობ საქმისადმი სწორ მიდგომასა და პასუხისმგებლობას.

ბაუმერში მუშაობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა გუნდურობის ძალაში. როდესაც ობიექტზე პროფესიონალთა ერთიანი გუნდი მუშაობს, ყველაფერი არა მხოლოდ სწრაფად, არამედ უმაღლესი სტანდარტით სრულდება. სწორედ ამიტომ, ინჟინერია ჩემთვის უბრალოდ სამსახური არ არის – ეს არის მუდმივი განვითარების გზა, სადაც ყოველი ახალი დღე ახალი გამოწვევა და საკუთარი თავის აღმოჩენის ახალი შესაძლებლობაა.

[R]

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

რატომ უჭირთ ლიდერებს AI-სთან დაკავშირებულ ცვლილებებთან გამკლავება და სად არის გამოსავალი?