ხშირად ადამიანს ბავშვობიდანვე აქვს შინაგანი ხმა, რომელიც მიმართულებას აძლევს – საით უნდა წავიდეს და რა სფეროში იგრძნოს თავი სრულყოფილად. ზოგჯერ ეს ინტერესი ადრეულ ასაკში იბადება, ზოგჯერ კი ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპზე ვიპოვით იმ საქმეს, რომელიც რეალურად „ჩვენია”. მარიამ გიორგიძის ისტორია სწორედ ასეთ გზას გვიყვება – ბავშვობის ცნობისმოყვარეობიდან დაწყებულს, გამოცდილებით გამაგრებულს და იმ გადაწყვეტილებამდე მიყვანილს, რომელმაც მის კარიერაში ახალი ეტაპი შექმნა.
„Baumer-ში ცხოვრების იმ ეტაპზე მოვხვდი, როცა ვიგრძენი, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. რამდენიმე კომპანიას შორის Baumer გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა როგორც საქმიანობის შინაარსით, ისე სამომავლო ხედვებით. შეხვედრებმა HR-თან და მენეჯმენტთან კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები და მიზნები ემთხვეოდა. ასე დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია წარმატებით გრძელდება,” – გვიყვება მარიამი.
დღეს ის Baumer-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელია და ყოველდღიურად მართავს პროცესებს, რომლებიც ტექნიკური სისტემების გამართულ მუშაობას და მომხმარებლის კომფორტს უზრუნველყოფს.
ბავშვობა და ინტერესები – როცა ცნობისმოყვარეობა ძალად იქცევა
„ბავშვობიდან საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და მუდამ სიახლეებისკენ ვისწრაფოდი. კითხვაც ძალიან ადრე, დაახლოებით ოთხი წლის ასაკში ვისწავლე და მახსოვს, როგორი სიხარულით ვუკითხავდი ჩემს თანატოლებს ზღაპრებს ბაღში. ალბათ სწორედ ეს სურვილი – გამეგო მეტი და მუდმივად რაღაც ახალი აღმომეჩინა – დღემდე თან მდევს.
ახლა, როცა ტექნოლოგიური ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება, ეს თვისება განსაკუთრებით მეხმარება: სიახლეებს მარტივად ვითვისებ და გარემოსთან ადაპტირება ჩემთვის ბუნებრივი პროცესია.
პროფესიის არჩევაში ოჯახის წევრები არ ჩარეულან. დღეს, როცა ამაზე ვფიქრობ, ცოტა გულიც კი მწყდება, რადგან მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა ინჟინრები იყვნენ და რაიმე გავლენა რომ მოეხდინათ ჩემზე, თავიდანვე ტექნიკურ სფეროში მოვხვდებოდი. უბრალოდ, იმ პერიოდში ეს მიმართულება, განსაკუთრებით ქალებში, პოპულარული არ იყო და მეც უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილება მივიღე.
მიუხედავად ამისა, ტექნიკურ სფეროსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. სკოლაში ჩემი საყვარელი საგნები ფიზიკა და ქიმია იყო, აქტიურად ვმონაწილეობდი ოლიმპიადებსა და კონკურსებში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო კონკურსი, სადაც სკოლიდან სამი გოგონა ვიყავით წარმოდგენილი. ვაშენებდით ხიდებს საკანცელარიო ნივთებით, ვაწყობდით ძრავაზე მომუშავე პატარა „მანქანებს“ და ვასრულებდით სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებას.
ამ გამოცდილებამ პირველად სერიოზულად დამაფიქრა, რომ ტექნიკური მიმართულება ჩემთვის ნამდვილად საინტერესო იყო, მით უმეტეს, როცა გამარჯვებულ გუნდებს შორის მოვხვდით და პირველი წლის თანადაფინანსებაც მოვიპოვეთ.
უნივერსიტეტში სწავლისას ორი წლის განმავლობაში ჰუმანიტარული ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ვიყავი და სტუდენტების ინტერესებს წარმოვადგენდი. სწორედ ამ წლებში ჩამომიყალიბდა ორგანიზების, კოორდინაციისა და გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებული უნარები, რაც დღეს ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებულად მადგება”.
კარიერული გზა – გამოცდილება, რომელმაც პროფესიული მიმართულება განსაზღვრა
„პირველი სამსახურიც ტექნიკურ სფეროს უკავშირდებოდა. ეს იყო შრომის უსაფრთხოების აღჭურვილობის იმპორტიორი საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანია. თავდაპირველად ვმუშაობდი კატალოგებისა და ტექნიკური ინფორმაციის ქართულად მომზადებაზე, რაც მანამდე არ არსებობდა. ამ პროცესში პროდუქტები საფუძვლიანად შევისწავლე, რამაც საბოლოოდ გაყიდვების მიმართულებაზე (B2B) გადამიყვანა.
აქ მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის, ადმინისტრირებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით.
გარდამტეხი ეტაპი ჩემთვის მეორე სამსახური აღმოჩნდა ლიფტებისა და ამწე სისტემების იმპორტიორ კომპანიაში. დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული საინჟინრო პროცესებში: მქონდა შეხება ელექტრო და მექანიკურ კომპონენტებთან, პროექტირებასთან, სამშენებლო სპეციფიკასთან.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს სფერო ნამდვილად შემიყვარდა და მასში დარჩენა მინდოდა. შესაბამისად, HVAC მიმართულებაზე გადასვლა უკვე ბუნებრივი გაგრძელება იყო, რადგან ბევრი პროცესი ერთმანეთის მსგავსია”.
Baumer – ახალი ეტაპი, დიდი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური განვითარება
„ბაუმერში მუშაობამ პროფესიულად ძალიან გამზარდა. ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება ჰოლდინგური სტილის კომპანიაში, დიდი გუნდის მართვითა და მაღალი პასუხისმგებლობით. აქ ყოველდღიურად ვსწავლობ: იქნება ეს ადმინისტრირება, საოპერაციო პროცესები თუ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს პროცესი არასდროს არის მონოტონური და მაძლევს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას.
ჩემი, როგორც სერვისცენტრის ხელმძღვანელის მთავარი ამოცანაა გუნდის ეფექტური მართვა და ტექნიკური პროცესების ოპტიმიზაცია. სერვისცენტრი კრიტიკული რგოლია ტექნიკურ სისტემებსა და მომხმარებელს შორის – ჩვენ ვზრუნავთ დიაგნოსტიკაზე, შეკეთებაზე, პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და ინჟინრულ მხარდაჭერაზე. ყველა ამ პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და რესურსების მართვა ჩემი პასუხისმგებლობაა.
ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად მეხმარება სწორი კომუნიკაცია, დეტალებზე ორიენტირებულობა და multitasking-ის უნარი. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემპათია – სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანების პოზიციების სწორად აღქმა და ბალანსის პოვნა. მჯერა, რომ სწორედ ეს ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

ყოველდღიურ მოტივაციას ყველაზე მეტად ჩემი გუნდი მაძლევს: მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფერს დამკვეთის მხრიდან პოზიტიური უკუკავშირიც ემატება.
მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილებისა, ვფიქრობ, Baumer-ის გუნდს კორპორაციული კულტურა და განვითარებისადმი მიდგომა გამოარჩევს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ მთლიანად ბაზრის პროფესიული ზრდა. ამის კარგი მაგალითია Baumer-ის აკადემია. თავადაც მაქვს ეს კურსი გავლილი და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა ტექნიკური დეტალების უკეთ გააზრებაში.
ბაუმერი სწრაფად მზარდი კომპანიაა დიდი ამბიციებით და ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ამ განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო”.











