1
Jun
2019

ბავშვებთან ურთიერთობის რამდენიმე წესი – ნინი ჩიქოვანის #აზრები

1 Jun 2019

M2


ასე გამოვიდა, რომ ბავშვები და მათთან ურთიერთობა ჩემი ჰობია, მიუხედავად იმისა, რომ,  სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არასდროს  მიმიღია პროფესიული განათლება. თუმცა, ეს ჰობი იმდენად ძლიერია, რომ  ცხოვრების წესად მექცა და ბავშვთან ურთიერთობაში ბევრ დასკვნამდეც მივსულვარ – ჩემივე შეგრძნებებით და გამოცდილებით. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, ბევრსაც ვკითხულობდი, ბევრ საინტერესო ადამიანს ვუსმენდი და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ რაც გულიდან ამომდიოდა და რასაც გულით ვგრძნობდი, სწორედ ეს იყო ბავშვებთან ურთიერთობის ის გზა, რომელსაც ბევრი საინტერესო ადამიანი, წიგნი და ისტორია გვირჩევს.

რაკი სათქმელი დამიგროვდა, 1 ივნისთან დაკავშირებით, ვიფიქრე, გაგიზიაროთ ჩემი ბავშვებთან ურთიერთობის რამდენიმე წესი:

შექების წესი

ბევრჯერ მსმენია, რომ ბავშვი არ უნდა გაათამამო, ზედმეტად არ უნდა შეაქო, რომ თავში არ აუვარდეს და ისიც მსმენია, რომ თუ თავიდანვე ბევრს შეაქებ, მომავალში, ამ ცივ  და კონკურენტულ სამყაროში (სადაც უფროსი ეჩხუბება, სხვები ინტრიგებს ხლართავენ…) გაუჭირდება შენიშვნის მიღება, შესაბამისად,  წარმატების მიღწევაც. თუმცა, ამ მოსაზრების მიუხედავად, შექების დიდი მომხრე ვარ. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობაში. მიმაჩნია, რომ შექება ყველა ადამიანისთვის საუკეთესო მოტივაციაა. მე რომ ვიღაც შემაქებს, იმ წამსვე ათჯერ უფრო მეტის გაკეთების სურვილი მიჩნდება, რომ „გავამართლო“ შექება. ამაზე საუბრობდა შალვა ამონაშვილიც თავის სემინარზე მშობლებისათვის, რომელსაც ვესწრებოდი წინა შაბათ-კვირას. ის ამ პროცესს უწოდებს  „დაშტრიხვას“. მისი მოსაზრებით, როცა ბავშვის ხასიათში შეინიშნება რაიმე თვისების ნაკლებობა და გსურთ, სწორედ ეს თვისება  წამოსწიოთ წინ – ყოველთვის გაიკვირვეთ და გააბუქეთ ამ თვისების არსებობა ბავშვში. მაგალითად, თუ ის არ არის ცელქი (არადა, ის უნდა იყოს ცელქი, რადგან „სიცელქე“  სამომავლოდ სიმამაცეში გადაიქცევა), ყოველთვის აღნიშნეთ, როგორი ცელქი და მამაცია. თან მხოლოდ მასთან კი არა, არამედ მოუყევით მეორე მშობელს, ბებიას, ბაბუას, მეგობარს, მასწავლებელს ისე,  რომ ეს თან ბავშსაც ცალი ყურით ესმოდეს. ეს მას მისცემს ძალას, ენერგიას და სურვილს, რომ რეალურად შეიძინოს, ან უფრო განავითაროს ის თვისებები, რომელთა ნაკლებობაც დღეს აქვთ.

მე არ მიყვარს ნიშნები. მახსოვს, მთელი ბაშვობა იმდენი ნერვიულობა მაქვს გადატანილი ნიშნების გამო, რომ სულ ვამბობდი, ჩემს შვილს ისეთ სკოლაში ვატარებ, სადაც ნიშნები არ იქნება-მეთქი. მესმის, მარტო კარგი ნიშნები რომ არსებობდეს, რადგან კარგი ნიშანი იგივე შექებაა, არ მესმის ცუდი ნიშნების არსებობის აზრი. ვფიქრობ, ცუდი ნიშანი ან შენიშვნა ვერასდროს გახდება მოტივაციის წყარო.

ემოციების მიღების წესი

ასე ჩამოყალიბდა ჩვენთან, რომ ყველა ემოცია მისაღებია. შიში კარგია, რადგან შიში რომ არ ჰქონდეს ადამიანს, აქამდე ვერ მოვიდოდა, სულ მცირე,  მგელს შეაჭმევინებდა თავს, იმის ნაცვლად, რომ გაქცეულიყო და თავი დაეღწია მისგან. ტირილიც კარგია, ის ათავისუფლებს გულს სევდისგან. ცუდი ხასიათიც კარგია, აბა, სულ კარგ ხასიათზე ნორმალური ადამიანი ვერ იქნება!

მახსოვს, ილია დისნეილენდში წავიყვანეთ, ალბათ, ზუსტად 2 კვირა ვემზადებოდი, ყველა ატრაქციონი დავჯავშნე ურიგოდ  და იმის ნაცვლად, რომ ჩემი შვილის სახეზე იმ დონის გახარება შემემჩნია, როგორსაც ველოდი, დავინახე დაღლილობა და მოწყენილობა, ხმაურის და ბევრი ხალხის გამო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან რთულია, ამ დროს არ გაგიჟდე და არ უსაყვედურო ბავშვს ასეთი გამომეტყველების გამო, მაგრამ მე ყოველდღე ვსწავლობ თავის ხელში აყვანას. 😉 მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ემოციები ჩვენი ემოციებია და კარგია, თუ ბავშვობიდან ვცნობთ მათ, ვარქმევთ სახელებს და ვიღებთ ბრძოლის გარეშე. ამ დროს თავისუფლდები როლებისგან, სხვისი აზრებისგან და ხარ ისეთი, როგორიც ხარ.

სიმართლის წესი 

როგორც ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, ჩვენ არ ვზდრით შვილებს, ჩვენ ვზრდით საკუთარ თავს. როგორიც გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ, ისეთები, პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ჩვენ! ამიტომ, მე ჩემს შვილს არ ვატყუებ; რასაც ვპირდები, ვცდილობ, რომ შევუსრულო, თუ ვერ ვასრულებ, წინასწარ ვაფრთხილებ, რატომაც. მან ყოველთვის წინასწარ იცის, ექიმთან თუ მივდივართ. ვუთანხმებ, სურათს რომ ვუღებ, ვუხსნი, რატომაც  ვაკეთებთ ამასა თუ იმას. მისი სურვილის და თანხმობის გარეშე, არაფერს ვგეგმავ. ის ყოველთვის გრძნობს, რომ დიდია, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და საკუთარი თავის პატრონია. მართალია, ხშირად მისი გადაწყვეტილების გამო მიწევს სხვა უფროსებთან ბოდიშის მოხდა, სხვების წყენის გადატანა, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ჩემი შვილი თავისუფალია და მიჰყვება თავის გულს.

მოსმენის წესი 

ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ, ბევრი ლაპარაკი რომ უყვარს და  ძალიან რომ  უჭირს სხვების  მოსმენა, მოსმენის უნარს სწავლობს და სწავლობს, ხვეწს და ხვეწს, რადგან ამის გარეშე  ყველანაირი ურთიერთობა წარმოუდგენელია. ბავშვებთან ურთიერთობაში ეს ბევრად უფრო რთულია, რადგან, ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ, როგორც კი ბავშვი რამის მოყოლას იწყებს, მაშინვე შენი რჩევა მისცე, დაარიგო, როგორ მოიქცეს და გააკეთებინო ის, რასაც შენ მიიჩნევ საჭიროდ. დიდი გამოცდაა იმისა სწავლა, თუ როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ისწავლოს ურთიერთობების დალაგება, პრობლემების გადალახვა, რჩევის მოძებნა სხვა წყაროებიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს დამოუკიდებლობას. მე, ჯერ კიდევ, ამ გზის სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ როცა უკვე იცი, რა გაქვს გამოსასწორებელი, ამბობენ, ნახევარი პრობლემა მოგვარებულიაო.

თამაშის წესი

თუ გახსოვთ რობერტო ბენინის ფილმი “la vita e bella“, ის ჩემთვის ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია თამაშს ყველაზე გაუსაძლისი პირობებიც კი აქციოს პოზიტივად. საერთოდ მგონია, რომ თამაში არის ყველაფრის გასაღები. უბრალოდ, დროის უქონლობის გამო, გვავიწყდება ის, არ ვუთმობთ დროს ყველა დეტალში რაიმე პოზიტივის მოძებნას და აღარც ვხალისობთ, როგორც ბავშვობაში შეგვეძლო. არადა, თამაშს სასწაული ძალა აქვს: მას შეუძლია ბავშვი ააყენოს ლოგინიდან, როცა სკოლაში წასვლა ეზარება, დაალაგებინოს ოთახი,  ჩქარა ჩააცმევინოს ტანსაცმელი, გადაატანინოს აცრა და ოპერაციაც კი.

__________________________

გუშინ ჩემს შვილს ვუყვებოდი, რომ რამდენიმე კვირაში, მე და მამა მივდივართ მაროკოში, მის გარეშე, რაც სულ 1 ან 2-ჯერ თუ მომხდარა ცხოვრებაში. გულწრფელად ავუხსენი, რომ ეს ტური უფრო დიდებზე არის მორგებული, რადგან ყოველდღე თითო ქალაქში ვმოგზაურობთ და პატარებს გაუჭირდებათ ამ რეჟიმის ატანა, რადგან ეს დიდების ტურია.. ილიამაც გაოცებულმა მკითხა – „თუ დიდების ტურია“, შენ რატომ მიდიხარ, განა შენ პატარა არ ხარ?-ო“

ხოდა, თუ ჩემს შვილს თავის ტოლი ვგონივარ, ალბათ ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში.

 

განხილვა