ჩვენი შვილები ციფრულ მოწყობილობებთან იმაზე მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ამას მშობლები ვისურვებდით. თუმცა, ისიც გვესმის, რომ თანამედროვე სამყარომ ასეთი ტენდენცია მოგვიტანა და სულ უფრო რთული ხდება ამ კუთხით ბავშვის ქცევის გაკონტროლება. დაწესებული შეზღუდვები ხშირად არ მუშაობს და ბავშვების უკმაყოფილებასაც იწვევს, რაც შემდეგ მშობელს ურთულებს იმის ნახვას, რას უყურებს მისი შვილი, რამდენად დაცულია ამ დიდ ციფრულ ოკეანეში, სადაც თითოეული ჩვენგანი უბრალოდ პატარა თევზია. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელები მრავალ ისეთ კონტენტს მოიცავს, რომლებიც საერთოდ არაა ბავშვებისთვის რეკომენდებული. ამას გარდა, ჩვენ არ ვართ დაზღვეულნი, რომ აქ შეიძლება ისინი არ აღმოჩნდნენ კიბერ თაღლითების მსხვერპლნი.
არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რათა ჩვენ ვიყოთ მშვიდად, ხოლო ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები. კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი და „ექსპლორიუმის” დირექტორი, ოლიკო კილაძე შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გვესაუბრება და ასევე, მშობლებს გვირჩევს, თუ როგორ დავიცვათ არასრულწლოვანი შვილები ციფრულ სივრცეში.
M: ოლიკო, პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად აუცილებელია მშობელი აქტიურად აკონტროლებდეს შვილის მოწყობილობებს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს გარკვეულ ზომებს?
თანამედროვე სამყაროში ბავშვები – „ციფრული აბორიგენები“ ადრეული ასაკიდან იწყებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. ინტერნეტი მათი ყოველდღიური ცხოვრების სივრცეა, რომელიც წარმოადგენს განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის საშუალებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ამასთანავე, იგი რისკებსა და საფრთხეებს წარმოშობს ბავშვთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ბავშვები აქტიური მედიამომხმარებლები არიან, თუმცა, ამავდროულად, ისინი არ არიან ინფორმირებულნი მედიაპროდუქტების უკან არსებული გავლენის/ეფექტის ნეგატიური თუ რისკის შემცველი ასპექტების შესახებ. ჩვენთვისაც რომ ცხადი იყოს, რაზე ვსაუბრობთ, ჩამოვთვლი რისკებს:
- კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია, „კიბერგრუმინგი“, დაშინება ინტერნეტით);
- სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.);
- პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე).
შესაბამისად, მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა/ ბავშვებისათვის უსაფრთხო online გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბავშვების უსაფრთხო კონტენტზე წვდომის უზრუნველყოფა და მშობლებისათვის ადეკვატური კონტროლის მექანიზმების შექმნა.
აღნიშნული პრობლემური საკითხი, ვფიქრობ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის, ასევე გლობალური ზრუნვის საგანია. აქ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს. მისი მხრიდან კიბერჰიგიენაზე ყურადღების გამახვილება, კიბერბულინგის საწინააღმდეგო მოქმედებები, მოზარდის ინფორმირება ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დადებით და სარისკო მხარეებზე, უაღრესად მნიშვნელოვანია. საუკეთესო გზა ბავშვების ონლაინ დაცვისათვის არის ციფრული წიგნიერების კუთხით ცნობიერების ამაღლება, შვილებთან გულახდილი საუბარი, მეგობრული დამოკიდებულება და იმგვარი ქცევის წახალისება, რომლითაც მათ შეუძლიათ იამაყონ თანატოლებთან.
M: რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ, არასასურველ კონტენტს ხომ არ ეცნობიან ბავშვები და როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შევიჭრათ ბავშვის პირად სივრცეში?
მშობლის მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილება, ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა არარეალისტურია, აფერხებს მოზარდის განვითარებას და არაეფექტურია კიბერსაფრთხეების პრევენციისათვის. საბედნიეროდ, არსებობს ინტერნეტის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია ბავშვების არასასურველი კონტენტისგან, ან მავნე პროგრამებისგან დაცვა.
გთავაზობთ რამდენიმე უფასო აპლიკაციას, რომლებიც დაგეხმარებათ მართოთ და აკონტროლოთ თქვენი შვილის ონლაინ აქტივობები.
- Google Family Link – საშუალებას გაძლევთ, შექმნათ Google ანგარიში თქვენი ბავშვისთვის და მართოთ მისი მოწყობილობის გამოყენება, დააყენოთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტები და აკონტროლოთ აპლიკაციების გამოყენება. აღნიშნული აპლიკაცია უზრუნველყოფს შინაარსის ფილტრაციისა და დისტანციური ჩაკეტვის შესაძლებლობებს.
- Qustodio – გთავაზობთ გეგმას, რომელიც მოიცავს ძირითად ფუნქციებს: ეკრანის დროის ლიმიტები, აპლიკაციების დაბლოკვა, ვებშინაარსის გაფილტვრა და აქტივობის მონიტორინგი.
- Norton Family – გთავაზობთ ინსტრუმენტებს ეკრანთან გატარებული დროის მართვის, ვებფილტრების დაყენებისა და თქვენი შვილის ონლაინ აქტივობების თვალყურის დევნებისთვის. შეგიძლიათ აკონტროლოთ და დაუბლოკოთ შეუსაბამო შინაარსი/კონტენტი.
- Screen Time Parental Control – ეს აპი გაძლევთ საშუალებას, დააყენოთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტები, მართოთ აპების გამოყენება და აკონტროლოთ თქვენი შვილის აქტივობა მის მოწყობილობებზე. აღნიშნული აპლიკაცია ასევე უზრუნველყოფს ჯილდოსა და წახალისების სისტემას მოწყობილობის სწორი/ჯანსაღი გამოყენებისას.
- Kaspersky Safe Kids – გთავაზობთ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა: აპების მართვა, ვებსაიტების გაფილტვრა და ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი. ის ასევე უზრუნველყოფს ბავშვის თვალყურის დევნებას GPS-ით.
M: ბავშვები დიდ დროს ატარებენ youtube-ზე, tik-tok-ზე და სხვა არხებზე. აქვს თუ არა ამ პლატფორმებს რაიმე მექანიზმი, რომელიც ფილტრავს კონტენტს არასრულწლოვანებისთვის?
აღნიშნულმა პლატფორმებმა დანერგეს კონტენტის ფილტრაციის მექანიზმები.
მაგალითად, YouTube გვთავაზობს, როგორც კონტენტის შეზღუდვის რეჟიმს, ასევე ცალკე აპს, სახელად YouTube Kids, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექმნილი. აპლიკაცია უზრუნველყოფს ასაკის შესაბამისი კონტენტის შეთავაზებას ბავშვისთვის, ფოკუსირებულია საგანმანათლებლო და გასართობ ვიდეოებზე.
TikTok-ს აქვს შეზღუდული რეჟიმი, რომელიც ფილტრავს კონტენტს, რომელიც შეიძლება არ იყოს შესაფერისი ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის. მისი ჩართვა შესაძლებელია აპის პარამეტრებიდან. მას ასევე აქვს Family Pairing ფუნქცია, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირონ თავიანთი TikTok ანგარიში შვილის ანგარიშს, რაც მშობელს დამატებითი კონტროლის საშუალებას უჩენს, როგორიცაა კონტენტის შერჩევა და ეკრანთან გატარებული დროის მართვა.
M: როგორია თქვენი ზოგადი რეკომენდაციები ამ მიმართულებით, რას გვირჩევთ მშობლებს, როგორ შევძლოთ, რომ ბავშვები არც მოვწყვიტოთ გაჯეტებს, მაგრამ თან ისინი დაცულნი იყვნენ ყველა საფრთხისგან?
დღეს ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით აღიარებულია, რომ ბავშვების დასაცავად ონლაინ რისკებისგან საუკეთესო ინსტრუმენტია თვითრეგულირების მექანიზმები. ეს ინსტრუმენტი მიუთითებს მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე. საქართველოს რეალობისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირებმა ერთობლივად იზრუნონ ქმედითი თვითრეგულირების მექანიზმისა და ქცევის კოდექსების შემუშავებაზე; ხოლო, მეორე მხრივ, ეფექტური საფილტრო პროგრამების შემუშავების/ადმინისტრირების პარალელურად მუდმივად მიმდინარეობდეს მშობელთა, აღმზრდელთა და ბავშვთა ციფრული წიგნიერების, ციფრული ცნობიერების დონის უწყვეტი ამაღლების პროცესი.
გიზიარებთ World Vision-ის ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის:
ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 6-11 წლის ბავშვებისთვის
ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 12-18 წლის მოზარდებისთვის
ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები მშობლები და მასწავლებლებისთვის
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი