3
Sep
2019

ლევან ბახია: მიმღების საიდუმლო

3 Sep 2019

გაიხსენეთ შეგრძნება, როცა თქვენს საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, მეგობარს, ან იქნებ რიგით გამვლელსაც კი – საჩუქარი გაუკეთეთ, რაღაცით დაეხმარეთ.  თუნდაც ის მომენტი, როცა მოწყალება გთხოვეს და გაეცით. გაიხსენეთ გაცემით მიღებული სიამოვნება.

თუმცა დღეს ამ მონეტის მეორე მხარეზე – მიღებაზე მინდა რომ ერთად დავფიქრდეთ. ოღონდ, მსჯელობაში გამომყევით, ანუ, მხოლოდ წაკითხვით ნუ დაჯერდებით, ერთად ვიფიქროთ.

ზოგს შეიძლება აღიარებაც კი გაუჭირდეს, თუმცა როცა ადამიანი რაიმეს გვაძლევს, იქნება ეს ფიზიკური საჩუქარი, სიურპრიზი თუ სულიერი მხარდაჭერა, მიღების სიხარულთან ერთად, ერთგვარი დანაშაულის შეგრძნება გვეუფლება. შესაძლოა, ცოტათი გვშურს კიდეც იმ სიამოვნების, რომელსაც გამცემი იღებს, ჩვენ კი, უბრალოდ სიურპრიზით ან ნაჩუქარი ნივთით უნდა დავკმაყოფილდეთ და ამასთან ერთად, ჩვენც გვინდება, რომ გავცეთ, რომ თითქოს და ვალში არ დავრჩეთ?

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ როცა ვინმე გვეხმარება, მაშინვე შევძლოთ მას იქეთ დავეხმაროთ, რადგან შესაძლოა, მას დახმარება სულაც არ სჭირდებოდეს, ან როცა სიურპრიზი გაგიკეთეს, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამ დროს ჯიბეში სანაცვლო საჩუქარი აღმოვაჩინოთ? ერთგვარად, უძლურები და იძულებული ვართ, მივიღოთ. იმაზე ფიქრი, თუ მომავალში როგორ დაუბრუნებ მჩუქებელს ამაგს, ხელს გვიშლის, რომ ნაჩუქარით ბოლომდე ვისიამოვნოთ. მიღებით სიამოვნებას ვერც კი ვირგებთ.

წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც ცოლმა ქმარს საღამოს სურპრიზი დაახვედრა რაიმე ფორმით, ხოლო ქმარი იმაზე დარდობს, რომ კაი ხანია ყვავილები არ მიუტანია მისთვის.  ვერც ყვავილებს გააჩენს უცებ რომ ვალში არ დარჩეს, და აღარც ის უნარი აქვს, რომ გემრიელი სადილი შეირგოს.

მაგრამ რა იქნებოდა, თუკი შევამჩნევდით რომ არის რაღაც, რაც ასეთ მომენტებში ჩვენც შეგვიძლია რომ გავცეთ. რაც სულ თან დაგვაქვს, სულ ჩვენთან არის.  როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს საჩუქარი, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ ნაჩუქარი და ამით გავცეთ.  ანუ, მივიღოთ სრულად და ბოლომდე ის, რასაც გვაძლევენ, რამეთუ ამ მიღებით და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, ჩვენც გავცეთ.

რა გავცეთ? – მიღება.

გავცემთ იმას, რაც მას, ვინც გვაძლევს, ასე სურდა, რომ მოცემით მიეღო. საჩუქრის ჩუქნის სიამოვნება მივცეთ მას, ვინც გვჩუქნის იმ მიზნით, რომ მივიღოთ. და მერე იმან ჩვენგან მიიღოს ეს მიღება, და თავადაც მოგცეს მიღება, და მერე ჩვენ მივიღოთ მისი მიღება, და ასე შემდეგ, მუდმივად, ურთიერთმიღების უსასრულობაში აღმოვჩნდეთ.

საინტერესო ის არის, რომ ეს აზრი ცოდნისა და გამოცდილების მიღებასაც შეეხება. მარტო მატერიალურ საჩუქრებზე არაა საუბარი.  როცა ერთი ადამიანი მეორეს რაიმეს უხსნის, ის, ვინც ისმენს, ვერ ახერხებს რომ მას სრულად მოუსმინოს. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსმენისას, თუ ახალ ინფორმაციას იგებს, მასაც უნდება, რომ თავისი ახალიც დაამატოს და მანაც გასცეს – იმის ნაცვლად, რომ მოისმინოს და ამ მოსმენით გასცეს ის, რაც მთხრობელს ასე უნდა, რომ მსმენელისთვის ეთქვა. ასეთი ყურადღებით რომ ვუსმენდეთ ერთმანეთს, განა დარჩებოდა რამე სადავო? განა დარჩებოდა რამე, რასაც ერთმანეთს ვერ ავუხსნიდით?

მაგალითად მე, ვინც ამას ვწერ და თქვენ, ვინც ამას კითხულობთ – შეგიძლიათ ეს ჩემი აზრი მიიღოთ და გაიგოთ არა თქვენთვის და საკუთარი განვითარებისთვის, უკეთესობისთვის, არამედ ჩემთვის, ჩემი სიამოვნებისათვის, იმისთვის, რომ მოგეცით და გაგიჩინეთ ახალი აზრი, საფიქრალი.

ზოგი იტყვის, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ამასთან მარკეტერი რა შუაშიაო, ამიტომ, ეს ყველაფერი რამენაირად მარკეტინგსა და ბიზნესს უნდა დავუკავშიროთ, თორემ ზედმეტად თეორიული იქნება.

როცა დამკვეთთან ვურთიერთობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ის გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ გამოვხატოთ ის, რისი გამოხატვაც ამ კონკრეტულ დაკვეთას შეუძლია და მას უნდა, რომ ბოლომდე მიიღოს სწორედ ამის სიამოვნება, რომ გამოხატვაში დაგვეხმარა.

შემსრულებელი დამკვეთს, ხშირად ზერელედ უყურებს, თითქოს ის მისთვის უბრალოდ საშუალებაა, სინამდვილეში კი ვერ იაზრებს, რა ხდება. შესაძლოა შემსრულებელმა, კრეატიულმა გონებამ, ზემოდანაც კი შეხედოს იმას, ვინც მას კრეატივის გაშლის შესაძლებლობას აძლევს. და ბოლოს ისიც თქვას, რომ სწორედ კლიენტმა არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა. სინამდვილეში კი, პირველ რიგში, სწორედ მან არ მისცა დამკვეთს სიამოვნება და აღიარება, რომ ის ეხმარება მას გამოხატვაში. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. როდის გიფიქრიათ დამკვეთზე ასე?

ამასობაში, დამკვეთებსაც ნუ გაუტკბებათ, არც მათთვის არის დამახასიათებელი, რომ შემსრულებელს მოსმენის სიამოვნებას ჩუქნიდნენ. როცა სააგენტო თქვენთან მოდის და გელაპარაკებათ, მათ უნდათ, რომ წლობით დაგროვილი გამოცდილება გაგიზიაროთ, თქვენ კი მათგან მხოლოდ კლიპი გინდათ, ან პოსტერი, მერე მიდის განსჯა და მათ ან კარგებად, ან ცუდებად ახარისხებთ. გაიხსენეთ, როდის მისულხართ შემსრულებელთან იმის მისაღებად, რისი გაცემაც მას უნდა? როდის გამოგიცხადებიათ ტენდერი იმ განზრახვით გულში, რომ „მე მივიღებ არა იდეებს და შემოთავაზებებს, არამედ მათ გამოცდილებასა და ექსპერტიზას, ანუ სწორედ იმას, რისი მოცემაც მათ უნდათ ჩემთვის და ამ გამოცდილებას ასე მივიღებ, მოვუსმენ, და არა ისე, რომ უბრალოდ გამოვიყენო მათი რესურსი, ჩემი საქმის გასაკეთებლად“ – იგივე ხდება მომხმარებელთან ურთიერთობაში.

დავფიქრდეთ, რა არის ის, რასაც ვაძლევთ ჩვენს მომხმარებელს და ეს მიცემის „აქტი“ გავაკეთოთ ისე, რომ მომხმარებელმაც ისწავლოს, რომ გარდა იმისა, რომ ის მიიღებს იმ სარგებელს, რომელიც ჩვენი პროდუქტის შექმნით გავხადეთ შესაძლებელი, ასევე შეძლებს მოგვანიჭოს გაცემის სიამოვნებაც. და როცა მომხმარებელი მიხვდება, რომ ჩვენ ეს პროდუქტი მისთვის შევქმენით და თუ ის მოიხმარს კიდეც, გამოდის, რომ თავად მომხმარებელიც მიიღებს გაცემის სიამოვნებას და ჩვენს ჯაფასაც აზრი მიეცემა – ანუ, ის იღებს და ამ მიღებით, გვაძლევს.

ეს არის ბრენდინგის არსი, და არა რაღაც გრაფები და ბრენდ მეპები. ბრენდინგი არის თქვენში, თქვენ შიგნით – მარკეტერებს ვგულისხმობ და სხვა ადამიანებსაც, რა თქმა უნდა. სწორედ თქვენშია უნარი, რომ ასე შეხედოთ თქვენს ურთიერთობებს და როცა ეს უნარი გააზრებულად და გააზრების გარეშეც მანიფესტირებს კომპანიაში, მათი პროდუქტი მაგნიტივით იზიდავს მომხმარებელს.

თუ ეს არ გესმის, არა მარტო უნიათო მიმღები ხარ, არამედ გაცემითაც ვერ გასცემ ხეირიანად. რეალურად, ერთადერთი გზა, რომ უანგაროდ გასცე, არის ის, რომ გესმოდეს, მხოლოდ მიმღების მიერ მიღების შემთხვევაში ღებულობთ გაცემის სიამოვნებას.

ერთ ჩემს მეგობარს დახმარება დასჭირდა და მთელი საზოგადოება დაეხმარა. სჯობდა, არ დახმარებოდნენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ახლა ყველას მიმართ ვალში გრძნობს თავს.

გაიხსენეთ, ვინმეს როცა რაიმე კარგს უკეთებთ და ის რომ გეუბნებათ „შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ“, ან „ამ ამაგს ვერასდროს დაგიბრუნებ“, ან „მუდამ შენი მადლიერი ვიქნები“, რას გრძნობთ? რას გრძნობს დედა, რომელმაც შვილი გაზარდა და ახლა, შვილის ჯერია მოუაროს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამაგი დაუბრუნოს? ან შვილი რას გრძნობს როცა ამაგს აბრუნებს იმის გამო რომ ვალში გრძნობს თავს? რა იქნებოდა რომ მშობლებსაც და შვილებსაც ესმოდეთ რომ მართალია მშობლებმა ამაგი გაწიეს როცა შვილი პატარა იყო, მაგრამ მათ შვილის აღზრდის სიამოვნება მიიღეს ამით?

ფაქტი კი ისაა, რომ მიღებულის გაცემა ძალზედ მარტივია და ამის სწორი გზა შერგებაა. გამცემისთვისაც და მიმღებისთვისაც, ასე სჯობია.

 

ლევან ბახია – Marketer.ge-ს კონტრიბუტორი

განხილვა