in

ბაირაქტარი – “ჩიტი”, რომელიც რუსეთს ციდან ჯოჯოხეთს უწყობს!

მიმდინარე ომის კადრებს ალბათ თქვენც ჩვენსავით აკვირდებით და აუცილებლად შენიშნავდით, როგორ ანადგურებდა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის გრძელ სამხედრო კოლონებს, რომლებიც უკრაინაში იჭრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, Bayraktar TB2-ის თავდასხმას ათობით ოკუპანტის სიცოცხლე და აღჭურვილობა შეეწირა. სოცქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ეს თავდასხმა პირდაპირაა აღბეჭდილი და ბევრი ადამიანი აზიარებს მას, მაგრამ საინტერესოა, ვიცით თუ არა, საიდან მოვიდა “ჭკვიანი გამანადგურებლები” (ხშირად მათ დრონებად მოიხსენიებენ), რომლებიც უკრაინას ეხმარება და ვინ არის სელჯუკ ბაირაქტარი.

ბოლო წლებში ეს დრონები ცნობილი გახდა, როგორც საომარი კონფლიქტების დროს ეფექტური და ძლიერი საშუალება. ბევრი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებდა მათ შესაძლებლობებს სერიოზული სამხედრო ძალების წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, როგორც ჩანს, მათ ამ თეორიის გამოცდის შესაძლებლობა მისცა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე უპილოტო საფრენი აპარატები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროსაც გამოიყენეს 2021 წელს და მას მაშინდელი მედია ყარაბაღის დამპყრობელ Bayraktar TB2-ად მოიხსენიებდა. საზოგადოების ყურადღებაც სწორედ ამ დროიდან მიიპყრო.

გარდა ამისა, TB2-ებს დადასტურებული წარმატებები აქვს რამდენიმე მოწინააღმდეგესთან ლიბიის, სირიისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებში. 

უკრაინაში “ბაირაქტარები” პირველად სამხედრო აღლუმის დროს გამოჩნდა 2021 წლის 18 აგვისტოს.

რა არის Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატი და რაში გამოიყენება?

Bayraktar TB2 არის ტაქტიკური შეიარაღებული/უპილოტო საფრენი აპარატი, შექმნილი და დამზადებული Baykar-ის მიერ. მას უაღრესად დახვეწილი დიზაინი აქვს და ერთ სისტემაში ოპერატორისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტას ფლობს. სისტემა მოიცავს საფრენი აპარატის პლატფორმას, სახმელეთო კონტროლის სადგურს, დისტანციური ჩვენების ტერმინალსა და გაფართოებული ბაზის გენერატორს. 

Bayraktar TB2 არის საშუალო სიმაღლეზე ხანგრძლივი გამძლეობის ტაქტიკური უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს დაზვერვის, სათვალთვალო და შეიარაღებული თავდასხმის მისიები. დრონის ტიპის თვითმფრინავს სრულად ავტომატური ნავიგაცია და მარშრუტის თვალთვალის ფუნქცია აქვს. ამასთან, იგი აფრენა-დაშვებასა და პარკინგს სპეციალურად ჩაშენებული სენსორით ახორციელებს. 

საომარი მოქმედებების დროს მას იყენებენ სამიზნესთვის დარტყმის მისაყენებლად. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისას Bayraktar TB2-მა ნაწილებად დაშალა რამდენიმე რუსული კოლონა. უკრაინის საჰაერო ძალების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, თურქული წარმოების Bayraktar TB2 საფრენმა აპარატებმა დარტყმები განახორციელეს რუს ჯარებზე ხერსონის რეგიონში და ქალაქ მალინის მახლობლად, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 მილში. ამ ვიდეოკადრებს Twitter-ზეც შეხვდებით. მათში ნაჩვენებია, როგორ იღებს მიზანში რუსულ სამხედრო მანქანას უპილოტო აპარატი და როგორ ანადგურებს მას:

Bayraktar TB2-ის ისტორია – სად და ვინ ქმნის რუსი ძალების გამანადგურებელ თანამედროვე ტექნოლოგიას?

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ სახელწოდება “ბაირაქტარი” ამ აპარატებს შემთხვევით არ ჰქვია. ჭკვიანი გამანადგურებლები, რომლებიც ამჟამად უკრაინას მტრისგან იცავენ, თავისი შემქმნელის, სელჯუკ ბაირაქტარის სახელს ატარებენ. 

თურქი ინჟინერი, რომელიც აგრეთვე თურქეთის პრეზიდენტის სიძეცაა, თავისი იდეის განხორციელებას პატარა სახელოსნოდან შეუდგა, სადაც პატარა თვითმფრინავების აწყობა უნდოდა. მისი პირველი პროექტი იყო Bayrakdar Mini, რომელიც ერთი საათი ძლებდა ჰაერში 15 კმ-ზე. 

Bayraktar TB2 უპილოტო დრონებზე მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. 2014 წლიდან ამ საქმეში ჩაერთო თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო და იმავე წელს პროექტი შეიარაღების სიაში შეიტანეს. როგორც იდეის ავტორი ამბობს, ისინი ძალიან ეფექტური იყო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში და თურქეთის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ოპერაციებში.

2010 წლამდე თურქეთს ადგილობრივი წარმოების უპილოტო დრონი არ ჰყავდა და მას ისრაელში ყიდულობდა. სელჯუკ ბაირაქტარი ყვება, რომ ეს აპარატები ავტომატურად ასვლა-ჩამოსვლასს ვერ ახერხებდნენ და ისრაელის მფრინავები, საკონტროლო მოწყობილობის საშუალებით, ეხმარებოდნენ აპარატს აფრენა-დაფრენაში. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბაირაქტარმა დაიწყო ადგილობრივად წარმოებულ თვითმფრინავ-დრონზე მუშაობა, რომელსაც ეს ფუნქციაც ექნებოდა. 

ახალგაზრდა ინჟინერი ამბობს, რომ თურქეთის მიერ წარმოებული Bayraktar TB2 მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დრონია, რომელიც 16 ქვეყანაში მოქმედებს, შეუძლია 27 საათი გაატაროს ჰაერში და აღჭურვილია ჭკვიანი და მგრძნობიარე სამხედრო მოწყობილობებით. გარდა ამისა, მას შეუძლია გადააადგილოს 130 კილოგრამი ტვირთი.

თურქული უპილოტო აპარატების ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ რადარებით მათი აღმოჩენა ძნელია და დიდ წარმატებას მიაღწიეს ტანკებისა და თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ იმ ადგილებში, სადაც ისინი გამოიყენეს. 

საინტერესოა ისიც, რომ სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, თურქეთის ოფიციალური პირები თვლიდნენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები შეიძლება ეფექტური იყოს რუსული სამხედროების წინააღმდეგ. ეს იკითხება TB2-ის ჩანაწერზე სირიაში, მთიან ყარაბაღსა და ლიბიაში რუსული წარმოების სხვადასხვა იარაღის განადგურების შესახებ – კერძოდ, პანცირის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც დაცინვის საგანი გახდა თურქული დრონების ვერ ჩამოგდების გამო.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს, მათ შორის ჩვენც, საქართველოდან, რადგან მოძმე ერს საერთო მტრის დამარცხებაში ვგულშემატკივრობთ და ყველა ჩვენგანისთვის საინტერესოა ის მეთოდები, რომლებსაც უკრაინა ამ მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს, დაასუსტებს მის ძალებს და საბოლოოდ, ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა. დამკვირვებლები და ექსპერტებიც აქტიურად უყურებენ პროცესს და ამბობენ, რომ რუსეთის შეტევა აშკარად ვერ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, რადგან მათ საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი “ჭკვიანი” გამანადგურებლები. რასაკვირველია, ამ ომში Bayraktar TB2 ერთადერთი იარაღი არ არის და ვერც გადამწყვეტ როლს ითამაშებს, მაგრამ ბოლო ორ-სამ დღეში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ თურქეთის პატარა თვითმფრინავების სახელოსნოში დაწყებული პროექტი დღეს, ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში უდგას გვერდით უკრაინულ ძალებს და ეხმარება მტერზე ეფექტურ თავდასხმაში.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საქართველოს პირველი არხი – “ჩვენ უკრაინისთვის”

მარკეტერები რუსეთს საინფორმაციო ომს უცხადებენ