in

როცა ხელოვნება მიდის ხალხთან – ოლეგ ტიმჩენკოს ბაზრის აქცია-გამოფენა


წარმოიდგინეთ, მიდიხართ ბაზარში, ეძებთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს. ხალხი ერთმანეთში სწრაფად ირევა, თითქოს ყველას სადღაც ეჩქარება და ირგვლივ სრული ქაოსია. ამ დროს კი ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის რიგებს შორის ხედავთ ხელოვნების ნიმუშებს. გიჩნდებათ კითხვა, რატომ და რისთვის აღმოჩნდა ისინი აქ?

„ვფიქრობ, გამოფენის მოსაწყობად, ბაზარი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მუზეუმსა და გალერეას კონკრეტული სტუმარი ჰყავს, ვისაც ხელოვნება უყვარს და დროს პოულობს მისთვის… ბაზარში კი ყველა ერთიანად იყრის თავს.“ – ამბობს მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო.

დღეს კი გაიმბობთ იმ პერიოდის შესახებ, როცა ერთხელაც, 90-იანებში ყველა გალერეა დაიკეტა – ხელოვანები, საკუთარი შემოქმედებით ხელში, კარდაკეტილი შენობების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ასეთ ვითარებაში ოლეგ ტიმჩენკომ გადაწყვიტა, პერსონალური აქცია-გამოფენა ბაზარში მოეწყო. „მერე რა, რომ ყველაფერი დაკეტილია? ადექი და სხვაგან გამოფინე ნამუშევრები…ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ხელოვნება თავად მივიდეს ხალხთან, და არა პირიქით? გამოფენასაც ასე დავარქვი „თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშ მთა მიდის მუჰამედთან“. აი, ასე გადავწყვიტე პერსონალური გამოფენის მოწყობა ე.წ. დეზერტირების ბაზარში.“- ამბობს ტიმჩენკო.

ხელოვანს ცხადად ახსოვს, როგორი რეაქცია მოჰყვა ბაზარში საკვებ პროდუქტებთან ერთად ხელოვნების ნიმუშების ხილვას… იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ იცოდნენ, რა არის ნახატი და იმართებოდა ასეთი დიალოგი:

-ეს რა არის? ფოტო?

-არა, ნახატია.

-არა, ეს ნამდვილად ფოტოა!

და მხატვარი იწყებდა ახსნას, რა არის მხატვრობა. თითქოს ხელოვნება არა მხოლოდ ერთი დღით იქცა ყველას ყოველდღიურობად, არამედ რაღაც შეიცვალა მათი მხატვრობისადმი დამოკიდებულებასა და აღქმაში.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა სურათის სანაცვლოდ თანხას ან გოჭსაც კი სთავაზობდნენ, მაგრამ ოლეგ ტიმჩენკოს მთავარი მოთხოვნა ასეთი იყო – „დღეს ხელოვნება არ იყიდება! ხვალიდან ნებისმიერ დღეს მობრძანდით სადმე სხვაგან და  შეიძინეთ, რაც გსურთ, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია.“ ბაზარში, იმ კონკრეტულ დღეს, ხელოვნება იყო ყველასთვის. ყველას უნდა ენახა სრულიად უსასყიდლოდ.

რა თქმა უნდა, ბაზარში გამოფენის მოწყობა გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული… აქ ხომ არაფერია დაცული. ვერ გააკონტროლებ სხვადასხვა ადგილას განთავსებულ 30 ნამუშევარს, რომელიც შესაძლოა გაიხეს, დაზიანდეს ან მოიპარონ.„მიუხედავად ამ რისკისა, მაინც მინდოდა ხალხთან ხელოვნება მიმეტანა და ხელოვნება არ ყოფილიყო მათგან განყენებულად.“ – აცხადებს მხატვარი

მხატვარი იმასაც კი იხსენებს, როგორ უფრთხილდებოდნენ გამყიდველები მის ნამუშევრებს, რომ არ დაზიანებულიყო ან არ მოეპარათ. თითქოს ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად ხელმძღვანელობდნენ გამოფენას და ამით დროებით მაინც იქცნენ ხელოვნების ნაწილად. ხელოვანია არა მხოლოდ ის, ვინც ქმნის, არამედ ისიც, ვისაც მისი აღქმისა და დაფასების უნარი გააჩნია.

გამყიდველებთან ერთად სხვა მეგობარი მხატვრებიც ეხმარებოდნენ ოლეგ ტიმჩენკოს.ეს ის პერიოდია, როდესაც ქუჩაში დაინახავდით მარჯანიშვილის სახელოსნოდან გამოსულ მხატვრებს, რომლებიც ტრამვაის უცდიდნენ ნამუშევრებით ხელში. ბაზრის აქცია-გამოფენაშიც მეგობრები ეხმარებოდნენ მხატვარს.  მართლაც რთული იყო ბაზარში, დილაუთენია წასვლა და სურათების დაკიდება. 5 საათისთვის ჩამოკიდეს სურათები და გვიან ღამით „დაშალეს“ ექსპოზიცია.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ოლეგ ტიმჩენკო გვიყვება – „საინტერესო ისტორიაც ბევრი იყო. ერთმა კაცმა, რომელიც სავარაუდოდ ბავშვობაში ხატავდა, ჩემი აბსტრაქტული ნამუშევარი დაიწუნა. უყურებდა და ხედავდა შავ-თეთრ აბსტრაქციას… „ეს რა არის? ამას ხომ მეც დავხატავ! ეს რა მხატვარია? დაგვცინიან ხალხს?“. რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია მისმა ასეთმა უკმაყოფილებამ. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, სხვა ფიგურატიული სურათი ეჩვენებინა, იქნებ ეს მაინც მოეწონოს და დაინტერესდესო. მართლაც ასე მოხდა, იმდენად მოეწონა რეალისტურად დახატული ბეღურა და თბილისის პეიზაჟი, რომ მხატვრად მაღიარა. საღამოს დასასრულს კი ალაფურშეტიც მოაწყო.“ 

ყოველთვის მოიძებნება ხელოვნების ადგილი იქ, სადაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია. გალერეებისა და მუზეუმების დაკეტვა არ ნიშნავს, რომ ხელოვნების ნიმუშები სადღაც სხვაგან არ უნდა გამოიფინოს. ეს ყველაფერი მხოლოდ პირობითობაა…

ერთი დღით ხელოვნება მივიდა ყველასთან. გამოაღწია კონკრეტული „შესაბამისი“ გარემოს ჩარჩოებიდან და საზოგადოებაში მოულოდნელად შეიჭრა – „აი, მე აქ ვარ. იქ, სადაც არ მელით“. ბაზარში, ხორციელი შიმშილის დასაკმაყოფილებლად მისულმა ხალხმა, ესთეტიკური საზრდოც იპოვა, თუნდაც ერთი დღით.

ავტორი: ქეთია ბელქანია


Window Project-ში როზმარი ტროკელის გამოფენის ნახვას 25 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით შეძლებთ

როგორ მოვერგოთ სპონსორს? – ჩეხური ფეხბურთი, ლუდი და პლზენის „ვიქტორია“