in

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა

პროექტის ინვესტიცია, დაახლოებით, ₾18 მილიონია

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა. უნიკალური პროექტი კომპანია „მერკადომ“, თიბისის მხარდაჭერით განახორციელა და მისი ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით, ₾18 მილიონია.

თბილისის ბაზრები ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ქალაქის ისტორიაზე, კულტურაზე, ქართულ ხასიათსა და ტრადიციებზე ჰყვება. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, მე-19 საუკუნიდან მოქმედ ბაზრის შენობას, რესტავრაცია ჩაუტარდა. 3 სართულზე, 10 000 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე აგრარული ბაზარი და კვების სივრცეები შეიქმნა.

„ბაზარი ორბელიანზე“ – ახალი სიცოცხლე 

„ბაზარი ორბელიანზე“, პირველად, 1886 წელს გაიხსნა და იმდროინდელი თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი იყო. მისი მეორე სიცოცხლე 1952 წლიდან დაიწყო, როცა იმ ეპოქის შესაბამისად, კოლმეურნეობის ბაზარი გახდა. 2004 წელს ამ ადგილზე ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. ახალ სიცოცხლეს „ბაზარი ორბელიანზე“ სულ პირველ იერსახესთან მიახლოებული და დღეისთვის უნიკალური კონცეფციით იწყებს.

I სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა, სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა, წლის ბოლომდე კიდევ 60-მდე დაემატება.

II სართული ტრადიციული ქართული, კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური), იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს.

III სართულზე კი არის ტერასა, სადაც გემრიელი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებთ.

მალე კულინარიული სკოლის – „ბაზარი გასტრო სკოლა” გახსნაც იგეგმება, რომელიც დაინტერესებულ პირებს თემატური მასტერკლასების დასწრების საშუალებას მისცემს. ბაზარში ასევე იქნება სხვადასხვა სივრცე და საჩვენებელი წარმოება – კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა.

„ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.

პროექტის ფარგლებში, ასეულობით პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა.  გარდა ამისა, ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს, მსხვილ მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცირე მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავუჭიროთ მხარი. მოხარულები ვართ, რომ დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე, რეგიონის მასშტაბით, უნიკალური კონცეფციის სივრცე იქმნება, რომელიც ტურისტებს ქართულ კულინარიასა და წარმოებას გააცნობს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. 

როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან ეს არ იქნება ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი, „ბაზარი ორბელიანზე“ მთლიანად შეცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას. ეს იქნება ყოველდღიური სტუმრობის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, მიხვიდეთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, სულაც მარტო და ახალი განსხვავებული, მრავალფეროვანი პროდუქტები შეიძინოთ, ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.

[R]

Mercedes-ის საკულტო მოდელი Mercedes-Benz 300 SLR და „ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტი სერ სტირლინგ მოსი

სამი ლეგენდა სარაჯიშვილის ახალ ვიდეოში