6
May
2019

BBC ხმოვანი ასისტენტის შექმნაზე მუშაობს

6 May 2019

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC ხმოვან ასისტენტს შექმნის. The Daily Mail-ის ცნობით, BBC-ის ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც ჯერჯერობით Auntie-ს უწოდებენ, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევს Amazon-ის Alexa-სა და Apple-ის Siri-ს. ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ვერბალურად მოძიება და მიღება იქნება შესაძლებელი. როგორც მედიასაშუალების ხმოვანი ასისტენტისგან შეიძლება ველოდოთ, მისი მეშვეობით ახალი ამბების გაცნობაც რეალურია. თუმცა, რაც უკვე ცნობილია, არის ის, რომ მისი მეშვეობით ინტერნეტში არსებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოძიება, ვერბალური ბრძანების საფუძველზე შეიძლება. მაგალითად, ამინდის პროგნოზის გაგება, სერიალების ბოლო ეპიზოდების მოძიება, ავტომობილით მოძრაობის დროს ოპტიმალური მარშრუტის დადგენა.

BBC ხმოვანი ასისტენტის გამოშვებას შემდეგი წლის ბოლომდე გეგმავს. საგულისხმოა, რომ Auntie-ს გამოყენებას დასაწყისისთვის, გაერთიანებულ სამეფოში შეძლებენ. მისი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონზე იქნება შესაძლებელი და არამხოლოდ, მის გამოყენებას Smart TV-ს მომხმარებლებიც შეძლებენ.

აღმოჩნდება თუ არა ეს პრეცედენტი, რომელიც მედიის განვითარების შესაძლო გზას გვიჩვენებს? ერთი ცხადია, თანამედროვე სამყაროში მედია სულ უფრო აქტიურად ცდილობს გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეტიც, უკვე ვხედავთ, რომ ცდილობს თვითონ გახდეს ამა თუ იმ ტექნოლოგიური პროდუქტის ავტორი. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური გიგანტები (მაგ, Apple) მედიის როლს ირგებენ – ქმნიან სერვისებს, რომლებიც ინფორმაციის მიწოდებასა და შოუების მომზადებაზეა ორიენტირებული.

განხილვა