in

BBC რუსეთსა და უკრაინაში მაუწყებლობისთვის მოკლეტალღურ რადიოს გამოიყენებს

მსოფლიოში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები ინფორმაციის მიწოდების მრავალ ვარიანტს გვთავაზობს, სადაც სხვა თუ არაფერი, მობილური ტელეფონი მოსახლეობის უმეტესობას აქვს, BBC მე-20 საუკუნის რადიოტექნოლოგიას იყენებს… დიახ, BBC მაუწყებლობას მოკლეტალღური რადიოს საშუალებით დღეში ოთხი საათის განმავლობაში განაახლებს. ამის მიზეზი კი კონფლიქტური ზონებისთვის — რუსეთისა და უკრაინისთვის ინფორმაციებზე წვდომის უზრუნველყოფაა.

შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მრავალი მიზეზი აქვს. მოკლეტალღური რადიო “AM” რადიოების ძველი ვარიანტია, რომელიც აუდიო სერვისების მიწოდებისთვის დაბალი სიხშირის რადიოტალღებზე მუშაობს. ის თანამედროვე ციფრულ ტელევიზორებსა და სატელეკომუნიკაციო სერვისებზე უფრო მარტივ ფორმადაც ითვლება, რადგან ფართოდ არის ხელმისაწვდომი და დიდ დისტანციებზე მუშაობს.

გარდა ამისა, ტრადიციული ტელევიზია და რადიო ინტერნეტ-სერვისებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისგან ძალიან განსხვავდება. ტრადიციული სამაუწყებლო რადიო სერვისების მიღება თუ მოსმენა ყველას შეუძლია, ვისაც მიმღები აქვს.

ხოლო მათი პოვნა, ვინც თუნდაც აკრძალული მედიების ინფორმაციებს მოკლეტალღური რადიოს დახმარებით ისმენს, შეუძლებელია, რადგან იგი კვალს არ ტოვებს. ინტერნეტზე-დაფუძნებული სერვისებით კი არა მარტო ადგილმდებარეობის დადგენა, არამედ სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი კონტენტის შემოთავაზებაც შესაძლებელია. მეტიც, მაღალი მოხმარებისა თუ კიბერთავდასხმების გამო შეიძლება, მისი გამოყენება საერთოდ ვეღარც შეძლოთ…

რადგანაც რადიო გადაცემის დაბალ სიხშირეებს იყენებს, სიგნალებს ბევრად უფრო შორს მიღწევა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიებსა და მობილურ ტელეფონებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ BBC კონფლიქტის ზონაში მაუწყებლობას ადგილობრივი ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე შეძლებს. მეტიც, დაბალი სიხშირის სიგნალი შენობებსა და სარდაფებში უკეთესად აღწევს, თუნდაც იგი შორიდან იყოს გადაცემული. ეს კი დიდი ალბათობით, თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება.

გარდა ამისა, მოკლეტალღური რადიოები ენერგოეფექტურია. მის ამუშავებას ჩვეულებრივ ბატარეაზე, მანქანებზე, ქარისა თუ მზის ენერგიაზეც კი შეძლებთ. ეს კი მაშინ, როცა მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებს დამუხტვისთვის უამრავი ინფრასტრუქტურა სჭირდება, როგორიცაა მაგალითად, ანძები, ელექტროენერგია და ბოჭკოვანი ქსელის კავშირები. ტელეფონებისგან განსხვავებით კი, მოკლეტალღური რადიოების დაბლოკვაც მეტად რთულია… 

სწორედ ამ მიზეზების გამო, BBC-ს მოკლეტალღური რადიოს გამოყენება კრიზისულ სიტუაციებში ძალიან სასარგებლოდ მიაჩნია. გამოდის, კონფლიქტურ გარემოში, ხანდახან ძველი ტექნოლოგიები უფრო ადვილი და მოსახერხებელია, ვიდრე მისი თანამედროვე ალტერნატივები. 

დაჩი ჭოლაძე – #პირველისამსახური

Google უკრაინის მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების შესახებ წინასწარ ამცნობს