4
Feb
2019

სტუდენტური ოლიმპიადისთვის “BC Challenge” რეგისტრაცია გამოცხადდა

4 Feb 2019

ბრიტანული ცენტრის (British Centre) სტუდენტური ოლიმპიადის “BC Challenge” 2019 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა. აღნიშნული ოლიმპიადა პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. BC Challenge-ის მიზანს წარმოადგენს როგორც ინგლისური ენის პოპულარიზაცია, ისე ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და მათი მოტივაციის ამაღლებაც.

mBank QR
mBank QR

 

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

„ინგლისური ენის სტუდენტური ოლიმპიადა BC Challenge უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში, რადგან ქვეყნის ფარგლებში, მასშტაბურობით მას ანალოგი არ აქვს. მოგეხსენებათ, ტესტირებები ტარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა, ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერი უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

სტუდენტებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ოლიმპიადის საპრიზო ფონდი, კერძოდ: ფინალური ტურის საუკეთესო  სამეული ჯილდოვდება 2500, 2000 და 1500 ლარიანი ფულადი პრემიებით.

მთავარი პრიზების გარდა, აღსანიშნავია, ოლიმპიადის გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების უნიკალური სისტემა, კერძოდ: სხვადასხვა სახის პრიზებით ჯილდოვდებიან ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც ვერ გადალახავენ ტურიდან ტურში გადამსვლელ მინიმალურ ზღვარს, თუმცა, იმ კონკრეტულ ტურში, სხვა მონაწილეებთან შედარებით, დააგროვებენ ქულების მაქსიმალურ რაოდენობას. დაჯილდოების ასეთი სისტემა ემსახურება ოლიმპიადის მთავარ მიზანს –  ინგლისური ენის პოპულარიზაციას და სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ, ფაქტობრივად, ინგლისური ენის ნებისმიერი დონის მქონე სტუდენტებს, რადგან მათ, ვისაც ჯერ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება ესაჭიროებათ, ეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა, მოიპოვონ ჩვენთან სწავლის ერთწლიანი დაფინანსებები.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბრიტანული ცენტრი ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს სთავაზობს ანაზღაურებად სტუდენტურ დასაქმებას, ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის სწავლასთან ერთად სამსახურებრივი გამოცდილების მიღება, ამასთან, საკუთარი შემოსავალი და ფინანსური დამოუკიდებლობა.“

გვანცა ციცქიშვილი (2018 წლის სეზონის II ადგილის მფლობელი):

მგონი პირველი თუ არა, მეორე კლასიდან ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადებში და საკმაოდ ხშირად ვიმარჯვებდი კიდეც. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ჩავთვალე, რომ ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი დამთავრდა. გარდა იმისა, რომ პრიზებზე მწყდებოდა გული, თვითონ ჩვეული პროცესიც დამაკლდებოდა, რომ არა BC Challenge-ი. მახსოვს, როგორც კი წავაწყდი რეკლამას ფეისბუქზე, მაშინვე დავრეგისტრირდი. სტუდენტებს ალბათ მოსწავლეებზე მეტადაც სჭირდებათ მსგავსი “დამატებითი შემოსავლის წყაროები” და 2500, 2000 ან 1500 ლარის საკუთარი ძალისხმევით და მცირე დროის ხარჯზე მოპოვება ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, მე ნამდვილად ძალიან გამიხარდა 2000 ლარის მოგება. მართალია, სრული ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ერთჯერადი პრიზები საკმარისი არ არის, მაგრამ ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია (პირადად მე, საპრიზო თანხით პირველად დავიფინანსე საზღვარგარეთ მოგზაურობა ჩემით). მაინც, ყველაზე მეტად ალბათ ის მომწონს, რომ ბრიტანული ცენტრი გამარჯვებულ მონაწილეებს შემდგომ თანამშრომლობას სთავაზობს – ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა რეალურად ფასდება.

2019 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია სრულდება 2019 წლის 1 მარტს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.bcchallenge.ge

[R]

განხილვა