BCards კომპანია „ბილაინის“ აპლიკაციაა, სადაც, სხვადასხვა დაგროვებითი და ბონუს ბარათია თავმოყრილი. შესაბამისად, მომხმარებელს აღარ მოუწევს მათი ცალ-ცალკე ტარება, რაც მოსახერხებელი და კომფორტულია. 
„ბილაინის” ტრანსფორმაციის მთავარი ოფიცერი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ BCards კომპანიის კორპორატიული ღონისძიების „დიჯითონის” ფარგლებში, თანამშრომლებმა ხათუნა რაზმაძემ, ნინო თვაურმა, სანდრო სალარიძემ, ვოვა ვართანოვმა და იური ტიგიევმა შექმნეს. პროექტი გამარჯვებულებს შორის მოხვდა და შემდეგ „ბილანის” გადაწყვეტილებით, კომპანიის ბაზაზე განხორციელდა. აპლიკაცია განკუთვნილია, როგორც iOS სისტემის, ისე ანდროიდისთვის.
აღსანიშნავია, რომ „დიჯიტონი” „ბილანიში” ყოველწლიურად ტარდება და კორპორატიული ღონისძიება – 24 საათიანი უწყვეტი ინოვაციური მარათონია, რომელიც შთაგონებულია ჰაკათონის ფორმატით და კომპანიაში „დიჯითალ” კულტურის განვითარებაზე, ინოვაციური პროდუქტის შექმნასა და თანამშრომელთა იდეების დანერგვის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, Digiton-ის მონაწილეები არიან იდეებითა და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს, პასუხობენ ტრანსფორმაციის მოთხოვნებს, მზად არიან გუნდური მუშაობისა და პერსონალური პასუხისმგებლობისთვის, არ ეშინიათ სირთულეების და მზად არიან მიიღონ ნებისმიერი გამოწვევა.
რევაზ კოპალაძე: BCards არის სტარტაპი, რომელიც ჩვენ კომპანიის „დიჯიტონის” ფარგლებში შეიქმნა. ის, ბილაინის პროდუქტია. ყოველწლიურ კონკურსში, საკუთარი სურვილის მიხედვით, თანამშრომლები წარადგენენ პროექტებს, რომლებიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიისთვის. პირობების თანახმად, ეს უნდა იყოს ახალი, ინოვაციური და ციფრული პროდუქტი. კონკურსანტები, ძირითადად, ვებგვერდებსა და სატელეფონო აპლიკაციებს წარადგენენ. მათ ყოველთვის იციან, რა მოთხოვნებია ბაზარზე და, თავიანთი ნამუშევრებით, ცდილობენ, ეს საჭიროებები დააკმაყოფილონ. წლევანდელ „დიჯიტონში” რამდენიმე პროექტმა გაიმარჯვა, მათ შორის იყო BCards.

რა არის BCards?
აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ლოიალობის და ბონუს ბარათი. ყველა მათგანის ტარება ძალიან მოუხერხებელია. არა და ფასდაკლების მისაღებად, ან ქულების დასაგროვებლად, როგორც წესი, საჭიროა მათი წარდგენა. ამიტომ გადაწყდა, შექმნილიყო ისეთი აპლიკაცია, სადაც ყველა ეს ბარათი იქნებოდა თავმოყრილი. BCards არის ელექტრონული საფულე, რომელიც აერთიანებს QR და BAR კოდიან ბარათებს. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, სადაც „ჩაშენებულია” დაგროვებითი და ლოიალობის ბარათების კატალოგი. მისი საშუალებით, პინი პირდაპირ უკავშირდება QR/BAR კოდს, რომელსაც „ასკანერებს” მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას, საკმაოდ მეგობრული „ინტერფეისი” აქვს. მომხმარებელს შეუძლია თავად დაახარისხოს, რომელი ბარათს უფრო ხშირად იყენებს და რომელია მისი ფავორიტი. აქვე, არის ნეიტრალური ღილაკი. თუ კატალოგში არ არის კონკრეტული კომპანია, მომხმარებელი „ასკანერებს” QR ან BAR კოდს და ამ ღილაკის საშუალებით არქმევს სახელს. ამ ეტაპზე, BCards არის ძალიან მარტივი და „სმარტ” პროდუქტი.
როგორ განვითარდება BCards?
პროექტი ახლა საწყის ეტაპზეა. გრძელვადიან პერსპექტივაში, დაგეგმილია ამ პროდუქტის განვითარება. სამომავლოდ, BCards-ის განვითარება ითვალისწინებს ისეთ ბარათებსაც, რომლებსაც QR და BAR კოდები საერთოდ არ აქვს. ეს იქნება გარკვეული პარტნიორული შეთანხმებები ბონუს ბარათების მფლობელ კომპანიებთან. მუდმივად ვაკვირდებით, რამდენმა ადამიანმა გადმოიწერა ჩვენი აპლიკაცია და რამდენი მოიხმარს მას. თუ დავინახავთ, რომ არსებობს ამის მოთხოვნილება და საჭიროება, უახლოეს მომავალში, მაქსიმალურად განვავითარებთ პროდუქტს. იმ კომპანიებისთვისაც, რომლებსაც ესა თუ ის ბონუს ბარათი აქვს, ერთგვარი, საკომუნიკაციო არხი იქნება. გარკვეული განვითარების ზედა ზღვარზე, შეძლებენ თავისი ბარათის ქვეშ, მომხმარებელს მიწერონ კონკრეტული ინფორმაცია, შეთავაზებებზე, აქციებზე და ა.შ. თუ გვექნება დადებითი გამოხმაურება, დროულად გამოვასწორებთ მათ მიერ აღმოჩენილ შეცდომებს და იქნება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ინვესტიციასაც განვახორციელებთ ამ პროდუქტში. მომავალში, შესაძლოა, კოდის „დასკანერება” საერთოდ აღარ იყოს საჭირო და პირადი ნომერის საშუალებით აიტვირთოს ყველა ბონუს ბარათი. ამისთვის, აუცილებლად უნდა ვიგრძნოთ და დავინახოთ შესაბამისი მოთხოვნა. როდესაც ხედავ, რომ პროდუქტის განვითარების მოთხოვნა არსებობს, მეტი ენთუზიაზმით ხარჯავ ფულს და, რა თქმა უნდა, შედეგიც არის. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ პროექტი არც ისე პოპულარულია , ფულს და ძალისხმევას ტყუილად დახარჯავ. ამიტომ, უკეთესია, თავიდანვე იცოდე რეალობა.

ვის ეკუთვნის აპლიკაციის „ფროდაქშენი“ ?
„ფროდაქშენი“ ციფრულ კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის. გვინდოდა ცნობილი და წარმატებული კომპანია, რომ ამ აპლიკაციას თავიდანვე კარგი რეპუტაცია ჰქონოდა. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ Leavingston. როცა აპლიკაციის განვითარებაზე იქნება საუბარია, დიდი ალბათობით, ისევ მათთან ვითანამშრომლებთ.












