24
Dec
2019

BDO ხევსური ბავშვების მხარდასაჭერად

24 Dec 2019

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ბიდიომ საახალწლო ბაზრობა ჩაატარა. კომპანია უკვე მე-2 წელია, “მთის ამბებთან” ერთად, ბარისახოში არაფორმალური განათლების ცენტრის მოწყობის პროექტზე მუშაობს. საახალწლო ბაზრობა ამ პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტისთვის დამატებითი თანხების მობილიზებას. ბაზრობის ფარგლებში, 3523 ლარი შეგროვდა, რომელიც მთლიანად ცენტრს მოხმარდება.

 

არაფორმალური განათლების ცენტრი ბარისახოს თემში (მოიცავს პირაქეთა ხევსურეთის 35 სოფელს) მცხოვრები მოზარდებისთვის არსებული რეალობის შეცვლას, უკეთესი განათლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და იმ რესურსებთან ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, რაც თანამედროვე მოზარდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო როგორც ბიდიოს თანამშრომლების, ასევე კომპანიის მეგობრების ნამუშევრები:

“გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც გაიზიარა პასუხისმგებლობა, საგანგებოდ მოემზადა, ჩაერთო პროექტში და მთელი დღის მანძილზე ზრუნავდა განსაკუთრებული განწყობის შენარჩუნებაზე. ჩვენი უდიდესი მადლობა სასტუმროს MOXY Tbilisi, რომელმაც საახალწლო ბაზრობისთვის სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო სასტუმროს სივრცე და გამოგვიყო გულისხმიერი პერსონალი დასახმარებლად. ბიდიოს საახალწლო ბაზრობას ესწრებოდნენ ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც არაფორმალური განათლების ცენტრის მთავარი ბენეფიციარები არიან. გვიხარია, რომ მათთვის ცოტა განსხვავებული გარემო შევქმენით, გავაცანით კეთილი ადამიანები და ემოციებით დატვირთული დავაბრუნეთ შინ” – ამბობს ქეთი მაჭარაშვილი, ბრენდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

“ბიდიოში გვჯერა, რომ ცხოვრება იმისთვის ღირს, რომ ადამიანები ერთმანეთს დავეხმაროთ მიზნების და სურვილების ასრულებაში. იმედი გვაქვს, უკვე ჩვენი მეგობარი ხევსური ბავშვები სხვანაირად შეხედავენ თავიანთ თავს, შესაძლებლობებს, რომელიც მათთვის არსებობს, ადამიანურ ურთიერთობებს და დაისახავენ საინტერესო, ნამდვილ მიზნებს ცხოვრებაში. ჩვენ კი გაგვიხარდება, თუ თავის მხრივ სურვილი გაუჩნდებათ, რომ თვითონაც დაეხმარონ და მხარში ამოუდგნენ სხვებს. საბოლოო ჯამში ხომ ესაა, რაც დედამიწას ატრიალებს.”

„მოზარდებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მხარდაჭერა ბიდიოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. არაფორმალური განათლების ცენტრი ბარისახოში არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო პირობების შექმნას ადგილობრივი მოზარდების განათლებისა და განვითარებისთვის. პროექტი ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რადგან ხევსურეთის საცხოვრებელი პირობებისა და მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით, მთა იცლება. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევის პროცესში, ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია“, – აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

[R]

განხილვა