31
Dec
2019

8 რჩევა, რომ 2020 წლიდან, საკუთარი თავის მიმართ უფრო კეთილი გახდე

31 Dec 2019

როგორი იყო 2019? რას შევცვლიდით? რას არ შევცვლიდით?

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ამაზე ფიქრს, მოდით, იმაზე ვკონცენტრირდეთ, 2020 წელს, როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის მიღება ისეთი, როგორებიც ვართ, როგორ დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, ჩვენი მიღწევების აღიარება, დანაშაულის არომატის მქონე განცდებით სიამოვნება და სხვებთან საკუთარი საზღვრების დაწესება.

გიზიარებთ 8 რჩევას:

საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმე
განცალკევება, განმარტოება ადამიანებს გვჭირდება. ეს მომენტი გვეხმარება, ნეგატიურ ემოციებსა და გამოცდილებებთან გამკლავებაში, რასაც ვეძახით ხოლმე სტრესსა და გადაღლას.

განმხოლოების არჩევანი დაგვეხმარება ჩვენი სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესებაში, შემოქმედებითი უნარებისა და თავდაჯერებულობის გაზრდაში. ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, განმარტოების დროს საკუთარ თავს სხვებთან ურთიერთობებისთვის ვამზადებთ.

გამონახე დრო არაფრის კეთებისთვის
დაუსრულებელი საქმეები. გადარბენაზე ყოფნა. დღეს, ჩვენმა უმრავლესობამ ძალიან დაკავებულების სტატუსი მოვირგეთ. მაგრამ დროა, ამ იარლიყს დავემშვიდობოთ. იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია შფოთვით აშლილობასა და სტრესთან დაკავშირებული დაავადებების გაზრდაზე.

ამ სიგიჟიდან გამოსავალი კი, არაფრის კეთებაა.

პარადოქსულია, რომ უსაქმურობა პროდუქტიულობის შესანიშნავი ინსტრუმენტი შეიძლება, იყოს. თუმცა კი, ისიც ლოგიკურია, რომ „თუ ჩვენი ენერგია სრულიად გახარჯულია, ის პროდუქტიულიც ვერ იქნება“, – განმარტავს კრის ბეილი, პროდუქტიულობის ექსპერტი და ავტორი წიგნისა „ცხოვრება პროდუქტიულობისა“.

გამოსავალი იპოვე მარტივ და უშუალო ურთიერთობებში 
სოციოლოგი მარკ გრანოვეტერი ასეთ ურთიერთობებს სუსტ კავშირებს არქმევს, როგორიცაა მეზობლებთან, ჩვენი უბნის კაფე-ბარის ბარისტასთან, პარკში ძაღლის პატრონთან ურთიერთობის დამყარება. და ასეთ კავშირებს პოზიტიური გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე, ვინაიდან, ჩვენ ამით საკუთარ თავს შესაძლებლობას ვაძლევთ, სხვა სოციალურ ჯგუფებს დავუკავშირდეთ, უფრო ემპათიურები გავხდეთ. და რაც უფრო მეტი ასეთი სუსტი კავშირი გვექნება, მით უფრო ბედნიერიები ვიქნებით, ირწმუნება ერთ-ერთი კვლევა.

ისწავლე მომენტით სიამოვნება
ყველას გამოგვიცდია, ალბათ, ხომ მოცემულ მომენტში არსებული სიტუაციით რომ ვერ ვიღებთ სიამოვნებას იმიტომ, რომ მაგალითად, გამოცდის ქულას ველოდებით და მისგან არც ისე კარგი მოლოდინები გვაქვს?! ჟურნალში EMOTION გამოქვეყნებულ მასალაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სტუდენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ თავიანთი ნამუშევრებისთვის გამოცდაზე დაბალ ქულას მიიღებდნენ, შედეგების გაცნობამდე დღეებშიც ცუდად გრძნობდნენ თავს.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ ყველა პოტენციურ გამოწვევას იდეალურად ვერ გავუმკლავდებით. „ნეგატიური მოვლენების განუსაზღვრელი რიცხვი არსებობს, რომელიც აუცილებლად მოხდება და არ არსებობს გზა, რომლითაც ადამიანებს, ყველა ამ მომენტის წინასწარ განჭვრეტა შეგვეძლება“, – ამბობს მიშელ დუგასი, კვებეკის უნივერსიტეტის პროფესორი.

სიამოვნება, რომლის გამოც დანაშაულის გრძნობა გაქვს
ტელესერიალი, წიგნი, მუსიკა თუ თამაში, რომელიც ვიცი, რომ კარგი არ არის, მაგრამ გვსიამოვნებს მისი ყურება, წაკითხვა თუ მოსმენა – ესაა ჩვენი, როგორც დამნაშავის სიამოვნება, რომელსაც სხვები არაჯანსაღ საკვებად მიიჩნევენ ჩვენს მედიადიეტაში. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ ამის გამო? ჩვენ თავისუფლები უნდა ვიყოთ იმაში, რაც მოგვწონს.

დანაშაულის შეგრძნება მაშინაც გვეუფლება, როცა დასვენების შესაძლებლობა გვაქვს და მას მაინც რაღაც პრობლემიდან გამოსავალზე ფიქრში ვატარებთ. მუდმივად რაღაც პრობლემაზე გადაჭრის ფიქრი ბედნიერების მომტანი არ არის.

ჩვენ გვეკუთვნის დრო მენტალური შესვენებისთვის. და ეს დრო საერთოდ არ ნიშნავს ინტელექტუალურ ფოკუსირებას რაიმეზე, რომლის შემთხვევაშიც პრობლემის გადაჭრის რეჟიმზე უნდა ვიყოთ მომართულები. მოდით, შევისვენოთ! ეს დრო ჩვენს პროდუქტიულობის უნარს გააუმჯობესებს და დაგვეხმარება, რომ სხვებთან უფრო სასიამოვნო ურთიერთობები გვქონდეს.

ისწავლე კომპლიმენტების მიღება, საკუთარი თავისგანაც
დიდი გამარჯვების შემდეგ, ცოტა უხერხულობას ვგრძნობთ? არ გვინდა, ქედმაღალი გამოვჩნდეთ სხვების თვალში, ხომ?

უხერხულობა გასაგებია, მაგრამ რაღაც პოზიტიური იმპულსის მიღება ტვინისთვის ძალიან კარგია და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია, რომ უფრო დიდი გამოწვევები გადავლახოთ. კომპანიები შექებას პროდუქტიულობის გასაზრდელად მიმართავენ ხოლმე, ექსპერტები კი ამბობენ, რომ პოზიტიური ხედვის შესანარჩუნებლად ფსიქოლოგიური ზეგავლენა შეამცირებს სტრესს და წაახალისებს უკეთეს ჩვევებს.

და თუ მაინც ვერ ვგრძნობთ თავს კომფორტულად კომპლიმენტის მიღებისას? – შეგვიძლია, გარეგან იმპულსებზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. ვცადოთ, ძირითადი ფსიქოლოგიური სარგებელი საკუთარი თავისგანვე მივიღოთ და კონკრეტული მიღწევებით ჩვენვე ვიამაყოთ.

მიიღე განმეორებითი გამოცდილებების მოულოდნელი სიხარულები
სიახლე ძალიან კარგია, თუმცა ამბობენ, რომ რაღაც სასიამოვნოს კიდევ რამდენჯერმე გამეორება – კიდევ უფრო. იმიტომ, რომ პირველი გამოცდილების შემთხვევაში, შეიძლება რაღაც ისეთი ნიუანსები გამოგვრჩეს, რასაც რეალურად, ჩვენი კიდევ უფრო გაბედნიერება შეუძლია.

ამიტომ, ვცადოთ ის, რამაც ერთხელ სიამოვნება მოგვანიჭა.

გარდაქმენი შენი სინანულები თვითგანვითარებად
ბევრი ჩვენგანი ნეგატიური გამოცდილების განდევნას ცდილობს, ან აღშფოთებულები, ჩვენს შეცდომებზე საუბარს ვიწყებთ. მიუხედავად იმისა, მათ უგულებელვყოფთ, თუ დავაფიქსირებთ, მათთან დაკავშირებული ემოციები მაინც შეგვაწუხებს. ჩვენი ემოციების ჩახშობამ კი, შეიძლება, ჩვენი შესაძლებლობების სიხარული შეამციროს და ფიზიკური ტკივილის სახითაც გამოიხატოს.

ამიტომ, მათი იგნორის ნაცვლად, უკეთესი იდეაა, რომ ეს მარცხი მივიღოთ და ის გამოცდილებად, განვითარების წინაპირობად გარდავქმნათ. სინანული პრობლემაა, მაგრამ ის, ასევე, ჩვენი გაუმჯობესების სიგნალია.

ვიფიქროთ, მივიღოთ, ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ ნეგატიური გამოცდილებებისგან.

წყარო: The New York Times



განხილვა