9
Aug
2019

ბათუმში სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

9 Aug 2019

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლში სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. „ბათუმის ბულვარში“ ამბობენ, რომ სოციალური  პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია და საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება.

„მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისათვის, ბათუმის ბულვარის სანაპიროზე რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს, ერთი ლოკაცია სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] პირთა საჭიროებებს მოერგო. ამ პროექტის მთავარი გზავნილია #ზღვაყველასია! „ბათუმის ბულვარმა“ ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაგდა ჯაიანი.“

სანაპირო ზოლზე, ასევე, მოეწყო  ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი  და საზოგადოებრივი   საპირფარეშო.

„თანამედროვე მულტი – ფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია ულტრათანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებულია ანტიბაქტერიული  ბავშვთა გამოსაცვლელი კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი. დამატებით, ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, სამ ლოკაციაზე, ექვსი საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშო იფუნქციონირებს. ეს პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს „ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს“.

განხილვა