
BEARD.GE კაცების თავის მოვლასთან დაკავშირებით გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევს და მამაკაცებს წვერის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. პროდუქცია მოიცავს როგორც წვერის აუცილებელი ჰიგიენისა და გამაჯანსაღებელ პროდუქციას, ასევე, წვერის სავარცხლებს, ჯაგრისებს, წვერის საახალწლო მორთულობებს, ვიკინგური სტილის სამაგრებს და ა.შ. პროდუქციის ნაწილი საქართველოში მზადდება, დამფუძნებლები მომავალში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გამრავალფეროვნებას და ექსპორტზე გასვლასაც გეგმავენ. BEARD.GE-ის შესახებ უფრო დეტალურად კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველის, ირაკლი ძაგანიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
M: მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ, რა არის beard.ge–ის მთავარი მიზანი?
BEARD.GE საქართველოში წვერის მთავარი გულშემატკივარია, რომელიც მომხმარებელს წვერის მოვლის საშუალებების ჯანსაღ, ნატურალურ, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მეგობრულ სერვისს სთავაზობს.
წვერის ტარების ამჟამინდელი ტენდენცია ჩვენთან საკმაოდ ძლიერი და მტკიცეა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დღესდღეობით წვერის ტარების მოდას ასაზრდოებს, მეტწილად ახალგაზრდებისგანაა დაკომპლექტებული. ამ ახალგაზრდებს საიახლეებისადმი ინტერესი და ევროპული ყაიდის ყოფაქცევა ახასიათებთ; მკვეთრად განსხვავდებიან წინა თაობებისა და გარემოს მოცემულობებისგან. წვერ-ულვაშა ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტში გვხვდება და მათთვის ასევე მნიშვნელოვანი თემებია: ჯანსაღი პროდუქცია, პირადი ჰიგიენა და საკუთარი თავის მოვლა. ამიტომ გაჩნდა BEARD.GE – უმეტესობამ არ იცის წვერს რამხელა შესაძლებლობები აქვს და ვეცდებით ყველას გავაგებინოთ. კაცების თავის მოვლის კულტურას გენდერზე დამახინჯებული წარმოდგენები აბრკოლებს და ჩვენ ამ პრობლემის შემსუბუქებას წვერის მოვლის საშუალებების პოპულარიზაციით შევეცდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლებისა, ჩვენი კლიენტები არიან მამაოებიც.
M: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი პროდუქცია მოიცავს: აუცილებელი ჰიგიენის და წვერის გამაჯანსაღებელ საშუალებებს, როგორებიცაა წვერის ზეთი (წვერის დამარბილებელი საშუალება, რომელიც შედგება 10-მდე 100% ორგანული და ნატურალური მცენარეული ინგრედიენტისგან), წვერის ორგანული შამპუნი და საპონი, წვერის ბალზამი და ცვილი (ფორმის მისაცემად და ფიქსაციისთვის). პროდუქციაში ყოველდღიურ რეჟიმში ვამატებთ წვერის სავარცხლებს, წვერის ჯაგრისს, რომელიც ტახის ჯაგრისგან მზადდება და ასევე ისეთ სახალისო პროდუქტებს, როგორიცაა, მაგალითად წვერის საახალწლო მორთულობები, ვიკინგური სტილის წვერის სამაგრი (ჩვენი პირველი საამაყო პროდუქტი, რომელსაც ვამზადებთ საქართველოში) და ა.შ.
M: რას ამზადებთ საქართველოში ამ ეტაპზე და როგორ აპირებთ თქვენი წარმოების განვითარებას?
ვფიქრობთ, საქართველოში შექმნილი პროდუქცია არის არა მხოლოდ ძალიან საამაყო, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლოც. სწორად ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, BEARD.GE-ის პროდუქციისთვის შეგვემატებინა ასევე ძალიან ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც დამზადებული იქნება საქართველოში და ჩვენს ასორტიმენტში საამაყო პოზიციას დაიკავებს.
ამჟამად საქართველოში ვამზადებთ ვიკინგური სტილის ხელნაკეთ წვერის სამაგრებს, რომლებიც ქართული ორნამენტებითაა მორთული. ასევე, უკვე ვტესტავთ ორგანული ინგრედიენტებისგან საქართველოში დამზადებულ წვერის საპონსა და წვერის ზეთს. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2017 წელს არ შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი პროდუქტით და ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ დიდ არჩევანს შევთავაზებთ.
M: რამდენად დიდია მოთხოვნა წვერის მოვლის პროდუქტზე?
მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა, მაგრამ იგი მაინც პირდაპირ კავშირშია გაწეულ მარკეტინგთან და პოტენციური მომხმარებლებისადმი მიწოდებულ ინფორმაციასთან. ყოველდღიურად ვცდილობთ გავაცნოთ პროდუქცია ხალხს, დეტალურად ავუხსნათ, თუ რატომ არის შექმნილი, რა მიზანს ემსახურება თითოეული პროდუქტი და მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, რათა მათ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ წვერის მოვლასთან დაკავშირებით.
M: მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
ვართ გუნდი, რომელიც სხვადასხვა სფეროში სინჯავს ხოლმე თავის ძალებს, თავიდან საქმიანობები თითქოსდა ექსპერიმენტებს ჰგავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მათ წარმატებული ბიზნესის სახეს ვაძლევთ. საქმიანობა მრავალი წლის წინ დავიწყეთ ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლით, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით, საძიებო სისტემების მარკეტინგითა და სოციალური მედიის მარკეტინგით. ამჟამად ჩვენი გუნდი ფლობს 3 კომპანიას: სამშენებლო და დეველოპერული კომპანია iBuild, წვერის მოვლის საშუალებები BEARD.GE და დეკორაციული სტიკერები -WARP.GE.
ჩვენი გუნდის თითოეული კომპანიისთვის მუდმივია და არ იცვლება ის, რომ მომხმარებლებს ოჯახის წევრებივით ვექცევით, პროდუქტს კი, – შვილივით.
M: როგორ გაჩნდა BEARD.GE-ის შექმნის იდეა?
BEARD.GE-ის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც მეგობრისთვის ვერ ვიშოვეთ წვერის მოვლის საშუალება. სწორად ამის გამო დავინტერესდით ამ ნიშით და გაგვიჩნდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილი. ვფლობდით ინფორმაციას უკვე წარმატებული და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ანალოგიური ბიზნესების შესახებ, ვიცოდით, თუ რამხელა მოთხოვნა იყო ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება, გვესინჯა თავი ამ სფეროშიც: პირველ რიგში, მიგვეღო ცოდნა, შეგვექმნა ხარისხიანი პროდუქტი კომპანიის სახით და შეგვეთავაზებინა პოტენციური მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქცია და მეგობრული სერვისი.
M: რა სამომავლო გეგმები და მოლოდინები გაქვთ?
ჩვენი სამომავლო გეგმაა კომპანიის იმ დონეზე განვითარება, რომ მხოლოდ საქართველოს აღარ დავჯერდეთ და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც ფეხი მოვიკიდოთ წარმატებული და ხარისხიანი ბრენდის სახელით. ასევე, ხვალ 21 რიცხვიდან City Mall Saburtalo-ში ჩვენს პირველ სტენდს გავხსნით.