Beats by Dre-მ, სადღესასწაულო რეკლამებისადმი არატრადიციული მიდგომით, ლებრონ ჯეიმსისა და მისი ვაჟის, ბრონის, პირად არქივს მიაშურა. მათი ფოტოებისა და ვიდეოების დამონტაჟებით კი მამა-შვილს შორის არსებული კავშირის ემოციური ვიდეორგოლი შეიქმნა.
ვიზუალები მოიცავს ბრონის პატარაობისა და მოზარდობის პერიოდს — დაბადების დღის აღნიშვნით, ვიოლინოზე დაკვრით, თევზაობით, და რა თქმა უნდა, კალათბურთის თამაშით. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამა-შვილის დუეტი Beats-ის რეკლამაში მონაწილეობს…
„მიზანი ყველაზე ლამაზი, მაღალი ხარისხის ფოტოების პოვნას არ ეხებოდა. სინამდვილეში, რეალური, ბუნებრივი და ჩვეულებრივ გარემოში გადაღებული კადრები გვინდოდა, რომლებიც ლებრონისა და ბრონის ნამდვილ სახეს აჩვენებდა, როგორც მამა-შვილის“, — აცხადებს ჯეისონ კემპბელი, Translation-ის კრეატიული ხელმძღვანელი, რომელიც ვიდეორგოლის შექმნაში მონაწილეობდა.
რეკლამაში ლებრონმა აღიარა, რომ შეეშინდა, როდესაც მისი პირველი ვაჟი დაიბადა. „მაგრამ მე განვაგრძე მცდელობა და შენი ზრდის პარალელურად, მეც უფრო მეტად ვცდილობდი. მოთმინება, მონდომება, სიხარული არის ის, რაც ვისწავლე კალათბურთში… სინამდვილეში კი ეს შენგან ვისწავლე“.