გინდათ მუსიკას ისე მოუსმინოთ, რომ თავი კონცერტზე გეგონოთ? ან სულ მცირე 64 დინამიკით გარშემორტყმულ სივრცეში მაშინაც კი, როცა სახლში ხართ?! ახალი სპეციალური გამოშვების Beats Solo4 სწორედ ამას გპირდებათ, თან ყურებზე ბანტებსაც შეგაბნევთ — Blackpink-ის წევრის ჯენი კიმის ალბომის Ruby-სადმი პატივისცემის ნიშნად გამოუშვეს, ამიტომაც ვხედავთ ბანტებს Ruby-Red ფერში შექმნილ ყურსასმენებზე. ახალი Beats Solo4 ძირითადად იგივეა, რაც წინა ვერსიები, მაგრამ ამბობენ, რომ მცირე ცვლილებები და გაუმჯობესებები მაინც არის მასში შეტანილი….
თუ საერთოდ არ ხართ K-pop სუპერვარსკვლავის ფანი და უბრალოდ წითელი მოგწონთ, მხოლოდ ამის გამოც მიიპყრობს ყურსასმენი თქვენს ყურადღებას. ჯენის რევოლუციური ალბომის შესაბამისი ფერის გარდა, ყურსასმენებზე ორი წითელი ბაფთაა დამაგრებული, რითაც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ერთ-ერთ UltraPlush ყურის ბალიშზე კი სიმბოლოებს შეხვდებით, რომლებიც Ruby-ის ალბომისა და თავად მომღერლის „უნიკალური ესთეტიკით“ არის შთაგონებული. ასე არცერთ Beats-ზე არ გვხვდება, რაც Jennie-ისთვის შექმნილ ყურსასმენს მეტ უნიკალურობას სძენს.

რაღა თქმა უნდა, აუდიო მახასიათებლებიც მნიშვნელოვანია, რადგან გარდა ვიზუალური მხარისა, ყურსასმენებში გადამწყვეტი სწორედ მუსიკის მოსმენის გამოცდილებაა. აქ Spatial Audio გვხვდება, Dynamic Head Tracking-თან ერთად, რის გამოც ბრენდი გვეუბნება, რომ ახალი ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა 64 დინამიკით გარშემორტყმულ სივრცეში ყოფნას ჰგავს. განახლებული ფუნქციონალით უკეთეს ხმასაც გვპირდებიან…
ამას გარდა, ერთი დამუხტვით მუსიკის მოსმენას 50 საათის მანძილზე შეძლებთ. თანაც, სულ რაღაც 217 გრამია, რაც მას მეტად კომფორტულ მოწყობილობად აქცევს.
ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, Jennie-ის გულშემატკივარი ხართ თუ არა, თუ თქვენ ეძებთ ყურსასმენს, რომელიც, გამორჩეულ ხმასთან ერთად, დიდხანს იმუშავებს და ვიზუალურადაც მიმზიდველი იქნება, Beats Solo4 Jennie Special Edition შესანიშნავი ვარიანტია. თუმცა დამატებით თანხას ფუნქციონალზე მეტად, ბანტებში იხდით და ესეც გაითვალისწინეთ. ფასი 199.99 დოლარია.












