თერმოდინამიკის პირველი კანონი — თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი — ამბობს, რომ ენერგიის არც შექმნა შეიძლება და არც განადგურება, ის მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ეს მარტივი, თუმცა სიღრმისეული მოცემულობა General Electric-ის (GE) ახალი რეკლამისთვის შთაგონებად იქცა, სახელწოდებით Beautiful Law. თავის მხრივ, ვიდეორგოლი კომპანიის ხანგრძლივი ისტორიის პატივისცემას და, ამავდროულად, იმედისმომცემ მომავალს ემსახურება.
1892 წელს თომას ედისონის მიერ დაარსებული კომპანია ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონგლომერატად იქცა. 2021 წლის ბოლოს კი მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი კულპმა განაცხადა, რომ GE სამ ცალკეულ კომპანიად დაიწყო: GE Healthcare, GE Vernova და GE Aerospace, რომლებიც ორიენტირებულია შესაბამისად სამედიცინო ტექნოლოგიებზე, ენერგეტიკასა და ავიაციაზე.
რაც შეეხება უშუალოდ „ლამაზ კანონს“, მისი სიუჟეტი სუსტად განათებულ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვითარდება: სტუდენტი თერმოდინამიკის პირველ კანონს ეცნობა, როცა ირგვლივ ყველაფერი სიურრეალისტურ სახეს იღებს — მოულოდნელად მთელი ბიბლიოთეკა ქარის ელექტროსადგურად გარდაიქმნება. გოგონას თავზე კი უზარმაზარი თვითმფრინავი ჩნდება — ყველაფერი, რაც ხდება, ელექტროენერგიასთანაა დაკავშირებული, თითქოს ენერგია ერთი მეორეზე გადადის და ჩვენც ამ ბმაში ვეშვებით. მხარზე ერთი შეხება კი ამ სიზმარს ასრულებს…
„ჩვენი ბრენდი ინოვაციების შედეგად ვითარდება, აგებულია თომას ედისონის მემკვიდრეობაზე და თანამშრომლების მეშვეობით, ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციად ჩამოვყალიბდით. მომავალზე ფიქრისას და ისტორიული ტრანსფორმაციის გაანალიზებისას, გადავწყვიტეთ, 132-წლიანი ინოვაცია აღგვენიშნა და ჩვენი უსაზღვრო შესაძლებლობებისთვის გაგვესვა ხაზი“, — აღნიშნავს General Electric-ის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი.
ვიდეორგოლზე კრეატიულმა სააგენტო BBDO-მ იმუშავა და აღსანიშნავია, რომ მასთან GE 1920 წლიდან თანამშრომლობს.