18
Sep
2019

60 ათასი ქალი ერთი იდეის გარშემო – Beauty Lab-ის ბიზნესად ქცეული ფეისბუკ ჯგუფი

18 Sep 2019

Startauperi
Startauperi


“ის, რაც Beauty Lab-მა შეძლო, 60 ათასი ქალის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება და ფეისბუკ ჯგუფის ბიზნესად ქცევა არ ხდება გადაწყვეტილების მიღებით – ”მოდი, ეს აქტივობები გავაკეთოთ და შემდეგ შედეგზე გავიდეთ” – არამედ, ყოველდღიურად იმ საქმის კეთებით, რაც გიყვარს და რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს,” – ქეთა ბაღაშვილს ეს სიტყვები სილიკონ ველის ერთ-ერთმა ამერიკელმა ინვესტორმა უთხრა. ფეისბუკ ჯგუფი, სახელწოდებით Beauty Lab, ქეთა ბაღაშვილმა 2017 წლის დასაწყისში შექმნა. პროფესიით ჟურნალისტისთვის ხალხთან კომუნიკაცია, ადამიანების ერთი იდეის გარშემო შემოკრება და შემდეგ, ამ ქაოსის მართვა ჰობი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სფეროსთან კავშირი არ ჰქონია, ჯგუფის წევრებთან ერთად ისწავლა ყველაფერი ამ ინდუსტრიის შესახებ. ამასთან, მიეცა შანსი დიდი ხნის სურვილი აეხდინა და საქართველოში სილამაზის ინდუსტრიასა და მომსახურების სფეროს დახვეწაში მიეღო მონაწილეობა. სურდა, ყველას ჰქონოდა თანაბარი შესაძლებლობა, ეგრძნო თავი ლამაზად და ყოფილიყო თავდაჯერებული. თავის მოვლის შესახებ რჩევების, მოსაზრებებისა და გამოცდილების თავისუფლად გაზიარების შესაძლებლობამ უამრავი ადამიანი მიიზიდა. ეტაპობრივად, Beauty Lab-ის ჯგუფი, რომელმაც ათიათასობით ადამიანი საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანა, სტარტაპად გარდაიქმნა. ცოტა ხნის წინ, Beauty Lab-მა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა და განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. ასე უპასუხა ქეთა ბაღაშვილმა მთავარ კითხვას – როგორ ვაქციოთ შემოსავლის წყაროდ ის, რისი კეთებაც მოგვწონს და გამოგვდის?

M: ქეთა, რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც ამ ჯგუფმა შეცვალა სილამაზის სფეროში? 

ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი საყვარელი პროდუქტების შესახებ ინფორმაციას – როგორ მოვიხდინეთ, როგორ ვიყენებთ, როგორია სწორად გამოყენების წესი, ან პირიქით, რატომ არ მოგვეწონა. ერთად ვადგენდით სახის მოვლის რუტინას, კანის ტიპიდან გამომდინარე. აღმოვაჩინეთ, რომ საღამოობით მხოლოდ სახის დაბანა ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ სიბერეშიც კარგად გამოვიყურებოდეთ. მოკლედ, ჩვენს ასაკოვან ცხოვრებაზე წინასწარ დავიწყეთ ზრუნვა.

ძალიან ხშირად იყო შემთხვევები, რომ ძვირადღირებული ბრენდის მაღაზიაში შესვლისას, თუ ამ ძვირადღირებული პროდუქტის “ნამდვილ მყიდველს” არ ჰგავდი, კონსულტანტები აგდებულად, უყურადღებოდ გექცეოდნენ და თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებდნენ. “ბიუთი ლაბის” შექმნისა და ასეთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის შემდეგ ეს პრობლემა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა. კომპანიებმა ისწავლეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი როგორ გამოიყურება და რამდენი ლარის ნავაჭრით აპირებს მაღაზიის დატოვებას, უნდა მოემსახურონ კარგად და იქიდან კმაყოფილი გამოუშვან. კომპანიებმა ჯგუფში წამოწყებული ინიციატივების შემდეგ, ისწავლეს მომხმარებლისთვის, შენაძენთან ერთად, საჩუქრების გამოტანება, სიურპრიზების გაკეთება, მათი გახარება და რაც მთავარია, კომპანიებმა დაიწყეს მომხმარებლის მოსმენა.

M: რა იქცა გარდამტეხ მომენტად, როცა ამ საქმის მონეტიზაცია გადაწყვიტეთ?

გასართობად შექმნილი ფეისბუკ ჯგუფიდან ორი წლის შემდეგ სტარტაპერობამდე მოვედით. გზა, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი სპონტანურად და ძალიან სწრაფად ხდებოდა. სილამაზის სფეროდან ინფორმაციის გაცვლის ჯგუფი ბუნებრივად გადაიქცა პლატფორმად, სადაც მომხმარებელი და კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ და შეფასებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით, ჯგუფის ავტორიტეტის გაზრდის და  ნდობის მოპოვების შემდეგ, “ბიუთი ლაბი” ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ხიდი გახდა სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ ჯგუფში ჩადებული დრო, ენერგია და სხვა ბევრი რესურსის კომპენსირება უნდა მომხდარიყო და ჯგუფიც კომერციალიზდა.

M: რა სტრატეგიით მოქმედებდით, ჯგუფის ბიზნესად ჩამოყალიბების პროცესში?

საინტერესოა ისიც, ჯგუფს ყოველი შემდეგი გადაწყვეტილების მიღებისას, ცალსახად ჩამოყალიბებული და გაწერილი განვითარების გეგმა არ ჰქონია. ჯგუფში წევრების ზრდამ და პროექტების მატებამ, რაც გულისხმობდა სილამაზის სფეროში კომპანიებისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევას, ბუნებრივია, საქმე გაართულა. ამის შემდეგ გუნდის გაფართოება და ე.წ. მოდერატორების დამატება დაგვჭირდა ჯგუფის უფრო მარტივად და ეფექტურად სამართავად. მთელი ეს პროცესი ძალიან ორგანული და ბუნებრივი იყო. ყოველ შემდეგ იდეას ახალი იდეა მოსდევდა.

M: დიდი ჯგუფის ხანგრძლივად აქტიურად შენარჩუნება საკმაოდ რთულია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ჯგუფის წევრების სტაბილური ინტერესი Beauty Lab-ის მიმართ?

ჯგუფის ხარისხის შენარჩუნება, მონეტიზაციის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და რთული პროცესი გახდა, თუმცა ისევ – შედეგზე კი არა, პროცესზე ორიენტირებით ვახერხებთ, რომ ჯგუფი ინარჩუნებს სანდო, უსაფრთხო და ქალებისთვის საყვარელი სივრცის სახეს. ფამილიარული და თბილი დამოკიდებულებები, ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ, ექსკლუზიური შეთავაზებები,  ფასდაკლებები და საჩუქრები კომპანიებისგან – ამ ბენეფიტებით სარგებლობა ბიუთი ლაბის თითოეულ წევრს შეუძლია.

M: როგორი იყო სტარტაპის კონცეფცია, რითაც GITA-ს გრანტი მოიგეთ? ასევე, როგორ ფიქრობთ, რა იყო გამარჯვების განმაპირობებელი ფაქტორი?

ერთჯერად მოლაპარაკებებს თვეებზე გაწერილი კონტრაქტები, შეთანხმებები, კოლაბორაციული კამპანიები მოჰყვა და ბოლოს მოვედით იდეამდე- შეგვექმნა მობილური და ვებ აპლიკაციია სილამაზის სალონებისთვის, ონლაინ რეზერვაციის ფუნქციით. სწორედ ეს იდეა წარვადგინეთ GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე და 100,000 ლარიც მოვიგეთ. კონკურენცია იყო საკმაოდ მაღალი, ჩვენ ბიზნესის მიმართულებით გამოცდილება ფაქტობრივად არ გვქონდა და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის,  ამერიკელი ინვესტორები დაგვერწმუნებინა- ამ იდეას ყველაზე ეფექტურად სწორედ ჩვენ- Beauty Lab-ი განვახორციელებდით. ე.წ. “ფიჩინგის” დროსაც ყველაზე მეტი ჯგუფის იდეაზე და მის შესაძლებლობებზე, უკვე დამყარებულ ურთიერთობებზე მომხმარებლებთან და სილამაზის სალონებთან, ვისაუბრე.

M: ახლა, როდესაც ბიზნესის წინ წასაწევად, უკვე გაქვთ გარკვეული კაპიტალი, როგორ გეგმავთ საქმის განვითარებას?

აპლიკაცია პირველი პროექტია, რომელსაც ჯგუფის დაარსებიდან ორი წლის თავზე შევეჭიდეთ. თუმცა არა ერთადერთი, რომელსაც ვგეგმავთ. არსებული კაპიტალით შევქმნით ვებ და მობილურ აპლიკაციას და მისი დამზადების შემდეგ, აპლიკაციას ჯგუფის საშუალებით დავტესტავთ და მაქსიმალურად მეტ მომხმარებლამდე მივიტანთ. მოგვიანებით კი უკვე მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებასაც ვგეგმავთ და ონლაინ რეზერვაციის მარტივი და კომფორტული ხერხის მათთან დანერგვას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა