in

Best Event Awards World 2018-ის ჟიურის ქართველი წევრი – ვინ მონაწილეობდა მსოფლიოს საუკეთესო ღონისძიებების გამოვლენაში ?!

მსოფლიოს ყველაზე კრეატიულ, ინოვაციურ და მასშტაბურ ღონისძიებებს, წელს, სხვებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენელიც აფასებდა. Best Event Awards World 2018-ის ჟიურის წევრი ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებების ხელმძღვანელი და კრეატიული „ივენთების“ კომპანია “IdeaList”-ის დამფუძნებელი, თათა ბურდული იყო.

Best Event Awards (BEAWorld) 2005 წლიდან ტარდება. მისი მიზანი, მსოფლიოში, ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და მასშტაბური ღონისძიებების გამოვლენაა. როგორც თათა ბურდული ამბობს, აქამდე, ჟიურიში, მხოლოდ საქართველოს კი არა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც არასოდეს ყოფილან.

თათა ბურდული

თათა ბურდული: ეს არის ყოველწლიური, საერთაშორისო კონკურსი, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით, „ივენთ“ კომპანიები საკუთარ პროექტებს წარადგენენ. მე, როგორც ჟიურის წევრს, რეკომენდაცია Best Event Awards-ის ვიცე – პრეზიდენტმა ანტრია ფაფლიკოვამ გამიწია, რადგან იცოდა ჩემი გამოცდილებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. კანდიდატურა საკუთარი ინიციატივით, ADC (ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია)-ის ხელმძღვანელობას წარუდგინა. მათ შეისწავლეს ჩემი პროფილი და პორტფოლიო. კიდევ უფრო დაინტერესდნენ იმით, რომ ნომინაციებში სპორტული ღონისძიება რამდენიმე წლის წინ დაამატეს და აქამდე, კონკრეტულად ამ სეგმენტზე მორგებული ჟიურის წევრი არ ჰყოლიათ“.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, განაცხადების მიღება ყოველი წლის სექტემბერში იწყება.

„წელს BEAWorld-ზე 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა. საკონკურსო ღონისძიებების სიაში მოხვდა ისეთი ბრენდების მიერ ორგანიზებული „ივენთები“, როგორებიცაა: Adidas, Nike, Google, Mercedes, Jeep, Cisco, Ferrari, Revlon, Lamborghini, Oriflame, Nestle, Volkswagen, L’Oréal Paris, Budweiser და ა.შ. მსოფლიოს 55 ქვეყანაში ჩატარებული ღონისძიებები სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულის სტატუსის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს“.

კონკურსზე წარდგენილი იყო მასშტაბური და მცირე ბიუჯეტიანი ღონისძიებები, შემდეგ კატეგორიებში: Best B2B Event (>500 000 euro), Best B2C Event (<500, 000 euro),  Best B2C Event (>500, 000 euro), Congress /Conference, Convention, Cultural Event, Educational Event, Incentive/Team Building Event, Live Entertainment, Musical Event, Media Event, Event for nonprofit/social organization, Celebration / festivity, Product / service launch, Public event, Roadshow, Sports Event, Trade Show, Low budget event, Sustainable event, Use of Technology, Use of Web and Social Media, Best event agency.

ფინალურ ეტაპს 600-მდე დელეგატი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიოს წამყვანი „ივენთ“ სააგენტოების, კორპორაციების, მედიისა და „ივენთ“ ასოციაციის წარმომადგენლები“.

“Best Event Awards World 2018“ კოიმბრაში, Convento São Francisco-ში გაიმართა. სპორტული ღონისძიების ნომინაციაში გამარჯვებულ სააგენტოებს ჯილდო, „ოქროს სპილო“ თათა ბურდულმა თავად გადასცა.  წლის საუკეთესო სპორტული „ივენთების“ სამეულში მოხვდა: III ადგილი – ანდრეა პირლოს გაცილების მატჩი “La note del Maestro” , II ადგილი – Eurobasket Finland და I ადგილი – Rematch Norway. (“BEAWorld 2018“-ის სხვა ნომინაციებში გამარჯვებული ღონისძიებების ჩამონათვალი იხ. ბმულზე). კონკურსის გრან პრის მფლობელი Google Home Training გახდა, რომელიც Google-ის მიერ ინდოეთში ორგანიზებული პროდუქტის პრეზენტაციის სასწავლო კურსს ეხებოდა.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ისინი მულტინაციონალური კომპანიების მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერები არიან. როგორც თათა ბურდული ამბობს, ჟიურიში ქართველი წარმომადგენელი, ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ აქ ორი მიმართულებაა. პირველი და ყველაზე მთავარი, ეს არის კონტაქტები. ფაქტობრივად, მსოფლიოში წამყვან „ივენთ“ კომპანიებთან და ზოგადად, კომუნიკაციის სფეროში მოღვაწე სააგენტოებთან გაქვს შეხება. მე ეს კავშირები საქართველოში ჩამოვიტანე. იქ შედგა რამდენიმე ათეული შეხვედრა უშუალოდ ამ სააგენტოების წარმომადგენლებთან. მათთვის ჩემი პერსონა საინტერესო იყო, როგორც საქართველოს ბაზართან, დამკვეთებთან ან პარტნიორებთან დამაკავშირებელი პირი. საერთაშორისო სააგენტოებთან კომუნიკაცია, ახლა, აბსოლუტურად თავისუფლად არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ვფიქრობ, ჰოლანდიური და გერმანული მაგალითი გავიზიარო და საქართველოში ჩამოვაყალიბო ასოციაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ნებისმიერი „ივენთ“ კომპანიისთვის ღია იქნება და ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას ADC-ის წევრ ყველა ორგანიზაციასთან. ასევე, დაეხმარება მსოფლიო ტრენდების, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში“.

Best Event Awards-ის ჟიურის ახალ შემადგენლობას ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. თათა ბურდული, კიდევ სამი წელი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და მასშტაბური ღონისძიებების გამოვლენასა და დაჯილდოებაში.

„2019 წელს კონკურსი თურქეთში გაიმართება. ღონისძიების მასპინძლის სტატუსი სტამბოლს, ერთი წლით, გადაეცა. ეს აღმოსავლეთ ევროპაზე გადმორთვის კარგი მაგალითი, საქართველოსთვის კი ახალი შესაძლებლობაა. ძალიან მინდა, რომ შანსი, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ გამოიყენოს და მომავალ წელს, საკუთარი ნამუშევრები  BEAWorld-ზე წარადგინოს“.

“თითქოს სახლში ხარ” – Coca-Cola-ს და UberEats-ის საშობაო კამპანია

სამკაული, რომელიც თავს არასდროს გავიწყებს – PANDORA