ქართული ჩითი მსოფლიო ბაზარზე გასვლას აპირებს. პროექტის ავტორი 20 წლის ზუკა ალავიძეა, რომელიც ინგლისში ფინანსებს სწავლობს. ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის მან პროდუქტის საიმიჯო რგოლი გადაიღო და განათავსა საიტზე www.kickstarter.com რომლიდანაც მომხარებლის მიერ დაფინანსებული start up-ები ბაზარზე ოპერირებას იწყებენ. პროექტის შესახებ marketer-ს ზუკა ალავიძე ესაუბრა.
M: ზუკა, რას გულისხმობს პროექტი “ბებო” ?
პროექტზე ფიქრი დავიწყე დაახლოებით ორი წლის წინ, მაგრამ მაშინ დრო და საშუალება არ მქონდა, რომ სერიოზულად მივდგომოდი. რაც თავი მახსოვს, ოჯახში ყველას ჩითები გვეცვა. ყოველ ახალ წელს ბებო გვიქსოვდა და გვჩუქნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში თუში არავინაა. ბებო ბათუმელია, სტუდენტობის დროს გადმოსახლდა თბილისში. უყვარს ქსოვა და უყვარს როცა მის ნაქსოვ ქუდებს ან ფეხსაცმელს ვხმარობთ. მეც თბილისიდან სულ მიმქონდა რამდენიმე წყვილი ჩითი ბრიტანელი მეგობრებისთვის და პროდუქტმა მათი დიდი სიმპატია დაიმსახურა. სულ მინდოდა, რომ უფრო ბევრი ადამიანისთვის გამეზიარებინა ეს კომფორტი და ტრადიციები, რასაც ჩითი ატარებს.
შემთხვევით წავაწყდი ბრიტანულ საიტს, რომლებიც ხელით ნაქსოვ ქუდებს ყიდის. მივხვდი, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი გზა ჩითების მსოფლიოსთვის მიწოდებისთვის. მითუმეტეს, რომ რუსო ბებოს ჩითებმა ინგლისშიც დიდი სიყვარული დაიმსახურა. მაშინ სერიოზულად ვერ ვფიქრობდი იმ შესაძლებლობებზე, რაც ახლა გვაქვს, მაგალითად ფინანსური რესურსების შეგროვება kickstarter -იდან. უბრალოდ ვფიქრობდი რომ მინდოდა ისეთი კომპანიის დაწყება, რითიც მსოფლიოს გავუზიარებდი იმ “სითბოს” რასაც უკვე ჩვენთვის “ბებო” ქვია.
M: როგორ შეიქმნა პროდუქტის სახელი და ლოგო?
სახელის იდეა მომაწოდა ჩემმა მეგობარმა, ანანო დოდელიამ. ლოგო ცხვარია, რადგან მისგან იწყება მთელი პროცესი, გაპარსვა, მატყლი და ა.შ. და ლოგოს ავტორია მამიდა, ნინო ალავიძე.
M: ფინანსური რესურსებს kickstarter -იდან აგროვებთ, უფრო დეტალურად რას მოიცავს ეს პროცესი ?
“ბებო” არის ჩემთვის start up -ი. იმისათვის რომ შევიძინოთ დიდ სკალაზე წარმოებისთვის საჭირო მასალა, ავაგოთ ისეთი ვებ-გვერდი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, მარტივი და ფუნქციური, ასევე განვაახლოთ და შევიძინოთ ის საქსოვი დაზგები, რომლებიც შეინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს და გახდის ქსოვის პროცესს უფრო სწრაფს, რომ მომხმარებელს მინიმალურ დროში მივაწოდოთ მისთვის სასურველი პროდუქტი, ფინანსურ რესურსებს ვაგროვებთ Kickstarter -ის მეშვეობით. ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს ვიდეო პრეზენტაციის სახით წარადგინო შენი პროექტი. პროექტის ავტორი ირჩევს სასურველ თანხას, რისი შეგროვებაც სურს. ხალხის ინტერესი თუ დაიმსახურა პროექტმა, რიცხავენ მათთვის სასურველ თანხას. პროექტის სრულად დაფინანსების შემდეგ ისინი სამაგიეროდ იღებენ პროდუქტს, ჩვენს შემთხვევაში -“ბებო”-ს. თუ პროექტი ვერ დაფინანსდა, გადმორიცხული თანხები უბრუნდებათ უკან, ანუ პროდუქტის გაგზავნა არ ხორციელდება. ამისთვის გადავიღეთ საიმიჯო რგოლი, რომლის ავტორია ჩემი მეგობარი, რეჟისორი დიტო სუმბაძე. გახმოვანებაზე მე ვიზრუნე. ჩვენ ჯერჯერობით შეგროვებული გვაქვს საჭირო თანხის 20%. გვაქვს კიდევ ოცდასამი დღე, რომ წარმატებულად დავფინანსდეთ და გავიდეთ ბაზარზე. 20% პირველი ექვსი დღისთვის არ არის ცოტა. მაგრამ ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბევრს მოსწონს პროექტი, მაგრამ არ არის მზად დაფინანსებისთვის. ბევრისთვის კი Kickstarter -ი ახალი ხილია, ვერ ერკვევა მის ფუნქციებში. საქართველოში ძალიან ძნელია ჩემი სტატუსის და ასაკის ადამიანმა იპოვოს სასურველი რესურსი ასეთი პროექტის დასაფინანსებლად. ამასთან Kickstarter -ი გვიმცირებს start up-ის რისკებს.
https://www.kickstarter.com/projects/233515106/bebbo-simply-comfortable?ref=nav_search
M: რა კონკურენტული უპირატესობა აქვს “ბებოს”, რატომ დაინტერესდება მომხარებელი?
100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. შალი, რისგანაც მზადდება ჩითი, განსხვავებით სხვა სინთეთიკური მასალებისგან, სუნთქვს. მას აქვს თვისება, რომ ინდივიდუალურ ტანის ტემპერატურას მოერგოს და შესაბამისად გაათბოს ის. ამასთან, შალი არეგულირებს გულის ცემას, ლაგდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ღამის უკეთეს ძილს. განსხვავებით სხვა ჩითებისგან, “ბებო” სთავაზობს მომხმარებელს თვითონ აირჩიოს დიზაინი და ფერები, რაც უფრო უნიკალურს და პირადს ხდის პროდუქტს.
M: წარმატებული start up-ის შემთხვევაში, რა ეღირება “ბებო”?
ფასი Kickstarter -ზეც წერია და იქნება 35 ბრიტანული ფუნტი.
M: როგორ წარმოგიდგენიათ “ბებოს” მომავალი?
იმის გარდა რომ საქონელს გავიტანთ საზღვრებს გარეთ, ჩვენ ასევე გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ მას საქართველოში. ბიზნესის აწყობის შემდეგ, გვინდა რომ მოვიწვიოთ ხალხი, მოვაწყოთ workshop -ები, რომ უფრო ბევრმა ხალხმა დაიწყოს ჩითის ქსოვა. გაყიდვა მოხდება ჩვენი საიტიდან, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს “ბებო” მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ამ ეტაპზე რა მოთხოვნაცაა, ამას ოჯახურ სკალაზე შევძლებთ. ვისურვებ, რომ გავიზარდოთ და მეტი ხალხი დავასაქმოთ. დიდი იმედი მაქვს რომ “ბებო” გახდება მოდა, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო მაგალითად UGG. მიუხედავად ტექნოლოგიებისა და ცვლილებებისა, “ბებო” მისი დიზაინით, ფერებით და ა.შ ყოველთვის შეინარჩუნებს ქართულ ტრადიციულ სულს.












