in

„ბებიას მოქსოვილი ქუდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ იყო… ხოდა, ჩვენს ქუდებს ბებიები ქმნიან“

Startauperi
Startauperi

ბავშვობაში დასაბრუნებლად, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს. ზოგისთვის ეს სუნია, მაგალითად, საპნის; ზოგისთვის მუსიკა – ფანჯრიდან შემომავალი მეზობლის ფორტეპიანოს ხმა; ანდაც, წვნიანის გემო, ბაღში რომ გვაჭმევდნენ… იქნებ, ნაფტალინის სუნი, ცნობისმოყვარეობის გამო, ბებიას კარადაში თავს რომ შევყოფდით და ნესტოებს ბეწვეულის ჩრჩილებისგან დამცავი მძაფრი შეგრძნება დაგვიბერავდა…

რამდენადაც თითოეული ეს წარსული გამოცდილება ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალურ ასოციაციებთანაა დაკავშირებული, იმდენადვე დიდი შანსია, რომ ამის ერთმანეთთან გაზიარებისას, ბევრი საერთო შეგრძნება აღმოვაჩინოთ.

მაგალითად, ასეთია სტარტაპ „ბებიას“ დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძის გამოცდილება: „მე მყავდა ძალიან საყვარელი ბებია. არამარტო ჩემთვის საყვარელი, ისედაც. ბავშვობაში ორი ერთნაირი ქუდი მომიქსოვა. ერთი ვიღაცას ვაჩუქე, ჩემი კიდევ მოგვიანებით დავკარგე. ბებიას ზუსტად ასეთის მოქსოვა რომ ვთხოვე, ცადა და ვერ გამოუვიდა, ცოტა ხანში კი, გარდაიცვალა.. და მივხვდი, რამდენი რამ დამაკლდა ამ ქუდის დაკარგვით. მატერიალური ისეთი არაფერი მაქვს, რასაც ცხოვრებაში გამოვეკიდებოდი. ბებიას მოქსოვილი ქუდი კი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ იყო, რაც კი ოდესმე გამაჩნდა“.

იმის გაანალიზებამ, რომ ბებიების ხელით მოქსოვილ ნივთებთან ნოსტალგიასა და სიყვარულს არა მხოლოდ ემოციური ღირებულება, არამედ ბიზნესის კუთხითაც საინტერესო მნიშვნელობა შეიძლებოდა, ჰქონოდა, გიორგის გადააწყვეტინა სამსახურის ნაცვლად, ამ საქმისთვის მოეკიდებინა ხელი. გარდა ამისა, როგორც მასთან საუბრისას ირკვევა, ბაზარზე ნატურალური მასალით დამზადებული ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი არ არსებობდა… გადაწყდა, ეს ნიშა „ბებიას“ უნდა დაეკავებინა.

„ბებიას“ პროდუქტს ნამდვილი ბებიები ქმნიან: ისინი, ვინც კათარზისში ცხოვრობენ, ან მას ხშირად სტუმრობენ; ასევე, ქალბატონები ქსოვის მოყვარულთა ჯგუფიდან და ისინიც, ვინც თავადვე გამოხატავენ ინტერესს, რომ ქუდები „ბებიას“ სახელით მოქსოვონ. საერთო ჯამში, ბრენდის ქუდებს, ამჟამად, რეგულარულად, ოცი მქსოველი ქმნის.

რაც შეეხება ქუდების დიზაინსა და მასალას: კონკურსის შედეგად შერჩეული გრაფიკული დიზაინერი ქუდების დიზაინს „ბებიას“ გუნდის გემოვნებით ქმნის. შემდეგ თარგები კეთდება და ქსოვის სპეციფიკაც ინერგება. მასალა ქართულია. გადაწყდა, რომ სპეციალურად „ბებიას“ პროდუქტისთვის შექმნილი ფერის ძაფი თუშეთიდან, ახმეტის რაიონ სოფელ ზემო ალვანიდან უნდა ჩამოეტანათ და თუშური შალით ნაქსოვი უნიკალური პროდუქტი დაემზადებინათ. უნიკალური იმიტომ, რომ ბებიების მოქსოვილი არცერთი ქუდი არ არის ზუსტად ერთნაირი.

M: გიორგი, არა ემოციური, არამედ პრობლემის გადაჭრის კუთხით რომ შევხედოთ თქვენს სტარტაპს, მოგვიყევით, რას ცვლის „ბებიას“ ბაზარზე არსებობა?
სამი ძირითადი პრობლემაა, რასაც ჩვენი იდეა ჭრის:

  • საქართველოში მოხუცი ქალბატონების შემოსავალი დღეში $2-ია;
  • მათი უმეტესობა თვითაქტუალიზაციას ვერ ახდენს და უფუნქციოდ არის;
  • ზოგადად, მსოფლიოში ტანსაცმელში გამოყენებული ქსოვილების 60%-ზე მეტი სინთეტიკურია და ეს გარემოსთვის, ნავთობის პროდუქტების შემდეგ, დაბინძურების ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, სახლში მყოფ უმუშევარ ბებიებს საშუალებას ვაძლევთ, რომ შემოსავალი თავიანთი საყვარელი საქმიანობით ჰქონდეთ და მეორე მხრივ, ბაზარზე ნატურალური, ხარისხიანი, გემოვნებიანი და ჯანსაღი პროდუქტი შემოგვაქვს.

M: როგორც ბიზნესი, რამდენად მოგებიანია საქართველოში ქუდების წარმოება…
პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზარი უცხოურია – ცივი ქვეყნები, სადაც ვაპირებთ, რომ წარმოდგენილნი როგორც ონლაინ, ასევე, ფიზიკურადაც ვიყოთ.

საქართველოში „ბებიას“, როგორც სოციალურ საწარმოს, ისე ვუყურებ. მარჟა ცუდი არაა, თუმცა  ადგილობრივი გაყიდვებიდან შემოსული თანხა ყოველთვის უკან ბიზნესში ჩაბრუნდება. გარდა ამისა,  საქართველო პატარა ქვეყანაა და ძალიანაც არ ცივა, ამიტომ ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის უფრო სატესტოა,  რამეთუ გვწამს ქართული კულტურისა და გემოვნების.

M: თქვენ რა არხები გამოიყენეთ იმისთვის, რომ „ბებიას“ ქუდებს მომხმარებლამდე მიეღწია და უფრო მეტიც, მას ყიდვის სურვილი გასჩენოდა?
ამჟამად, ჩვენი ვებგვერდი და შოურუმი  გვაქვს, თუმცა გაყიდვები ქუჩის და საახალწლო ბაზრობებიდან დავიწყეთ. არ ვიცოდით, მომხმარებლების უკუკავშირი როგორი იქნებოდა. ჩვენდა გასახარად, შედეგი საკმაოდ დამაიმედებელი აღმოჩნდა. ერთი მომენტისთვის, სულ გაყიდვების ერთი წერტილი და 26 დღე გვქონდა. 300 ქუდი გავყიდეთ.

პირველი გაყიდვები Black Friday-ს უქმეებზე გვქონდა და ამ შემთხვევაში, ჩვენი პროდუქტით დაინტერესება დღეში 15 გაყიდული ქუდით გამოიხატა.

ჩვენი იდეა მოეწონათ და რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საშობაო ბაზრობაზე მოგვცეს ჯიხური, რომელიც ჩვენი ინიციატივით, ქალბატონ ნელისთან გავიყავით (სტარტაპი „ბებოსია“). აქ გავყიდეთ ყველაზე მეტი ქუდი და ამავდროულად, საოცარი უკუკავშირი მივიღეთ. შესაბამისად, მივხვდით, რომ ხალხს ჩვენი იდეაც და პროდუქტიც ძალიან მოსწონს, ფულის გადამხდელიც არის და გამოვიდა ისე, რომ მომავალი სეზონისთვის 300-დან, მინიმუმ, 2000 ქუდის გაყიდვამდე ავალთ.

სოციალურ ქსელში მცირედით ვაქტიურობდით. რეკლამა არ გაგვიშვია არც „ფეისბუკზე“ და არც „ინსტაგრამზე“, რადგანაც დასაწყისისთვის მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგვიჭირდებოდა.

რაც შეეხება „ბებიას“ ქუდების არაქართულ ბაზარზე გავრცელებას: ჩვენი პროდუქტი თებერვლიდან etsy.com-ზეცაა წარმოდგენილი. ამერიკაში, Boxette-ს საწყობში 36 ქუდი გავგზავნეთ და იმის გამო, რომ მსგასი პლატფორმებიდან გაყიდვები ერთ და ორ თვეში არ მოდის, პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია, “Etsy-სა” და “Ebay-ზე” მაღაზიები გავმართოთ და მომავალი სეზონისთვის მოვამზადოთ.

M: რას უნდა ველოდოთ „ბებიასგან“ უახლოეს მომავალში?
მომავალ სეზონზე ნაქსოვი წინდებისა და ხელთათმანების გატესტვაც გვინდა. ვაპირებთ, ამსტერდამის ფლი მარკეტზე გავიდეთ და გამოვცადოთ, ჩვენი პროდუქტი იქ როგორ გაიყიდება.

მიმდინარე სამუშაოებს რაც შეეხება, ვაპირებთ, ახალ სეზონს 2000 ქუდით შევხვდეთ, გვქონდეს 5-6 გაყიდვის ფიზიკური წერტილი და ჩვენით დამზადებულ ბუნებრივ საღებავებზე გადავიდეთ, რაზე ზრუნვაც უკვე დაწყებული გვაქვს.

ავტორი: თიკა გეგენავა

რა გამოტოვეთ? – მარკეტერის პოდკასტი თამარა ქლიბაძესთან ერთად

პასუხისმგებლიანი თამაში „ევროპაბეთისგან“ აქტიურ ფაზაში შედის