საახალწლო სამზადისი დაიწყო. მაღაზიებში წარმოდგენილი სხვადასხვა აქსესუარები ჯადოსნურ განწყობას ქმნის. წინა წლებთან შედარებით, წელს, ხელნაკეთი ნივთების სიმრავლე შეინიშნება. დაინტერესება ექსკლუზიური ნივთების მიმართ მყიდველის მხრიდანაც დიდია. ალბათ, თქვენც ემზადებით ახალი წლისთვის. სწორედ ამიტომ მარკეტერი ძალიან საინტერესო წამოწყებას გაგაცნობთ – ბრენდი “ბებოსია” – ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები, რომელსაც თაკო ბაქრაძე ბებოსთან ერთად ქმნის.
M: პირველ რიგში პროექტის ავტორების შესახებ გვიამბეთ, გაგვეცანით
მე ვარ თაკო ბაქრაძე 28 წლის. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. პერიოდულად სხვადასხვა ჟურნალებისთვის ვმუშაობდი თავისუფალ ილუსტრატორად. ასევე ვთამაშრომლობ ვირტუალურ გამომცემლობა “ვირგამ”-თან, რომელიც საბავშვო ილუსტრირებულ წიგნებსა და არტ წიგნებზე მუშაობს. ჩემი ილუსტრაციებით არაერთი წიგნი გამოცემულა, მათ შორის “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი”, რომელმაც საკრებულს პრემია “გალა” დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო ილუსტრირებულმა წიგნმა. მოკლედ, ხატვის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს ამ საქმეში, ის ჩემი ბებო – ნელი ოშაყმაშვილია. ამჟამად ბებო 79 წლისაა, განათლებით ეკონომისტი და დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელსაც ოქროს ხელები აქვს. ქარგვითა და ქსოვით დაწყებული, სახლის დაპროექტება-აშენება და მაცივრისთვის ფრეონის გამოცვლაც კი შეუძლია. ამჟამად მისი ოქროს ხელები სათამაშოების მოხატვით არის დაკავებული. თავიდან ცოტა შეშინებული მუშაობდა, ხატვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია და ალბათ ამიტომ. მერე და მერე მუშაობის პროცესმა ისე გაიტაცა, უკვე დამოუკიდებლად აკეთებდა ყველაფერს. ფაქტობრივად საქმე ჩამომართვა და გადაიბარა. თითქმის სულ სახლშია, ამიტომ ეს ახალი ჰობი მისთვის სიამოვნების მომგვრელიც გახდა, გასართობიც და შემოსავლის წყაროც.
M: როდის და როგორ მოვიდა იდეა წამოგეწყოთ ასეთი პროექტი
ყველაფერი დაიწყო ერთი ძალიან საინტერესო პროექტით, რომლის ფარგლებშიც 2 თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ვასწავლიდი საახალწლო აქსესუარების გამზადებას. შემდეგ გამოფენა-გაყიდვაც მოვაწყვეთ. მაშინ მოვიფიქრე და დავამზადე ჩემი პირველი ნაძვის ხის სათამაშო. შემდეგ წელს მსგავსი სათამაშოები მეობრებისთვის საშობაო საჩუქრებად გავამზადე. ერთ-ერთ მათგანს ისე მოეწონა, რომ ფეისბუქის გვერდი გამიკეთა და ფაქტობრივად მაიძულა ხელნაკეთი სათამაშოების რაოდენობა გამეზარდა და გამეყიდა.
მაშინ გვერდს უბრალოდ “ნაძვის ხის სათამაშოები” ერქვა. ვინც კარგად მიცნობს, ბიზნესისა და მარკეტინგის კუთხით დიდი გამოცდილება არ მაქვს. მაშინ ამ საქმისთვის კომერციული დატვირთვა არც მიმინიჭებია, თუმცა ერთ კვირაში გვერდმა 1500-ზე მეტი მოწონება დააგროვა და მივხვდი რომ მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ახალ წლამდე უკვე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ამიტომ ბევრი სათამაშო გაუყიდავი დამრჩა. წელს სამზადისი ადრიანად დავიწყე და ჩემი საყვარელი ბებოც ჩავრთე.
M: როგორ შეარჩიეთ სახელი ?
ბრენდის სახელზე ბევრი არც მიფიქრია. რადგან აქსესუარებს ბებოსთან ერთად ვამზადებდი ჩამოყალიბდა ბრენდი “ბებოსია”. ამ ბიზნესის წამოწყების კაპიტალი იყო ბებოს ერთი თვის პენსია, ამჟამად კი ბრენდის ბიუჯეტი მის 10 თვის პენსიას აჭარბებს. გამოდის რომ 90%–იანი ზრდაა, რაც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია.
M: როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი ?
სათამაშოები ნატურალური ხისგანაა დამზადებული და მოხატულია აკრილისა და ბატიკის საღებავებით, დაფარულია არატოქსიკური ლაქით და გაფორმებულია ბრჭყვიალა მტვერით. ჩვენი სათამაშოებით ძირითადად ის ადამიანები არიან დაინტერესებულები, ვისაც რაიმე განსაკუთრებული უნდა რომ ჰქონდეს საახალწლო ნაძვის ხეზე. შესაბამისად, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს იმედები არ გავუცრუოთ.
ამჟამად სათამაშოების გაყიდვაში მეხმარება მაღაზია “17 კვადრატი”, ბებოსია–ს ფეისბუქ გვერდი და სამეგობრო წრე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სტენდების დადგმას სხვადასხვა მაღაზიებში.
M: როგორია სათამაშოების ფასი?
სათამაშოების ფასი მერყეობს 5–დან 15 ლარამდე.
M: თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ მოგვიყევით
ნაძვის ხის სათამაშოების გარდა ასევე ვაკეთებ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს. მაგალითად სანათებს, სხვადასხვა აქსესუარებს, მაგრამ მათი რეალიზება ჯერ მხოლოდ მეგობრებისთვის ჩუქების სტადიაშია.
ასევე ვგეგმავთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრისთვის, სათამაშოების ექსკლუზიური წარწერებით გაფორმებას. ეს იდეა შარშან გაჩნდა, როცა ერთმა გოგონამ შეყვარებულისთვის გამამზადებინა სათამაშო წარწერით “შენ ჩემი ერთი ცალი ხარ” და უკანა მხარეს “12”. შემდეგ ისე მოხდა რომ ამ გოგომ ვერ წაიღო ეს სათამაშო და დღემდე ვფიქრობ სხვადასხვა ვერსიებს რას შეიძლება ნიშნავდეს “12”.სამომავლო გეგმა ბრენდის გაფართოება და ხელნაკეთი აქსესუარების სხვადასხვა ხაზის დამატებაა.
facebook:










