in

როგორ მოვემზადოთ სოლოპრენერობისთვის?

კორპორაციული კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დამოუკიდებელ მოთამაშედ – სოლოპრენერად ჩამოყალიბება გაბედული ნაბიჯია. არასტაბილური შრომის ბაზრის პირობებში ეს რისკი კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუმცა სწორი მომზადების შემთხვევაში, შესაძლოა კარიერაში საუკეთესო სვლაც კი აღმოჩნდეს.

წარმოდგინეთ სიტუაცია: 15 წელი ერთ კორპორაციულ პოზიციაზე, შემდეგ კი მკვეთრი ცვლილება მარკეტინგში. საბოლოოდ, წელიწად-ნახევრის შემდეგ, სრული განაკვეთით ფრილანსერობა და საკუთარ თავზე მუშაობა. დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში შესაძლებელია ისეთივე შემოსავალზე გასვლა, როგორიც მარკეტინგულ სააგენტოში გქონდათ. თუმცა, ასეთი შედეგი უცებ არ მოდის – მას წინ უძღვის ბევრი პატარა, წინასწარ გათვლილი ნაბიჯი.

გადასვლა ბევრად უმტკივნეულო იქნება, თუ კორპორაციული კარის გაჯახუნებამდე „უსაფრთხოების ბალიშს“ შექმნით.

განსაზღვრეთ ფინანსური მინიმუმი

პირველი ნაბიჯი რადიკალური გულწრფელობაა საკუთარ თავთან. აუცილებლად გექნებათ ე.წ. „შუალედური პერიოდი“, როცა ძველი სამსახური უკვე დატოვეთ, ახალი ბიზნესი კი ჯერ საკმარისად ვერ ააწყვეთ. გაუძლებთ შემოსავლის 25%-ით ან თუნდაც 50%-ით შემცირებას? გაქვთ თუ არა დანაზოგი, რომ ამ დროს თავი გაიტანოთ?

ბევრი მანამ არ ტოვებს სამსახურს, სანამ „გვერდითი საქმიანობით“ (Side Hustle) საკმარის თანხას არ გამოიმუშავებს. ეს რთული გზაა, რადგან ფაქტობრივად ორმაგი დატვირთვით მუშაობა გიწევთ, მაგრამ ფინანსური სტაბილურობისთვის ხშირად აუცილებელიც. არ დაგავიწყდეთ გადასახადებიც – სოლოპრენერობისას შემოსავლის დაახლოებით 25-30% სწორედ ამ მიმართულებით და ბიზნესის საოპერაციო ხარჯებისთვის (აპლიკაციები, ტექნიკა) უნდა გადადოთ.

ნეთვორქინგი – თქვენი მთავარი აქტივი

როცა მარტო იწყებთ ცურვას, თქვენი სანაცნობო წრე გადამრჩენელ რგოლად იქცევა. ადამიანები, რომლებსაც იცნობთ, მომავალში თქვენი კლიენტები, პარტნიორები ან რეკომენდატორები ხდებიან.

სასურველია, აქტიურობა წამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. მაშინაც კი, თუ ჯერ ზუსტად არ იცით, რას იზამთ, ნეთვორქის მშენებლობა ყოველთვის მოგებიანია. სანამ ჯერ კიდევ 10-დან 6-მდე გრაფიკით მუშაობთ, დაუკავშირდით ინდუსტრიის ლიდერებს, გაწევრიანდით პროფესიულ ჯგუფებში და გააქტიურდით LinkedIn-ზე. მიზანი მარტივია: უნდა შეიქმნათ იმ სპეციალისტის რეპუტაცია, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს აგვარებს. ასე, ნიადაგი უკვე მომზადებული გექნებათ.

დატესტეთ „გვერდითი საქმიანობა“

თუ დრო და ენერგია გაძლევთ საშუალებას, ახალი საქმე ძირითადი სამსახურის პარალელურად წამოიწყეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, „უსაფრთხო გარემოში“ დატესტოთ თქვენი ფასები, პოზიციონირება და სამუშაო პროცესები ისე, რომ ხელფასის დაკარგვის შიშმა არ დაგთრგუნოთ.

გარდა ამისა, ეს ქმნის ფინანსურ ბუფერს. თუ გვერდითი საქმიანობიდან მიღებულ თანხას მთლიანად დაზოგავთ, სოლოპრენერობის დაწყებისას სოლიდური კაპიტალი გექნებათ. პორტფოლიოს შექმნა და კლიენტების კმაყოფილი უკუკავშირის შეგროვება მანამდე ჯობს, სანამ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებთ. დიახ, ეს ნიშნავს უძილო ღამეებს, სამსახურის, ოჯახისა და საქმის ერთდროულად ჟონგლირებას, მაგრამ გახსოვდეთ – ეს დროებითია.

დროს ყოველთვის ჩვენ არ ვირჩევთ

იდეალურ სამყაროში ჩვენ თავად ვირჩევთ, როდის წამოვიდეთ სამსახურიდან, მაგრამ რეალობა ხშირად განსხვავებულია. ზოგჯერ ამ გადაწყვეტილებას გარემოებები იღებენ ჩვენ მაგივრად.

თუმცა, თუ „ფონურ რეჟიმში“ მუდმივად ემზადებოდით – აშენებდით ნეთვორქს და აგროვებდით პორტფოლიოს – ეს იძულებითი ნახტომი კატასტროფა კი არა, ახალი შესაძლებლობა გახდება. რაც უფრო მეტ იმპულსს დააგროვებთ წინასწარ, მით უფრო ნაკლებად მკტივნეული იქნება ტრანზიცია, როცა გადამწყვეტი მომენტი დადგება.

წყარო: Fastcompany

5 სტრატეგია ChatGPT-ზე დამოკიდებულების თავიდან ასარიდებლად

მაკლარენმა პრემიუმ ყურსასმენი გამოუშვა — Px8 S2 McLaren Edition