ყველას გვსურს, ბედნიერები ვიყოთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაში… თუმცა სამწუხაროდ, შესაძლოა, ხშირად ისეთი შეცდომები დავუშვათ, ხასიათს რომ გაგვიფუჭებს, დაგვთრგუნავს და იმედს გაგვიცრუებს.
ხშირად უარყოფითი გრძნობები სრულიად რაციონალურია. ფაქტია, რომ სხვადასხვა სახის კომპანიაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი თავს უბედურად აღიქვამს მუდმივი კონტროლისა და მაღალი სტრესის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში მარტოობის განცდასაც აღვივებს.
ალბათ ფიქრობთ, რომ სამსახურში სიხარულისა და ბედნიერების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გიწევთ. საბედნიეროდ, შესაბამისი ზომების მიღებით, შესაძლებელია, შეიქმნათ კომფორტული სამუშაო სივრცე და პირობები, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს და ბედნიერებასაც გაპოვნინებთ. სტატიაში მოცემულია ხუთი მიზეზი, თუ რატომ არ გრძნობთ თავს კარგად სამსახურში და ჩამოთვლილია რჩევები შეცდომების თავიდან ასარიდებლად:
ნუ აქცევთ ბედნიერებას მთავარ მიზნად
თუ ბედნიერების ძიებას მთავარ და საბოლოო მიზნად დაისახავთ, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ბედნიერების საპოვნელად ბევრად დიდ წნეხს განიცდიან და, შესაბამისად, მათი ყოველდღიური სიხარულის მიზეზი ნელ-ნელა მცირდება და უფერულდება. თუ რეგულარულად ახსენებთ საკუთარ თავს იმას, რაც ჯერ არ გაქვთ თქვენში მუდმივი სასოწარკვეთა იბუდებს. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ მადლიერებასა და მოცემულ მომენტში თქვენს ხელთ არსებული სიკეთეების დაფასებაზე.
ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანს საკუთარ თავზე ფოკუსირებისკენ უბიძგებს, რაც მარტოობის გრძნობის გამძაფრებას იწვევს. სამაგიეროდ, ბედნიერება ხშირად დაკავშირებულია სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენასთან. შესაბამისად, იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიცემა შეუძლია თქვენს ნიჭსა და გამოცდილებას გუნდისთვის და როგორ დაეხმარებით თითოეულ მათგანს.
ნუ ელით, რომ ბედნიერება იქნება მუდმივი და სტაბილური
ალბათ, გგონიათ, რომ როდესაც სასურველ ბედნიერებას მიაღწევთ მუდმივ ნეტარებას მოიპოვებთ. სინამდვილეში, კმაყოფილების გრძნობა ნელ-ნელა გაქრება. სამსახურში საოცარი კვირა გექნებათ, შემდეგ კი განსაკუთრებულად რთულ პროექტს მიიღებთ ან ისეთი მომხმარებელი შეგხვდებათ, რომელიც სიმშვიდეს დაგაკარგვინებთ.
Journal of Experimental Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბევრი დასავლური კულტურა მიიჩნევს, რომ ბედნიერება მუდმივი უნდა იყოს, მაგრამ ბედნიერება არ არის ერთი კონკრეტული მდგომარეობა, რომელსაც მიაღწევთ და მისიას სამუდამოდ დასრულებულად მიიჩნევთ. უბრალოდ, თავი დაირწმუნეთ, რომ სამსახურში რამდენიმე დღე შესანიშნავი იქნება, ზოგიერთი კი დამღლელი და სტრესული.
არ იაროთ მარტივი გზით
ბედნიერების პარადოქსი ის არის, რომ ხშირად, ურთულეს საქმესთან შეჭიდება ყველაზე დიდი კმაყოფილებით გვავსებს. მაგალითად, ქორწინება შეიძლება რთული, მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია. აღზრდაც რთულია, მაგრამ ბავშვის დაბადება დიდი სიხარულის მომტანი. და ზოგადად, ყველაზე რთული საქმეები ბევრად მომგებიანია, მაგალითად უზარმაზარი პროექტის განხორციელება ან ინოვაციის წამოწყება, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ბაზარზე.
თუ საკმარისი გამოწვევები არ გაქვთ, დემოტივირებულად და დაჩაგრულად იგრძნობთ თავს, ისევე, როგორც ზედმეტი სტრესის დროს. მაგრამ, როდესაც გამოწვევებს დაინახავთ, რომლებიც ენერგიით აგავსებთ, ყველაზე პოზიტიური გრძნობები დაგეუფლებათ.
ნუ განსჯით საკუთარ თავს
შესაძლოა, სოციალურმა მედიამ გააძლიეროს საკუთარი თავის განსჯის ტენდენცია, მაგრამ, როდესაც საკუთარ თავს მუდმივად სხვებს ადარებთ, ბედნიერების განცდა ნელ-ნელა იკლებს.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბედნიერების პირობები სხვებთან შედარების გარეშე და გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ყველასთვის უნიკალურია. შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი ყველაზე ცუდი დღე სხვის საუკეთესოს ან შეადაროთ თქვენი რეალობა მათ ფოტოშოპით მიღწეულ სრულყოფილებას. კარგი ცხოვრების მრავალი გზა არსებობს და თქვენი სხვებისგან განსხვავდება.
არ დაელოდოთ და არ გადადოთ
მითია, რომ ბედნიერების მისაღწევად ყველაფერი იდეალურად უნდა დალაგდეს. სინამდვილეში სრულყოფილება თითქმის არასდროს მიიღწევა. შესაბამისად, თავად უნდა შექმნათ ბედნიერების პირობები და საკუთარი თავი გააძლიეროთ.
თითოეულ სამუშაოს აქვს ის, რაც მოგეწონებათ ან გაგაღიზიანებთ. ყოველი ახალი პროექტი მოითხოვს თქვენს ძლიერ მხარეებს და იმ უნარებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ფლობთ. პირად არჩევანშიც იქნება დადებითი და უარყოფითი მხარეები — ალბათ გიყვართ პარტნიორი, მაგრამ მის რამდენიმე ცუდ ჩვევას ვერ იტანთ.
შეიქმენით ბედნიერების პირობები თქვენი აზროვნების მართვით, მიზნების დასახვით, გეგმების შედგენით და მოქმედებების არჩევით, რომლებიც თქვენი აზრით საუკეთესო იქნება. შეეცადეთ აკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ და თავი აარიდეთ არაკომფორტულ სამუშაოს. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ იშვიათად იპოვით პასუხისმგებლობის კომპლექტს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს პიროვნებას.
ამ ნაბიჯების გადადგმა გაგაძლიერებთ. ბედნიერება მზარდი უნდა იყოს — დააფასეთ შესანიშნავი მომენტები. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ხანდახან დაბნეულობა ბუნებრივია. გააკეთეთ არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმას, რასაც აფასებთ და თქვენთვის პრიორიტეტულია.