ფსიქოლოგების თქმით, პაციენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ არ არიან ბედნიერები თავიანთი პირადი თუ პროფესიული ცხოვრებით. ბედნიერების ნიმუშად კი, თითქოს, ის პერიოდი აქვთ აღქმული, როცა სკოლა დაამთავრეს, დაქორწინდნენ და ა. შ. შესაბამისად, ფიქრობენ, მსგავსი რამ კვლავ რომ გამოცადონ, ბედნიერებიც იქნებიან…
ამ მიდგომის პრობლემა იმაშია, რომ ბედნიერება ემოციაა და არა, მდგომარეობა. შესაბამისად, არც უბედურებას და არც ბედნიერებას მოეთხოვება, რომ დიდხანს გაგრძელდეს. ბედნიერებისკენ სწრაფვა კი შეიძლება საბოლოო მიზნისკენ სვლას ჰგავდეს. თუმცა, შესაძლოა, დეპრესია ან შფოთვაც ვიგრძნოთ, რადგან ვაწესებთ არარეალურ მოლოდინებს იმის შესახებ, თუ რა არის მიღწევადი.
სრულყოფილება მდგომარეობაა
ბედნიერებისგან განსხვავებით, სრულყოფილება ნამდვილად მდგომარეობაა. ეს მიიღწევა მაშინვე, როგორც კი იღებთ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ხართ და მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებთ. აქ კი პაციენტებს თუ ეტყვით, რომ წარმოიდგინონ ცხოვრების უკეთესი ვარიანტი და აღწერონ, როგორი შეიძლება იყოს ის, მეტად გააანალიზებენ, რომ ყველაფერი მიღწევადია. გამოდის, მცირე ცვლილებით თავადაც შეგიძლიათ სრულყოფილებას მიუახლოვდეთ.
ისწავლეთ ადაპტირება
ცხოვრება იშვიათად თუ მიდის ჩვენი გეგმების მიხედვით, ამიტომ ადაპტაციის სწავლა მენტალური ჯანმრთელობისთვის სუპერ ძალად გვევლინება. თუმცა ეს არ გულისხმობს თქვენს მიზნებსა და ოცნებებზე უარის თქმას, პირიქით, მაქსიმალურის მიღებაა იმისგან, რაც კონკრეტულ მომენტში გაქვთ, რათა მეტად ფოკუსირდეთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების შექმნაზე. ეს პროცესი ისეთი კითხვით შეგიძლიათ დაიწყოთ, როგორიცაა: „რამდენად მსურს შეცვლა, სწავლა ან შეცდომების დაშვება?“. შესაძლოა, ადაპტირება ძველი ჩვევების დავიწყებასაც ნიშნავდეს, რათა ახლების განვითარება შეძლოთ.
ჩამოაყალიბეთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები
ჰარვარდის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ურთიერთობების ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომ, თქვენი ურთიერთობები თქვენივე მენტალური ჯანმრთელობის ინვესტიციად და იმ შესაძლებლობად ჩათვალეთ, რომელიც სრულყოფილებასთან გაახლოებთ. ამაში შეიძლება ჯგუფური თერაპიები დაგეხმაროთ. ხოლო, როცა ვიღაც ახალს შეხვდებით, დაუსვით კითხვები და აქტიურად მოუსმინეთ, აგრძნობინეთ, რომ თქვენ მათი გესმით.
ეცადეთ, არ ინანოთ
ყველას გვაქვს რაღაც ისეთი, რასაც ძალიან ვნანობთ, მაგრამ ვერ შევცვლით — ამიტომ, უნდა გახსოვდეთ, სინანულთან ერთად ცხოვრება უარყოფითად აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. გამოდის, თქვენ წარსულის მიღება უნდა შეგეძლოთ. უბრალოდ საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ისწავლეთ ადრეული გამოცდილებებიდან — ეს დაგეხმარებათ, მომავალში შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ამ გაკვეთილების გამო მადლიერიც კი დარჩეთ.
წყარო: Washington Post