ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 20 მაისს აღინიშნება, სუპერმარკეტების გიგანტმა Lidl სპეციალური გამოშვების სიროფი შექმნა. ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, შრომისმოყვარე არსება ამჟამად მზარდი საფრთხის წინაშე დგას…
ამიტომაცაა, რომ Lidl-მა საგანგებოდ შეიმუშავა სიროფის რეცეპტი — მომხმარებლებს შეუძლიათ, მისი ურბანულ გარემოში მოთავსებით ფუტკრებს საჭირო „საკვები“ მიაწოდონ. ვინაიდან ქალაქებში სულ უფრო მცირდება ყვავილების რაოდენობა, ეს ერთგვარ ალტერნატიულ გზას წარმოადგენს ფუტკრების გამოსაკვებად.
2023 წლის WWF x Bug Life ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ფუტკრის სახეობების 40% საგანგაშოდ იკლებს. Lidl-ის Bee-rs კამპანია კი საზოგადოებას მოუწოდებს, როცა ყვავილების გარეშე დარჩენილ ფუტკარს შეამჩნევენ, ეს სიროფი სადმე იქვე მოათავსონ. ამავდროულად, კომპანიაში განმარტავენ, რომ ფუტკრების მხარდასაჭერად და მათი პოპულაციის ზრდის ხელშესაწყობად საუკეთესო საშუალება შესაფერისი ყვავილების დარგვაა; მათ შორისაა ლავანდა, მზესუმზირა და ველური ყვავილები — ისინი მწერებისთვის აუცილებელ საკვებს და თავშესაფარს უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, Bee-r-ის ბოთლები შეიძლება ხელახლა შეივსოს მარტივი სიროფით, რომელიც დამზადებულია თეთრი გრანულირებული შაქრისა და თბილი წყლის თანაბარი კონცენტრაციით.
„ჩვენი ფლორის, ფაუნისა და საკვების დიდი ნაწილი ფუტკრებზეა დამოკიდებული. Bee-rs კი მორიგი შესაძლებლობაა ბუნების მოყვარულთათვის, მცირე დახმარება მაინც გასწიონ ბიომრავალფეროვნებისთვის“, — აღნიშნავს გრეგ ბული, The British Bee Charity-ის თავმჯდომარე.