Beeline თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაიქმნება. შესაბამისად, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ბევრ ინოვაციური სიახლეს სთავაზობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია განახლებული სამუშაო სივრცე გამყოფი კედლებისა და ცალ-ცალკე კაბინეტების გარეშე.
ლელა სალაყაია (Beeline-ის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი): განახლებული ოფისის მოწყობის მთავარი კონცეფცია ის არის, რომ გვაქვს აბსოლუტურად ღია სივრცე, თუ არ ჩავთლით რამდენიმე კუთხეს ვიდეო ზარებისა და შეხვედრებისთვის. ანუ, ჩვენთან არ არსებობს ბარიერი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის. ამ კონცეფციის ოფისი თავდაპირველად შტაბ-ბინის (ადმინისტრაციული ოფისის) თანამშრომლებისთვის გავაკეთეთ, შემდეგ ქოლ-ცენტრისთვის, ხოლო 2018 წელს „ბილაინის“ ტექნიკური ოფისიც ანალოგიური იქნება. იცით, ადრე როგორი იყო ჩვენი კომპანიის ყოფილი ადმინისტრაციული ოფისი? 8 სართულიან, სტანდარტული ტიპის შენობაში ვმუშაობდით, სადაც სივრცის დიდ ნაწილს კედლები, კარები, კიბეები და ა.შ. . იკავებდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველა თანამშრომელი და, მათ შორის, გენერალური დირექტორიც, საერთო, ღია სივრცეში მუშაობს.
M: სამუშაო სივრცის მოწყობა კომპანიის ახალი კულტურისა და ღირებულებების მიხედვით ამით
დასრულდა?
წინ გვაქვს კიდევ ერთი ეტაპი. ეს ითვალისწინებს სამუშაო სივრცის ისე მოწყობას, სადაც თანამშრომლებს არ აქვთ კონკრეტული სამუშაო ადგილი. უცხოურ ბაზარზე მსხვილი კომპანიების გამოცდილებამ აჩვენა, რომ თანამშრომლისთვის მტკივნეულია, როდესაც მას სამსახურში არ აქვს საკუთარი ადგილი და უნდა აირჩიოს მხოლოდ ის, რომელიც, მოცემულ მომენტში თავისუფალია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ცვლილებები ჩვენს თანამშრომლებს ეტაპობრივად შევთავაზოთ და ე.წ. Clear Desk Policy მეორე ეტაპზე განვახორციელოთ. სისტემატიური აღრიცხვის შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილი არასდროს არის 100%-ით დაკავებული, არ არსებობს ოფისში სრული დასწრება. არის: დეკრეტი, ბიულეტენი, საველე სამუშაოები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თანამშრომლისთვის კონკრეტული სამუშაო ადგილი ყოველდღიურად არ გვჭირდება. აღნიშნულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შევქმენით ნაკლები სამუშაო ადგილი და მეტი მოსასვენებელი ზონა, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დაისვენოს, კომფორტულად შეასრულოს თავისი სამუშაო. მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს მივცეთ არჩევანის საშუალება, ისინი არ უნდა იყვნენ მუდმივად ერთ კონკრეტულ სამუშაო მაგიდასთან მიჯაჭვულები. გარდა ამისა, შევქმენით სამუშაო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ზონა, მინით შემოსაზღვრული სათათბირო ოთახები, როგორც საქმიანი ფორმატის შეხვედრებისთვის, ისე შეხვედრებისთვის არაფორმალურ ატმოსფეროში. ანუ ჩვენი გარემო მუდმივად გაძლევს საშუალებას შენთვის კომფორტულ მდგომარეობაში აკეთო შენი საქმე. რეალურად, ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც მაქსიმალური კომფორტი ექნებათ თანამშრომლებს და გარემო, სადაც დილით სიხარულით მოვლენ.
M: კიდევ რის შეცვლას აპირებთ?
სამუშაო სივრცეში დავამატებთ შეხვედრების ოთახებს, დასასვენებელ ზონებს. მალე, ყველა თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ე.წ. Be Free, ანუ კვირაში ერთი ან ორი დღე იქ იმუშაოს, სადაც თავად მოისურვებს და თავს კომფორტულად იგრძნობს, იქნება ეს „ბილაინის” ოფისი, სახლი, კაფე, თუ ბუნება. დასჭირდება მხოლოდ ინტერნეტი, პროგრამული თვალსაზრისით კი ყველაფერი მის პერსონალურ კომპიუტერში იქნება ჩატვირთული.
M: რას ემსახურება სამუშაო სივრცის ახალი კონცეფცია?
სამუშაო სივრცის დაგეგმვის ეს კონცეფცია გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის ახალი სტრატეგიიდან, რომელიც გულისხმობს „ბილაინის” ტრადიციული სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაქმნას. ეს ძირეულად ცვლის კომპანიის ბიზნეს მოდელს. ბიზნეს მოდელი კი თავის მხრივ ვერ შეიცვლება, თუ არ შეიცვალა კორპორატიული კულტურა, თუ არ შეიცვალა ღირებულებები. აქ საუბარია ე.წ.mind set-ის ტრანსფორმაციაზე. გარემოში, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით, სხვადასხვა სართულზე განლაგებული კაბინეტებითა და ერთმანეთისგან იზოლირებული ფუნქციებით, წარმოუდგენელი იყო ახალი ბიზნეს მოდელის შექმნა, ტრანსფორმაციის სტრატეგიის განხორციელება. შესაბამისად, საჭირო გახდა ადექვატური სამუშაო გარემო, რაც დღეს სახეზე გვაქვს – ღია სივრცე ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ჩვენ შიდა ტელეფონიც კი არ გვაქვს, რადგან ამის საჭიროება უბრალოდ აღარ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით პირისპირ, ან მობილური ტელეფონისა და ჩვენი აპლიკაციის, „ვეონის” საშუალებით. გარდა ამისა, ჩვენთან არ არსებობს ე.წ. „დრეს კოდი“. მე პირადად, თვით საბანკო სფეროშიც არ მივესალმები „დრეს კოდს“. ვთვლი, რომ თუ არ გაქვს შეხება კლიენტთან, ან არ გაქვს საქმიანი შეხვედრა, მკაცრი სტანდარტები, ამ მიმართულებით, უბრალოდ გუშინდელი დღეა. მით უმეტეს კომპანიაში, რომელშიც ვცდილობთ მოვიზიდოთ „მილენიალები“. მათ არ უნდა შევუქმნათ ხელოვნური ბარიერები, დამაბრკოლებელი სტანდარტები.
M: რა შეიცვალა კომპანიაში ამ ახალი კულტურითა და შეცვლილი ღირებულებებით და შესაბამისად ახალი სამუშაო სივრცით კომპანიაში?
ამ ცვლილებამ ხელი შეუწყო კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას, ურთიერთობები გახდა ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი. ყველა ერთმანეთს ხვდება, უკეთ ხედავენ და აფასებენ ერთმანეთის შრომას, რაც თავის მხრივ, ზრდის ჩართულობას საერთო მიზნების მიღწევისთვის, ზრდის ძლიერი, ერთიანი გუნდის განცდას.
M: თანამშრომლები როგორ აღიქვამენ ამ სიახლეებს? რა მოსწონთ და რა – არა?
ახალ ოფისში გადმოსვლიდან ერთ თვეში ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რა მოსწონდათ და რა არა ჩვენს თანამშრომლებს. მონაწილეობა ამ ოფისის თანამშრომელთა 95%-მა მიიღო. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან 91% ძალიან კმაყოფილია ახალი, ღია სამუშაო სივრცით. მე, პირადად, მქონდა შიში, რომ ოფისში იქნებოდა ხმაური, თუმცა, რეალურად ასე არ მოხდა. თანამშრომლების მხრიდან მივიღეთ ბევრი მადლობა. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ აქვთ შეგრძნება, თითქოს, ახალ კომპანიაში მუშაობენ. გამოკითხვის შედეგებიდან ისიც შევიტყვეთ, თუ რისი შეცვლა სურდათ თანამშრომლებს. ეს საკითხებიც დავამუშვეთ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირებით და ვადებით და უკვე ჩავაბარე თანამშრომელბს ანგარიში, რა გაკეთდა და რისი გაკეთება გრძელდება. მაგალითისთვის, გარე ტერასის კეთილმოწყობა და მისი დაყოფა მწეველებისა და არა მწეველების ზონებად, მინების დაბურვა, სამზარეულო სივრცის გამოყოფა ა.შ. . კვლევებს, გარკვეული პერიოდულობით, მომავალშიც გავაგრძელებთ.
M: ეს ცვლილებები, როგორც აღნიშნეთ, ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. რა არის ამ ყველაფრის მიზანი?
ჩვენი ახალი სტრატეგია საკმაოდ ვრცელი, ჩამოყალიბებული დოკუმენტია და მისი განხორციელება რამდენიმე არხის საშუალებით მიმდინარეობს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ქვე-პროექტები. როგორც წესი, თითოეული სტრატეგია იშლება სტრიმებად, სტრიმები – პროექტებად, პროექტები მიზნებად და ა.შ. . გლობალური კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიების თითოეული თანამშრომელი ამ დიდი ფერხულის მონაწილეა. ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ის, რომ გარდავიქმნათ „დიჯითალ“ კომპანიად, რომელიც იქნება პიონერი ცვლილებების განხორციელებაში. ამ საერთო სტრატეგიის ნაწილია ახალი კონცეფციის სამუშაო გარემოც, სადაც მოვიზიდავთ ახალ ტალანტებს, შევინარჩუნებთ მათ და მივცემთ მოტივაციას განვითარდნენ, იყვნენ ბრენდის მიმართ ლოიალურები.