11
Apr
2019

“ბილაინი” საქართველოს კანის ახალგაზრდული კონკურის მხარდამჭერია

11 Apr 2019

უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში კანის ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia იმართება. კონკურსში 30 წლამდე ახალგაზრდა კრეატორები საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა კატეგორიებში ცდიან. წლევანდელი კონკურსი 12, 13 და 14 აპრილს ჩატარდება, გამარჯვებულები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. ქართული კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთს დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან. აღსანიშნავია, რომ წელს, კონკურსზე Young Lions Georgia-ს ისტორიაში ყველაზე მეტი, 169 გუნდი დარეგისტრირდა. გამარჯვებული ხუთი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და კანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებს. კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერთა რიგებს, წელს, “ბილაინი” შემოუერთდა. “ბილაინის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ კოპაძე კანის ახალგაზრდული ფესტივალის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

M: რატომ გადაწყვიტეთ “კანის ახალგაზრდული კონკურსის” მხარდაჭერა?

“ბილაინი” შედარებით ახალგაზრდული ბრენდია და ეს, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს პროდუქტებისა და შეთავაზებების ხასიათიდან –  ბილაინი ბაზარს სთავაზობს ინოვაციურ, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს და დიდი აქცენტი გვაქვს ციფრულ მიმართულებაზე. შესაბამისად, ყველა ის ინიციატივა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდების მისწრაფებების მხარდაჭერას, მათი პოტენციალისა და იდეების რეალიზებას, ჩვენთვის ახლობელია.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონკურსის ხელშეწყობა?

როგორც დიდი საერთაშორისო ჯგუფის წევრი კომპანია, ვთვლით, რომ საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები ბევრის მომცემია. პირველ რიგში, ისეთი დონისა და ხარისხის მიდგომებს გთხოვს, რომელიც არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური ბაზრისთვის გამოდგება. ასევე, გაცილებით უფრო „დიდ სურათზე“ გაფიქრებს და გაჩვევს იაზროვნო ფართოდ და გახსნილად. ამდენად, რადგანაც საქართველო აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, აუცილებელია  ახალგაზრდებს წვდომა ქონდეთ ისეთ გამოცდილებაზე, რომელიც მათ თანამედროვე მსოფლიოს „თამაშის“ წესებს ასწავლის.

M: თქვენი დაკვირვებით, რა შეცვალა ამ კონკურსმა ქართულ სარეკლამო და მარკეტინგულ ინდუსტრიაში?

ქართული სარეკლამო და მარკეტინგული ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება და არა მხოლოდ ითვისებს, არამედ თავადაც ნერგავს ახლებურ მიდგომას. ამაში წვლილი უდავოდ შეაქვს „კანის ახალგაზრდულ კონკურსს“, რადგანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს, შეიძლება არ გქონდეს შესაძლებლობა იმუშაო რთულ და შთაგონების მომცემ ბრიფზე, ეს კონკურსი კარგი გაგებით აიძულებს ახალგაზრდებს იფიქრონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით და ბოლომდე აამუშაონ საკუთარი კრეატიულობა.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა