4 მაისს Alibi Arena ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს. სტუმრებს სხვადასხვა ლუდთან ერთად გასართობ ღონისძიებაზე სხვადასხვა შემსრულებელიც დახვდებათ, რომლებიც ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში გააფორმებენ. ღონისძიების შესახებ Marketer.ge ფესტივალის ორგანიზატორს, გიზო ილურიძეს გაესაუბრა:

M: როგორია ფესტივალის კონცეფცია?
ფესტივალის ორგანიზატორია Alibi Arena – ახალი საფესტივალო სივრცე ფონიჭალაში. შარშან შემოდგომაზე გაკეთდა 90-იანების ფესტივალი, რომელმაც იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სტაბილური ფესტივალი გაგვეკეთებინა. ასეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი ლუდის ფესტივალი ჯერ არ ყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი ლუდი არ იქნება წამყვანი და იქნება მრავალი იმპორტული, ქართული წარმოების ლუდი და, ასევე, Craft-ლუდები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ბევრი გვაქვს. ასევე, გვინდა, რომ წინ წამოვწიოთ მცირე მეწარმეებიც, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე თბილისშიც ხარშავენ ლუდებს. საკმაოდ დიდი კულტურა გვაქვს ლუდის ხარშვის და, გვსურს, რომ მისი პოპულარიზაცია მოხდეს.. – სწორედ ეს არის ამ ფესტივალის მიზანიც.
M: რა აქტივობებია დაგეგმილი ლუდის ფესტივალზე?
ფესტივალი გაიმართება 4 მაისს, გაიხსნება 12 საათზე. დღის განმავლობაში ფესტივალს ქართველი და უცხოური შემსრულებლები გააფორმებენ. პარალელურად, გვეყოლება წამყვანები – ანი გიუნტერი და ვანიკო თარხნიშვილი, რომლებიც როგორც სცენიდან, ისე სხვადასხვა აქტივობებიდანაც გაუძღვებიან ფესტივალს. ფესტივალზე იქნება თამაშები, შეჯიბრებები, საჩუქრები, წარმოდგენები.. ასევე, მრავალფეროვანი კულინარია – რაც ძალიან უხდება ლუდს. ფესტივალის ჰედლაინერი იქნება უკრაინული ჯგუფი 5’Nizza, შემდეგ კი დიჯეი დაუკრავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სადამდეც ხალხი კომფორტულად იგრძნობს თავს, იქამდე გაგრძელდება ფესტივალიც. და ბოლოს, რაც მთავარია, იქნება უამრავი, სხვადასხვა ლუდი..

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვისაა ეს ფესტივალი?
მგონია, რომ ეს ფესტივალი ყველაზეა გათვლილი, რადგანაც ჩვენი მიდგომაა, რომ აქტივობების მხრივაც და ფასის მიხედვითაც ყველაზე იყოს მორგებული იგი. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ის ფასი, რაც აქვს ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს. გვინდა, რომ ბევრი ხალხი იყოს, რადგანაც ფესტივალი უფრო მეტად სასიამოვნო იქნება ასეთ შემთხვევაში.
M: რატომ, მაინც და მაინც, ალიბი არენა?
ძალიან კარგი სივრცეა. მოშორებით არის ქალაქისგან – თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 7 წუთის სავალზეა. ფესტივალისთვის საკმაოდ კარგი რელიეფია და, რაც მთავარია, 21 000 კვადრატული მეტრია, იქვეა განთავსებული სტაციონარული ბარები, დაიდგმება ჯიხურებიც, სადაც საკვები გაიყიდება.. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 4 მაისს ორთაჭალის ავტოსადგურიდან 12:00 საათიდან Alibi Arena-მდე უფასო ტრანსპორტი დაინიშნება.
M: რას გეგმავთ სამომავლოდ?
რეალურად, სივრცე Alibi Arena გაკეთდა იმისთვის, რომ მოეწყოს სხვადასხვა მრავალფეროვანი ფესტივალი და გასართობი ღონისძიება. რამდენიმე სამომავლო ფესტივალი უკვე მუშაობის პროცესშია. წინა წელს გამართული 90-იანების ფესტივალმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ ვაპირებთ გავამეოროთ. რაც შეეხება ლუდის ფესტივალს, წელს ვაპირებთ რომ ერთდღიანი ფესტივალი მოვსინჯოთ, წარმატებით ჩავლის შემთხვევაში კი, მომავალ წელს ორ დღიანს ჩავატარებთ.

[R]













