სამსახურიდან წამოსვლის დრო ხომ არ არის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პერიოდულად, უამრავ დასაქმებულს უწევს. ადამიანების უმეტესობა იცდის, სანამ წასვლის აუცილებლობას არ იგრძნობს. ეს კი მათ წამგებიან პოზიციაში აყენებს. საბოლოო ჯამში, მათ შეიძლება, კარიერაში წინსვლის ნაცვლად, სამსახურის ისეთი ალტერნატივა შეხვდეთ, “სხვა გზა რომ არ ჰქონდათ”…
არ დაუშვათ ასეთი რამ. იყავით პროაქტიული და წელიწადში ერთხელ მაინც, აწონ-დაწონეთ, რა გაკავშირებთ ორგანიზაციასთან, რა ღირებულებები და ფასეულობები გემატებათ, რამდენად ავლენთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და რამდენად ბედნიერი ხართ. ამ ყველაფერში გასარკვევად კი, ეს სამი შეკითხვა დაგეხმარებათ:
სწორ ორგანიზაციაში მუშაობთ?
დარწმუნდით, რომ ჩაძირვის პირას მყოფ გემზე არ იმყოფებით და მასთან ერთად არ იძირებით. ამისათვის კი შემდეგ საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება:
- ორგანიზაციაში ცვლილებებია, სხვა კომპანიას შეერწყა და მართვის სადავეები გადანაწილდა, თქვენ კი ხედავთ, რომ ცვლილებების ნაწილი არ ხართ.
- ბიზნესის მიმართულების მედია აქტიურად აკრიტიკებს მენეჯმენტის გუნდს.
- ორგანიზაცია ახალ პროდუქტებსა და მომსახურებაში არ დებს ინვესტიციას და საქმის წარმოების კვლავ ძველებურ მეთოდებს მიმართავს.
- ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემდით, კომპანიას ტოვებენ.
- მოგება მცირდება (არაკომერციული ორგანიზაცია თუ გაქვთ, დონაცია მცირდება).
- მმართველ პოზიციებზე “გარედან მოსული” პირები ინიშნებიან და თავიანთი მეგობრები აჰყავთ სამსახურში.
- ორგანიზაცია ხარჯებს უსაფუძვლოდ და გაუფრთხილებლად ამცირებს.
თუკი, ჩამოთვლილთაგან 4 მაინც შეესაბამება თქვენს ორგანიზაციას, ცივი გონებით შეხედეთ ამ საკითხს. ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც კომპანია უკვე დატოვეს. გადახედეთ ბიზნეს პრესას. ორგანიზაცია დაღუპვის პირასაა? ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კრიზისში მყოფ ორგანიზაციაში სამუშაოდ დარჩენა გონივრული გადაწყვეტილებაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მმართველი პოზიცია უნდა გეკავოთ, რომ რაიმეს შეცვლისა და გაუმჯობესების უფლებამოსილება გქონდეთ.
სწორ პოზიციაზე ხართ?
შესაძლოა, გასულ წელს ეს სამსახური თქვენთვის შესანიშნავი იყო, თუმცა, წელსაც ასეა? სამსახური ზრდასა და განვითარებაში უნდა გეხმარებოდეთ. გიცნობენ ადამიანები იმ საქმის გამო, რასაც აკეთებთ? აღიარებენ თქვენს ნაშრომს და იღებთ დამსახურებულ ჯილდოს? როგორც კი იწყებთ ფიქრს იმაზე, რომ თქვენი სამუშაოს პოლიტიკური ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შესრულებული საქმე, ყურადღებით დააკვირდით. აი, შვიდი საგანგაშო ნიშანი, რომელიც სარისკო სიტუაციას გაგააზრებინებთ:
- თქვენი ბონუსები და დაწინაურება აღარ არის საშუალოზე მაღალი.
- თქვენი ბოსი გვერდს გივლით და პირდაპირ თქვენს დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ან კოლეგებთან ურთიერთობს.
- კოლეგებთან ერთად, აღარ გიწვევენ მნიშვნელოვან შეხვედრებსა თუ ვახშმებზე.
- აკეთებთ საქმეს, რომელსაც არ ეთანხმებით და გიწევთ თქვენი მოსაზრება თქვენთვისვე შეინახოთ.
- მუდმივად სულელურ შეცდომებს უშვებთ და ვერ ხვდებით, რატომ.
- თქვენმა მენტორებმა სამსახური დატოვეს ან არასასურველ პოზიციაში აღმოჩნდნენ.
- გიძნელდებათ წინასწარ განსაზღვროთ დაწინაურება ან საქმის საუკეთესო შემსრულებლის გამოცნობა.
თუკი თავად ორგანიზაცია კარგია, მაგრამ თქვენი პოზიცია არ შეგესაბამებად, ან სხვა პოზიციისთვის იბრძოლეთ ან ეძებეთ სხვა პოზიცია სხვა ორგანიზაციაში. ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ? ისინი, ვინც სამსახური დატოვეს და სხვაგან გადაინაცვლეს. ასეა თუ ისე, ეს ის დროა, როცა თქვენი რეზიუმე უნდა მოასწესრიგოთ, დაივიწყოთ, ვის რა ბრალეულობა ეკუთვნის და უბრალოდ, წახვიდეთ.
თავად რას უპირებთ საკუთარ კარიერას?
პირველი ორისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენი ორგანიზაციისა და თქვენი პოზიციის ეს კითხვა საკუთარ თავში გარკვევაში დაგეხმარებათ. გადახედეთ საკუთარ კარიერულ აქტივებს. დაფიქრდით და ვიმედოვნებთ, ამ ფრაზებიდან ბევრი შეგეფერებათ:
- კარგი რეპუტაცია გაქვთ, როგორც ორგანიზაციაში, ისე პროფესიის მიღმა.
- ადამიანები დასახმარებლად და რჩევების მისაღებად მოგმართავენ, თქვენ კი მათ ეხმარებით.
- იცით, რისი სწავლა გსურთ და გასული ერთი წლის მანძილზე, საკუთარ რესურსებსაც ხარჯავდით ახალი ცოდნის მისაღებად და კარიერაში წინ წასასვლელად.
- იცით, რა არის თქვენი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი დეტალები.
- გესმით, რა გამოწვევებია მოსალოდნელი თქვენს სფეროში.
- გაქვთ პროფესიონალური კონტაქტები, რომლებსაც შეგიძლიათ დასახმარებლად ან მხარდაჭერისთვის მიმართოთ.
- თქვენ იცით, როგორ დახარჯოთ დრო.
თუკი, ჩამოთვლილთაგან, 5-6 გამონათქვამი შეგეფერებათ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თქვენ მთლიანად მართავთ თქვენს კარიერულ გეზს. პროფესიული აქტივები კარიერულ გზას გაგიკვალავთ და მოგცემთ ძალაუფლებას, რომ თავად განსაზღვროთ, საით წახვიდეთ და როგორ გარემოში იმუშაოთ. უბრალოდ, მისდიეთ რჩევებს – დაიწყეთ კოლეგებით, თქვენ იინდუსტრიის პროფესიონალებითა და რეპუტაციის შენებით.
თუკი, სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობთ, ყოველივე ეს დეტალურად გააანალიზეთ: ორგანიზაციაშია პრობლემა, თქვენს პოზიციაში თუ თავად თქვენში? იქნებოდა გამოსავალი ანალოგიური საქმის სხვა დამსაქმებელთან კეთება? ან იმავე დამსაქმებელთან სხვა პოზიციის დაკავება? ვიმედოვნებთ, სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ.
წყარო: HBR