მართალია 2026 წლის დადგომამდე ჯერ კიდევ თვეებია დარჩენილი, მაგრამ Behr უკვე გვაცნობს წლის ფერს. Hidden Gem ლურჯსა და მწვანეს შორის მოქცეული სიღრმისეული ფერია. ამგვარად, თუ აქამდე მაინც უფრო ნათელ ტრენდულ ფერებს ვიყავით შეჩვეულნი, ახლა დროა რაღაც უფრო განსხვავებულისთვის მოვემზადოთ.
Behr გვეუბნება, რომ 2026 წლის ფერი მრავალმხრივ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მთლიანი ოთახებისთვის ან აქცენტურად, სასტუმროს ლობისთვის ან მისაღები ოთახებისთვის.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80% პრიორიტეტს მარადიულობას ანიჭებს და არა, თამამი ფერების ტრენდებს. კვლევის მონაწილეთა ⅔ კი ამბობს, რომ Hidden Gem უნიკალურ შეგრძნებას ბადებს, ოთახში სიმშვიდე შემოაქვს და არც კედლებზე გამოიყურება მოძველებურად. აღსანიშნავია, რომ მიღებული ინსაითები სხვა ბრენდების არჩევანსაც ესადაგება, რომლებიც ხაზს სითბოზე, ბალანსსა და ბუნებით შთაგონებულ ჩრდილებზე უსვამენ.

უნდა ითქვას, რომ Hidden Gem ბრენდის 2026 წლის ფერთა ტრენდების პალიტრას ქმნის, რომელიც თბილი ნეიტრალური, რბილი პასტელური, მდიდარი ტერაკოტებისა და სიღრმისეული ტონებისგან შედგება — ეს ყველაფერი კი ასახავს იმას, რასაც კომპანია, კომფორტისა და მარადიულობისკენ გადახრილ კულტურულ მიდრეკილებებს უწოდებს.

თანმხლები ფერები მოიცავს Baronial Brown-სა და Rodeo Tan-ს, Beehive-სა და Dainty Lace-ს, ისეთ ნეიტრალურ ტონთან ერთად, როგორიც Blank Canvas გახლავთ. ყველა მათგანი გამიზნულია როგორც ერთად, ისე ცალკე გამოსაყენებლად. და თქვენ რას იტყვით? ისურვებდით Behr-ის პალიტრიდან რომელიმეს გამოყენებას თქვენს ინტერიერში?
















