25
Sep
2019

ყველას შეუძლია იყოს კრეატიული?

25 Sep 2019

თანამედროვე სამყაროში, რომელიც მუდმივად შობს ხელოვანებსა და შემოქმედებით ადამიანებს, ბევრი მაინც ვერ ხედავს საკუთარ თავში კრეატივს. ფიქრობენ, რომ ესაა თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც მხოლოდ გამორჩეული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, იქნებ, ცდებით და ჯერ კიდევ არ იცნობთ საკუთარ თავში ამ მხარეს? ზოგჯერ ამის მიზეზი რუტინაა, ზოგჯერ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. მაშ, როგორ გავიგოთ მეტი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ? მეტიც, როგორ განვავითაროთ ეს შესაძლებლობა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

იქნებ, სპეციფიკური გარემო გჭირდებათ საკუთარი კრეატივის გამოსავლენად?

კრეატივი მხოლოდ განსაკუთრებული და იშვიათი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება როდია. ის არაა დამოკიდებული არც ხასიათზე, გენეტიკაზე ან თვალის ფერზე. კრეატივი ნებისმიერმა შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარ თავში. ესაა სტიმულისა და დისციპლინის კომბინაცია, რომელიც ერთმანეთს კვებავს.

სტუმულად გამოდგება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც იღებთ გარემოცვის აქტიურად და რეგულარულად შესწავლიდან. რაც უფრო მეტია სტიმული, სინთეზის მით მეტი შესაძლებლობა გაქვთ და ღირებულ და გამორჩეულ კავშირებსაც პოულობთ.

დღესდღეობით, პოდკასტებით, YouTube-ით და უამრავი ონლაინ პლატფორმის საშუალებით, წვდომა გაქვთ უამრავი სახის სტიმულზე. თუკი გსურთ დრო გამოიყენოთ მნიშვნელოვანი მიგნებების საპოვნელად, საამისოდ დღეს უამრავი რესურსია და კრეატივის გამოვლენის საშუალებაც, ასე თუ ისე, ყველასთვის მოიძებნება. ამდენად, დაიწყეთ ძიება, გაეცანით ტექნიკებს და დააკვირდით საკუთარ თავს.

როგორ მუშაობს თქვენი გონება?

როდესაც საქმე კრეატივს ეხება, ადამიანების გონება სხვადასხვანაირად არის მოწყობილი. უმეტესობისთვის საერთო ისაა, რომ ძალიან ბევრი შემოქმედებითი ადამიანისთვის შეზღუდვები და საზღვრები ნაკლებად დამახასიათებელია. თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებსაც შეუძლიათ წინასწარგანსაზღვრულ გრაფიკს ორგანიზებულად მიჰყვნენ და თავიანთი დრო და ენერგია მოზომილად გადაანაწილონ. ზოგი მეტ რესურსს შემოქმედებითი ენერგიის გაღვიძებაზე ხარჯავს, სხვები – ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებაზე.

როგორც წესი, როდესაც საქმეში შემოქმედებით ენერგიას ვდებთ, დედლაინების დროს, ხშირად, საქმის საკმაოდ ოპერატიულად ვასრულებთ, მაგრამ სანამ ჩვენი კრეატიული ენერგია რეზონანსში მოვა კონკრეტულ პროექტთან, შეიძლება რამდენჯერმეც კი გადავავადოთ მისი შესრულება. ამის გამო ბევრი შემოქმედებითი ადამიანი შინაგანად აკრიტიკებს კიდეც საკუთარ თავს.
როგორ მუშაობს თქვენი გონება? იქნებ, დედლაინებით უფრო ადვილად მუშაობთ? დედლაინი გაიძულებთ მიიღოთ ნაკლები ინფორმაცია და ამის ნაცვლად, კონცენტრირდეთ კრეატიული ენერგიის გამოშვებაზე? ცუდი სულაც არაა, ეს საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ თქვენ წინაშე მდგარი ამოცანა.

რა პიროვნული მახასიათებლები განაპირობებს თქვენს კრეატიულობას?

სინამდვილეში, არ არსებობს მახასიათებლები, რომლებიც კრეატიულობას განაპირობებენ. ამის ნაცვლად, ესაა საკუთარი თავის ცოდნა და საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება. მათთვის, ვინც საკუთარ თავს დაბადებით კრეატიულად არ მიიჩნევს, შეუძლიათ არაკომფორტულ სიტუაციებში თავის ჩაგდებით გაიცნონ თავიანთი ფარული შესაძლებლობები. მაგალითად, შეხვიდეთ თეატრალურ წრეზე, ასწავლოთ წიგნის წერა უნივერსიტეტში… მოკლედ, ყველაფერი. ადაპტაციის აუცილებლობა თქვენში შემოქმედებითი ენერგიის გამოსროლას გამოიწვევს.

ამას გარდა, ინფორმაციის მიღების სურვილი საშუალებას მოგცემთ დააგროვოთ ცოდნა, გამოცდილება და ფაქტები, რომლებთანაც იგრძნობთ კავშირს ამა თუ იმ სიტუაციაში და მათი დახმარებით იხელმძღვანელებთ გადაწყვეტილების მიღებისას.

რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?

თუკი ძალიან ორგანიზებული ხართ, ამ დრომდე საკუთარ თავში უფრო რაციონალურ ადამიანს ხედავდით და ჯერ მხოლოდ ადაპტირდებით საკუთარ კრეატიულ მიკროსამყაროში, შეიძლება ბარიერები შეგხვდეთ შემოქმედებითი ენერგიის გამოვლენისას. შემოქმედებითობას ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინება შიში, რომელიც საქმის დაწყების წინ ადამიანის მენტალურ პარალიზებას იწვევს. ამის გადალახვის ერთ-ერთი მეთოდი დედლაინიანი პროექტებია, სადაც საქმე მოსასწრებია და ტვინს ექსტრემალურ პირობებში მუშაობას უბიძგებს.

საკუთარი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

შესაძლოა, ეს იყოს პატარა ვიდეო, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ შექმენით, ლექსი, მუსიკა, პროექტი ან სხვა რამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე, თქვენი შემოქმედებითი ენერგია პროდუქტად აქციეთ და შესაძლოა, ის რაღაც ახალი მიგნების საფუძვლად აქციოთ.

და ბოლოს, მოდით, შევთანხმდეთ, კრეატივი კომფორტის ზონაში არ მოდის. ვერავინ შექმნიდა რაიმე უნიკალურსა და გამორჩეულს, ტახტზე წამოწოლილს Netflix-ისთვის რომ ეყურებინა. კრეატივი პირდაპირ ბმაშია პიროვნულ ზრდასთან და ღვივდება მაშინ, როცა შეუცნობელის შესწავლას ვიწყებთ, თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და უხერხულ სიტუაციებს. და მაშინ, როდესაც შიშს საკუთარი გონებიდან გამოაგდებთ, შეძლებთ შეამჩნიოთ, რომ კრეატივი არ არის ის, რაც კონკრეტულ ადამიანებს აქვთ, ესაა თქვენში დამალული საგანძური, რომელიც მზის შუქის დანახვას ელოდება.

 

წყარო: inc



განხილვა