2
Dec
2019

ამ სტატიაში არავინ კვდება, ანუ ამბავი ბექა ადამაშვილზე

2 Dec 2019

ამ სტატიაში არავინ კვდება, ისევე როგორც მის რომანში.. ეს ხომ იმ ადამიანის ამბავია, რომელიც თავს პოსტმოდერნისტ, ფორმების მაძიებელ ავტორად მოიხსენიებს. ტრაგიკული ამბების წერა არა, მაგრამ სარეკლამო ტექსტების წერა ნამდვილად დანათლებული აქვს – მისი არსებობის ბოლო წლები უამრავ კრეატიულ ვიდეორგოლს ინახავს. ერთი კონკრეტული გზით არ მიდის – ბევრი ინტერესის სფერო აქვს, რომლებშიც მგონი რომ თანაბრად უმართლებს. მოსწონს შემოქმედებითი საქმიანობა და კმაყოფილია, რომ ოდესღაც ბიზნესის სფეროს არ გაჰყვა. კითხვაზე, თუ რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს, პასუხობს: “ამ შეკითხვის დასმას..”

ალბათ მიხვდით, ვისაც ეხება ეს მოკლე დისკურსი.. ბექა ადამაშვილი Spotlight 2019-ის სპიკერია, რომელიც თავის წილ “ერთიანობაზე” ისაუბრებს. მანამდე კი, ბექაზე საინტერესო ცნობების გაგებას ამ სტატიიდან შეძლებთ:

M: ვინ არის ბექა ადამაშვილი?

ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი მაქვს, რომელსაც ყველგან ვიმეორებ, თუმცა, დროთა განმავლობაში ახალი სტატუსები ემატება ხოლმე. ვარ არშემდგარი ჟურნალისტი, ცრუ ფსიქოლოგი, პოტენციური ლიტერატურათმცოდნე, კრეატიული დირექტორი და წიგნების ავტორი.

M: ვინ იყო ბექა ადამაშვილი ბავშვობაში?

ბავშვობაში ერთგვარი როლური მოდელი მქონდა მორგებული, რომლის მიხედვითაც სხვებისთვის სამაგალითო ვიყავი. ბავშვებს რომ ეუბნებიან ხოლმე, “ის თუ ასეთია, შენ რატომ არ შეიძლება იყო ეგეთი?” – ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი, რაც ხშირ შემთხვევაში მათში, ვისაც ამ ფრაზას ეუბნებოდნენ, არაცნობიერ ან შეიძლება, ცნობიერ სიძულვილსაც აღვივებდა ხოლმე. შეიძლება, რაღაც მომენტში ესეთი მდგომარეობა მსიამოვნებდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად არ მომწონს, რომ ამგვარი დატვირთვა მქონდა სხვებისთვის.

რაც შეეხება ჩემს მიდრეკილებებს, ზოგადად, თავიდანვე წერა მინდოდა და ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი სწორედ მას უკავშირდება. თავიდან ვწერდი მოთხრობებს – აი, სწორედ იმგვარს, თავიდან მხოლოდ ვიწრო წრეს რომ მოსწონს ხოლმე. შემდეგ უკვე, ინტერნეტის ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლის შემდეგ, ბლოგების წერა დავიწყე, სადაც არა მხოლოდ შიდა წრე, არამედ უცხო ადამიანებიც აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს. სწორედ ამ პერიოდიდან წერა ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილად ვაქციე. ამ დროს უკვე მქონდა საშუალება, მიმეღო არამატერიალური სარგებელი – შეფასებები, რომლებიც გეხმარება, გაიზარდო და უარყოფითი კომენტარები, რომელთა დეფიციტიც გვაქვს ბავშვობაში, ასევე – მატერიალური სარგებელი, რომელიც სიტყვების მეშვეობით გარდაიქმნება ხოლმე თანხებში.

M: როგორი წარმოგედგინა შენი მომავალი? ვინ გეგონა, რომ გამოხვიდოდი?

ბავშვობაში ხშირია ინტერესთა ცვალებადობა – იმ წიგნების და ფილმების მიხედვით სახავ შენს მომავალს, რომელსაც კითხულობ და უყურებ. თუმცა, რადგან ელექტროენერგია არ იყო და საყურებელი ბევრი არაფერი მქონდა, ძირითადად, ვკითხულობდი. ამიტომ, თავდაპირველად შერლოკ ჰოლმსის გავლენით, მეგონა რომ დეტექტივი გამოვიდოდი. მერე უკვე, მამაჩემის გავლენით, ფეხბურთელობა მინდოდა.. ბოლოს დილემის წინაშე დავდექი: ფეხბურთი თუ სწავლა? და გამომდინარე იქიდან, რომ თავში უფრო მეტი რამ მქონდა, ვიდრე ფეხებში, გადაწყდა, რომ უნდა მესწავლა.

შესაბამისად, ფეხბურთელობისა და დეტექტივობის შემდეგ მომინდა ჟურნალისტიკა, რადგანაც ყველაზე მეტად ეს მიმართულება უკავშირდებოდა წერას, ვიდრე ბიზნესი ან რაიმე სხვა.. თუმცა, როგორც შემდგომმა გამოცდილებამ მიჩვენა, არც ჟურნალისტიკაა მთლად წერა, როგორც აქამდე მეგონა. ჟურნალისტიკა უფრო კომუნიკაციაა, რომელიც ნაკლებად სოციალური უნარებიდან გამომდინარე არც თუ ისე კარგად გამომდიოდა.

M: როგორი იყო შენი პირველი სამსახური?

4 წლიანი სწავლის შემდეგ 2 თვიანი სტაჟირება გავიარე ჟურნალისტიკის კუთხით და ალბათ სწორედ ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ხალხთან რეგულარულად რეკვა და ამ ტიპის კომუნიკაცია ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. შემდეგ უკვე მიწევდა საქართველოს მასშტაბით საქმიანი გასვლები და მთელი თუ არა, 1/8 საქართველოს შემოვლის შემდეგ მივხვდი, რომ ჟურნალისტობა არ მინდოდა.

M: შენი პირველი შემოსავლის წყაროც ეს სტაჟირება იყო? და თუ გახსოვს და საიდუმლო არ არის, რაში დახარჯე ის?

არა, ჩემი პირველი შემოსავლის წყარო სტუდენტური დასაქმება იყო. საიდუმლო ნამდვილად არ არის, თუმცა, არ მახსოვს – ვინმე გამომართმევდა ალბათ..

M: 3 წელზე მეტია, რაც სარეკლამო ინდუსტრიაში ხარ.. სანამ ამ თემას შევეხებით, მანამდე როგორი იყო შენი ცხოვრება? 

შთამაგონებელი ისტორია ნამდვილად არ მაქვს, მაგალითად, ერთ დღეს ძალიან უბედური მეორე დღეს ძალიან ბედნიერად არ ვქცეულვარ. რაღაცნაირად თავისით მოდიოდა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.

კავკასიის უნივერსიტეტში ვმუშაობდი შემოქმედებით მენეჯერად, აი, ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა სიტყვა მენეჯერი მოდაში შემოდიოდა. უნდა ვყოფილიყავი რაღაცის მენეჯერი და შესაბამისად გავხდი შემოქმედებითი მენეჯერი, რადგან სხვა ვერაფერი მომესადაგა. თუმცა, თან ვითავსებდი ფოტოგრაფის, ოპერატორის, ღონისძიების დამგეგმავის და კიდევ სხვა ფუნქციებს, რომლებიც მაინც და მაინც არ ერთიანდებოდა შემოქმედებითი მენეჯერის კომპეტენციაში.

ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა შემოთავაზება გადაცემიდან “ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები”, რომელიც მაესტროზე გადიოდა. ამ გადაცემაში 3 წელი ვიმუშავე სცენარისტად. რაღაცა პერიოდის მერე ვხვდებოდი, რომ ეს გადაცემა ჩემთვის უკვე კომფორტის ზონა ხდებოდა და სანამ ჩემით მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება, მანამდე თვითონ გადაცემა დაიხურა. შემდეგ უკვე, იმავე გადაცემის ფორმატში რადიოშიც ვმუშაობდი. სწორედ ამ ყველაფრის მერე გამოჩნდა “ლივინგსტონი”, რომელში მისვლაც ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

M: როგორ ფიქრობ, რას გაძლევს სარეკლამო ინდუსტრია? როგორი გამოცდილებაა შენთვის ის?

ზოგადად, შემოქმედებითი სფეროები საქართველოში ძალიან ცოტაა. შეიძლება, რაღაც იდეა დაგებადოს, რომელსაც გააზიარებ ფეისბუქზე, თუმცა, ვერ უპოვი გუნდის გარეშე განვითარებას. ასეთ დროს გჭირდება ხალხი, რომელიც ტექნიკურად და შინაარსობრივად შენი იდეის დახვეწაში დაგეხმარება. ყველაზე კარგი, რაც სარეკლამო სფეროში მომწონს, არის ის, რომ შეგიძლია, ეს შენი გონებრივი რესურსი სასარგებლო საქმეებისკენ მიმართო. სარეკლამო სფეროში გაქვს პოტენციალი, ვიღაცების ცხოვრება შეცვალო, ვიღაცები დააფიქრო იმ საკითხებზე, რომლებზეც აქამდე არ უფიქრიათ.

ფინანსური მხარდაჭერით კარგ საქმეებს შემოქმედებითად ფუთავ და რომ არა ეს მხარდაჭერა, ამ იდეებს სამომავლოდ გადადებდი – იქამდე, სანამ მილიონერი არ გახდებოდი და მილიონერი თუ გახდები, შეიძლება სულ დაგავიწყდეს ეგ იდეები..

M: რაიმე ერთ ძალიან სწორ გადაწყვეტილებას ხომ არ გაიხსენებდი შენი ცხოვრებიდან?

გადაწყვეტილებებს დიდხანს ფიქრით არ ვიღებ ხოლმე. მომეწონა რამე – ვიყიდი. არ მჭირდება დიდხნიანი ანალიზი – გადაწყვეტილება ან ამართლებს, ან – არა. ჩემს ინტუიციას ვენდობი. არც ერთხელ ისე არ მოურტყამს ცხოვრებას ცხვირში, რომ მეთქვა – “აფსუს, ეს არ უნდა გამეკეთებინა, ის უნდა გამეკეთებინა..” თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გულმავიწყი ვარ და მარტივად ვივიწყებ ცხოვრების მუჯლუგუნებს.

თუმცა, თუ მაინც ერთ სწორ გადაწყვეტილებაზე შევჩერდებით, ალბათ იმას გავიხსენებ, რომ ბიზნესის განხრით არ წავედი, არ ვარჩიე, ვყოფილიყავი პოტენციური მდიდარი ადამიანი და ჩემს შემოქმედებით გონებრივ რესურსებს გასაქანი მივეცი. დანარჩენ სხვა გადაწყვეტილებებს კი ქვეგადაწყვეტილებებად მოვიაზრებ, რომლებიც ამ მთავარ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

M: როგორ ფიქრობ, რა ტიპის მწერალი ხარ?

სტივენ კინგის ერთი ამგვარი ციტატაა: “მე მიყვარს კარგი წიგნების კითხვა, დანარჩენს – ვწერ.” დაახლოებით მეც ასე ვარ – “ბრძნული”, ცხოვრებას რომ გიცვლის, ეგეთი წიგნების კითხვა მომწონს, მაგრამ სხვა დანარჩენის წერა უფრო მიყვარს. ვგულისხმობ ისეთი წიგნების წერას, რომლებიც უფრო გასართობია, ამოსასუნთქია, თუმცა, ამავდროულად, გონებისთვისაც რაღაც დონეზე ფიქრის მიმცემი უნდა იყოს. უფრო მინდა, რომ, ჩემს შემთხვევაში, სახალისო იყოს მკითხველისთვის კითხვა, ვიდრე გულის მომჭმუნველი.

უფრო მეტად პოსტმოდერნისტ ავტორად ვხედავ საკუთარ თავს, რადგანაც აქამდე უკვე ყველაფერი დაიწერა, მე კი – მხოლოდ ფორმას ვეძებ. ერთგვარად ფორმის მაძიებელი ავტორი ვარ. სინამდვილეში ხომ არაფერი არ იცვლება სამყაროში, უბრალოდ იცვლება ფორმები..

M: შენთვის ღირებულ ჯილდოებზე მოგვიყევი, რომლებიც აქამდე მოგიპოვებია..

მე, ძირითადად, “შორთლისტების” ავტორი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ფორმას ვაწვები, ვიდრე სიღრმეებს, რომლებსაც კონკურსებში ლიტერატურა ითხოვს ხოლმე, შორთლისტებში ვხვდები ხოლმე – იმის იქით ვეღარ მივდივარ.

დღეს ჩემთვის ღირებული ორი პრიზიდან ერთი ისაა, რამაც შეიძლება, ცხოვრება შეცვალოს ლიტერატურული კუთხით – ესაა ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი. ამ კონკურსზე საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. დაემთხვა ისე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი – კრიტერიუმებში ისე ჩავჯექი, თითქოს ეს კრიტერიუმები ზუსტად მე მომარგეს. ამ კონკურსში გამარჯვება კი ნიშნავს წიგნის პოპულარიზაციას მთელს ევროპაში, მონაწილეობას სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე, თარგმანს ან ნაწილობრივ თარგმანს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ზოგადად, დაინტერესებას (იმედია) ევროპული გამომცემლობების მხრიდან.

რაც შეეხება მეორე ჯილდოს, ეს იყო “შემოდგომის ლეგენდა” – ჩემთვის ეს პირველი ლიტერატურული გამარჯვება იყო. ამ კონკურსზე პირველად გადავწყვიტე, რომ დამეწერა, რადგანაც მანამდე ჩემთვის მწერლობა და წიგნის გამოცემა ძალიან შორეული იყო. ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის ტრამპლინი იყო და მისი ფინალი ჯერჯერობით ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი აღმოჩნდა.

ასევე, ვყოფილვარ “საბას”, “ლიტერას”, “წინანდლის პრემიის” შორთლისტებში. ამჟამადაც “წინანდლის პრემიის” შორთლისტში ვარ, რომლის შედეგებიც 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.

M: რითი ამაყობ?

ზოგადად, არ გამომდის, რომ რაიმეთი ვიამაყო. მგონია, რომ კმაყოფილება ჭაობია – იმდენად შეიძლება, ეს კმაყოფილება გაგიჯდეს, რომ უბრალოდ დარჩე იქ, სადაც ახლა ხარ.

ამ მომენტში კონკრეტულად არაფრით ვამაყობ, რადგანაც რაიმეს მიღწევისას, მალევე გადამდის მისით გამოწვეული კმაყოფილება. ეს კი იმისთვის, რომ არ დავრჩე იქ, სადაც ვარ და უფრო მეტს მივაღწიო. არ მომწონს წამიერი, 15 წუთიანი პოპულარობები, რადგანაც დროს ეს პოპულარობები მალე მიაქვს. ამიტომაც, ეტაპ-ეტაპ, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ, საფეხურ-საფეხურ მივყვები ცხოვრებას და რაღაცებს თუ მივაღწევ ამ ჩემი ფილოსოფიით, ეგ მეამაყება ხოლმე და არა – კონკრეტული ჯილდოები, პრიზები, კარგად გაკეთებული რეკლამები და ა.შ

M: წერის გარდა, კიდევ რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას?

სიმართლე გითხრა, წერაც არ მანიჭებს სიამოვნებას – წერა რთული პროცესია და სიამოვნებას მხოლოდ შემდგომი დარედაქტირება და გაშალაშინება თუ მანიჭებს.

ზოგადად, ძალიან ცვალებადი ინტერესები მაქვს – არ შემიძლია, რომ ერთ რამეზე დიდხანს ვკონცენტრირდე. რაიმეს რომ რაღაც ეტაპზე შევისწავლი, მერე უკვე სხვა ინტერესის სფერო მიჩნდება, ეს შეიძლება იყოს: სერიალები და მათი სტრუქტურების/სცენარების შესწავლა, რა? სად? როდის?-ის თამაში, სამაგიდო და კომპიუტერული თამაშები, ცოდნის მიღება იმ სფეროებიდან, რომლებთან შეხებაც არ მქონია, ერთი სიტყვით, გაუკვალავ სივრცეებში ბოდიალი სხვადასხვა მიმართულებით..

M: რომელ კითხვაზე ისურვებდი, რომ პასუხი გქონოდა?

სტანდარტული კითხვაა – “რა ხდება ამ ყველაფრის მერე?” – ესაა კითხვა, რომელზეც პასუხი მაინტერესებს, თუმცა, მინდა თუ არა, რომ გავიგო – არ ვიცი.

M: ავტობიოგრაფიულ წიგნს რომ წერდე, რას დაარქმევდი? და ზოგადად, როგორ ფიქრობ, როგორია შენი ცხოვრება?

ჩემი ცხოვრება არის – განვლილი და გასავლელი.

რაც შეეხება წიგნს, არ ვიცი, რას დავარქმევდი, მაგრამ ძალიან მომწონს მარკესის ავტობიოგრაფიის სათაური “იცხოვრე ისე, რომ მოჰყვე..” მგონია, რომ ცხოვრება უნდა შედგებოდეს ამბებისგან. შესაბამისად, რაღაც ამბები თუ გაქვს მოსაყოლი, ეს ნიშნავს, რომ იცხოვრე. მარკესს რომ არ დაერქმია წიგნისთვის ეს სათაური, ალბათ მე დავარქმევდი.

M: საით გაგიწევია? როგორია შენი კარიერული გეგმები?

ორი ძირითადი მიზანი მაქვს: 1. დავწერო წიგნი, რომელიც გავა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ითარგმნება და გახდება გლობალური. არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩემმა წიგნმა მოიპოვოს გრანტი, ითარგმნოს და უცხო ქვეყანაში უბრალოდ თაროზე შემოიდოს. არც ნობელის პრემიამდე მივდივარ, თუმცა, საერთაშორისო მასშტაბზე რომ წაიკითხონ, გამიხარდება. 2. პროფესიული კუთხით, უბრალოდ რაღაც სასარგებლო საქმეებს თუ გავაკეთებ, ეგაა ჩემი მიზანი. არც ერთ ჯილდოსა და პრიზს არ აქვს აზრი, თუ იმით, რასაც ქმნი, ერთ ადამიანს მაინც არ მოუტან სარგებელს.

საბოლოო მიზანი კი გამოდის, რომ ვაკეთო საქმე გულწრფელად და ვაკეთო – სასარგებლოდ.

M: და ბოლოს, როგორ გესმის სიტყვა “ერთიანობა”? რა ასოციაციას იწვევს შენში და, როგორ ფიქრობ, რატომაა საჭირო?

ერთიანობა ჩვენს სფეროში ორი სხვადასხვა მხარის კოლაბორაციაა მესამე მხარის სასარგებლოდ. შეიძლება ეს მესამე მხარე იყოს ხალხი, მომხმარებელი, საზოგადოება.. ნებისმიერი კრებსითი სახელი შეგვიძლია დავარქვათ.

ზოგადად კი, მგონია, რომ რაღაცის მარტო კეთება ცუდია. თუკი რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი მომხდარა ამ სამყაროში, ალბათ ისევ ამ ერთიანობის საფუძველზე. დაახლოებით იგივეა, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები რომ არიან წიგნებში – მთავარი პერსონაჟების მთავარ პერსონაჟობას სწორედ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები განსაზღვრავენ. ასეა ცხოვრებაშიც – თუ მარტო ხარ, მაინც და მაინც ვერ იქნები მთავარი. ერთიანობას ასე ვხედავ – მარტო ვერასდროს მიაღწევ იმას, რასაც მიაღწევ გუნდთან ერთად (თუ, მაინც და მაინც ლეონარდო და ვინჩი არ ხარ..).

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა