23
Feb
2018

#თაობა: Queen-ისა და კრიმანჭულის სინთეზით შექმნილი მუსიკალური ვიდეოს ავტორი, ბექა ბუჩუკური

23 Feb 2018

სოციალურ ქსელებს რომ ნიჭისა და უნარების გაზიარებისა და აღმოჩენის უსაზღვრო შესაძლებლობა აქვს, ამაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა. ბექა ბუჩუკურის მიერ, სმარტფონის აპლიკაცია Acapella Maker-ით შესრულებულ Queen-ისა და გურული კრიმანჭულის სინთეზს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 20 საათში, 77 000-ზე მეტი ნახვა და 1500-მდე გაზიარება დააგროვა. მარკეტერი დაინტერესდა ბექას ვინაობით, მუსიკალური გამოცდილებითა და ზოგადად, მისი პიროვნებით, ამიტომაც, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

 


ბექა 25 წლისაა და ამჟამად, გერმანიაში ცხოვრობს და სურს, მიუნხენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, ჯაზ ვოკალის ფაკულტეტზე ჩაბარება. სპეციალობით იურისტია და ამ ორ სფეროს შორის – მუსიკა და იურისპრუდენცია – გადაკვეთის წერტილი ინტელექტუალურ სამართალში აღმოაჩინა, ამიტომაც, თუ ოდესმე, საკუთარი პროფესიით მუშაობას გადაწყვეტს, მხოლოდ ამ განხრას დათანხმდება. ბექას ოჯახში არავინ მღერის, მათ შორის, არც დიდი ბაბუები. არაპროფესიონალურად ფლობს კლარნეტს, თვითონვე ისწავლა გიტარაზე დაკვრა, ახლა ბას გიტარაზეც უკრავს, სალამურს, ფანდურსა და ჩონგურს ბავშვობაში დაეუფლა. გარდა ამისა, მის სურვილს დაემთხვა და სასწავლებელში, სადაც აპირებს სწავლის გაგრძელებას, კლავიშზე დაკვრა სავალდებულოა და ამ მუსიკალურ ინსტრუმენტსაც მოირგებს მალე.

„ჯაზ ვოკალზე მინდა ჩაბარება, ოღონდ, არ მინდა, რომ სწავლის განმავლობაში, მარტო ამ მიმართულებაზე ვიყო ორიენტირებული, ყველა განხრა მაინტერესებს და სხვაგანაც დავდივარ ლექციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი გამოწვევა მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარებაა, ჩემს ძირითად მიზანს, ჩემს ანსამბლთან ერთად, „ადილეისთან“ საქმიანობის გაგრძელება და ქართული ფოლკლორის უცხოელებისთვის გაცნობა წარმოადგენს“, – ბექა ბუჩუკური.

M: როგორი იყო, Bohemian Rhapsody-სა და გურული კრიმანჭულის სინთეზით, ვიდეოს შექმნის პროცესი?
ვიდეოზე თუ შეხედავთ, შუაში კადრი რომ არის, იქ უკვე დაღამებულია. თავიდანვე არ მიფიქრია, რომ Queen-სა და გურულ კრიმანჭულს გავაერთიანებდი. დავიწყე და ნელ-ნელა შევყევი ამ პროცესს. ძალიან ბევრჯერ გადმოვწერე, პროგრამამაც ნერვები მომიშალა, რაღაც ნაწილში ხმები ამოვარდნილია და ბევრი ხარვეზია. ამიტომაც, დავაწერე კიდევაც ვიდეოს, რომ გასართობად ჩავწერე, თუმცა ამ გართობაში კარგად დავიღალე. პროგრამით, რაც გამოვიყენე, მაქსიმუმ, 4 ხმის ჩაწერა შეგეძლო და უფრო მეტი ხმა ძვირი რომ არ ღირდა, დაახლოებით, 3 ევრო გადავიხადე და ხმების მაქსიმალური ოდენობა, 9-ვე გამოვიყენე. ნამდვილად არ ველოდი ამდენი გაზიარება თუ ექნებოდა და მოტივაცია, რა თქმა უნდა მომცა, რომ სხვებიც ჩავწერო. ისე, რაღაც ვიდეოები მანამდეც მაქვს გაკეთებული, ანალოგიურად, სახუმარო. მაგალითად, ვიდეომდე ჩავწერე ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, „ბატონებო“, სადაც ზუსტად ჩაჯდა გერმანიის ნაციონალური ჰიმნის დასაწყისი.

M: რომელ მუსიკალურ მიმდინარეობას ანიჭებ უპირატესობას და გარდა მუსიკისა, რით ხარ გატაცებული?
ბლუზი და ჯაზი მიყვარს, ოღონდ გამორჩეულად, ვოკალური ჯაზი, სექსტეტი ან კვინტეტი. თუმცა, ახლა ვმღერი ანსამბლ „ადილეიში“ მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ წამოსული, მაინც ამ ანსამბლში ვარ და ის მიმართულება, რასაც ვმღერით, გურული ფოლკლორი და არამარტო, არის ჩემთვის პირველი. სხვაგანაც რომ ვიყო და კონტაქტები შევიძინო, ეს ჟანრი იქნება ჩემთვის ჩემპიონი.

მუსიკასთან რაც არის დაკავშირებული, თითქმის ყველაფერი მიტაცებს, არა მხოლოდ ჩემი მღერა, არამედ, არანჟირება, სხვადასხვა კომპოზიციის ჩემეული ვარიანტის შექმნა. კიდევ მინდა მუსიკალური ინსტრუმენტების პროფესიონალურ დონეზე ფლობა. ისე, სპორტი და ფარიკაობა მაინტერესებდა მაგრად. მიყვარს ფეხბურთის ყურება, მაგრამ კალათბურთის თამაში. ჭიდაობაც მიყვარს, სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ოლიმპიადაზე ქართველების გამოსვლას, ერთი პერიოდი, ბავშვობისას, ხრიდოლზეც დავდიოდი.

M: როგორია შენი ფოლკლორში მღერის გამოცდილება?
ჩემს სკოლაში, მე-6 გიმნაზიაში, ძალით დავდიოდი ფორტეპიანოზე და იქიდან ვიპარებოდი ხოლმე სხვა ოთახში, სადაც ხალხურების გაკვეთილი ტარდებოდა. იქ მასწავლებელთან მქონდა კონტაქტი და ფაქტობრივად, იმან წამიყვანა „მართვეში“. მალევე, „ერისიონში“, პატარების ჯგუფში გადავედი, დათო კერესელიძესთან. აქვე დავდიოდი ცეკვაზე და ფანდურზე სიმღერების დაკვრაც აქ ვისწავლე. დღეს, როგორც უკვე ვახსენე, „ადილეიში“ ვმღერი, გვქონდა გასტროლები გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაშიც იყვნენ ბიჭები წასულები. ახლა კორეიდან გვაქვს შემოთავაზება და იქაც მივდივართ – ვორქშოფები ძალიან მოსწონთ და გვიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=3PE_h4fGEOE[/embedyt]
ამ ვიდეოში, „ზოესთან“ ვიმღერეთ „ჩარი რამა“, რომელიც შემდეგ, კონცერტზეც გავიტანეთ და აქ ხუმრობა ის იყო, რომ მე ფრანგულად ვმღერი, უკან კი ფრანგი გოგო კრიმანჭულს ასრულებს.



განხილვა