მელომანებს ბენდი „ტელესკოპი” კარგად გვახსოვს. 90-იანებში, როცა არათუ კომპიუტერი, არამედ ელექტროენერგიაც კი არ იყო, ბევრი განსხვავებული მუსიკალური პროექტი დაიბადა და ერთ-ერთი სწორედ ეს პოსტ-პანკ ჟანრის ბენდი იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ მათ უკან ბევრი საინტერესო დეტალი იმალებოდა, რადგან შეუძლებელია, მოსაყოლი და გასახსენებელი არ ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს და იმ დროს თავისი ხმა მაინც გააგონეს მსმენელს.
მიუხედავად იმისა, რომ ბენდი საკმაოდ დიდი ხანია ქართულ სცენაზეა, ბოლო პერიოდში „ტელესკოპის” ლაივებით განებივრებულები არ ვიყავით, ამიტომ, როცა მორიგი მოსაწყენი სქროლვისას პოსტერი შემხვდა სახელად Teleskope Live, powered by Barepeticio, მივხვდი, რომ იმ საღამოს არაფერი აღარ უნდა დამეგეგმა და დიდი ხნის მონატრებული მუსიკის მოსასმენად წავსულიყავი. საღამომ ნამდვილად დასამახსოვრებლად ჩაიარა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – როდესაც მუსიკალურ რუბრიკაზე მუშაობ, ყოველთვის ჯობს, საკუთარი ყურით ერთხელ მაინც ცოცხლად გყავდეს მოსმენილი მუსიკოსი, რათა შემდეგ მასთან ინტერვიუ უფრო საინტერესოდ დაგეგმო.
ეს ამხელა შესავალი რომ ტყუილად არ დამიწერია, ალბათ, ადვილი მისახვედრია. დღევანდელი სტატიის სტუმარია ბექა ქალდანი ტელესკოპიდან.
ბექა ქალდანი:
მუსიკა ჩემს ცხოვრებაში 15-16 წლის ასაკში შემოვიდა, როდესაც მეგობრებთან ერთად გავაკეთე ბენდი, სახელად, „პლაქსა”. ვუკრავდით სარდაფში, რადგან მაშინ ასე არ იყო სარეპეტიციო სტუდიები, როგორც ახლა არის. მეტსაც გეტყვით, ბასზე ვუკრავდი, მაგრამ ბასგიტარაც არ მქონდა. ძველი ელექტროგიტარა ვიპოვე, რომელსაც ოთხი სიმი ჰქონდა დარჩენილი და მასზე ისე ვუკრავდი, თითქოს ბასი იყო.
დრამერი უკრავდა ე.წ. „ვედროებზე”, სანამ დასარტყამ ინსტრუმენტებს იშოვიდა და, მიუხედავად ასეთი ფორმატისა, კონცერტიც კი გავმართეთ სადღაც, 1996 ან 1997 წელს, ზუსტად აღარ მახსოვს. თემა იყო ნარკოტიკებისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა.
იმ პერიოდში ორი პროექტი მქონდა – ერთი იყო ეს ბენდი „პლაქსა”, ხოლო მეორე ჩემი პირადი მუსიკალური პროექტი.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ახალი ბენდი შევკარი, რომელსაც ერქვა „პლასტიკური ოკეანე”, ამის შემდეგ კი „ტელესკოპი” დაიბადა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, დაახლოებით 1999 წლიდან.
M: როგორ ჩამოყალიბდა ბენდი „ტელესკოპი”?
ჯერ გავიცანი ჩემი ბასისტი, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა გარდაცვლილია. მან მითხრა, რომ სარდაფი მაქვს და იქ შეგვიძლია, ვირეპეტიციოთ ხოლმეო. მახსოვს, ამ სარდაფს ეწერა „სამხერხაო” და ფუნქციურადაც ამართლებდა თავის სახელს.
ბენდის სახელიც ჩვენმა ბასისტმა მოიფიქრა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ასოცირება სივრცესთან, ჩარჩოების, დოგმებისა და შაბლონების გარეშე ყოფნასთან, რასაც „ტელესკოპი” კარგად გამოხატავდა.
შემდეგ, როცა ბასისტი გარდაგვეცვალა, გარკვეული პერიოდი ტრავმების მოშუშებას დავუთმეთ და კარგა ხანს ვერ ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ჩვენი საქმე, რადგან ძალიან შეკრული და ერთიანი სამეული ვიყავით.
ბოლო ლაივზეც, რომელიც ბარეპეტიციოს სტუდიაში ჩავატარეთ, ნახავდით, რომ ვიყავით მე, გიტარისტი და კომპიუტერი. ჩვენთვის იმდენად ძვირფასი იყო ის ბასისტი, ვინც გვყავდა, რომ ვერცერთი კონკრეტული ადამიანით ვერ ჩავანაცვლეთ და ვარჩიეთ, კომპიუტერული მუსიკით შეგვევსო ის დანაკლისები, რაც გვჭირდებოდა. დაახლოებით 2015-16 წლებიდან ამ ფორმატში გამოვდივართ მსმენელის წინაშე.
M: ბექა, თქვენთვის როგორია შემოქმედებითი პროცესი?
მუსიკა ჯერ შინაგანი მდგომარეობიდან მოდის. ის კონკრეტული ბგერები, რომლებსაც ვმღერი, ჯერ ემოციურად თვითონ თუ არ იგრძენი, ისე ვერ აიღებ ზუსტ მიმართულებას. რთულია, მთლიანი პროცესი სიტყვიერად გადმოსცე, რადგან ბევრი რაღაც ხდება გულშიც და გონებაშიც, ერთი ფორმულა არ აქვს.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, კომპიუტერში ვაწყობ ერთ კონკრეტულ თემას, ვუგზავნი გიტარისტს, ისიც თავის ვერსიებს მაწვდის და შემდეგ საბოლოო ვარიანტზე ვჯერდებით.
M: რა არის ხოლმე ის ძირითადი სათქმელი, რაც გსურთ, რომ მსმენელამდე მიიტანოთ?
დავიწყებ იმით, რომ მე არ ვარ მასწავლებელი და არავითარ მესიჯს არ ვუგზავნი საზოგადოებას. ერთადერთი მიდგომა მაქვს, რომელსაც თავადაც მივყვები და სხვებსაც იმავეს ვეუბნები – „იგრძენით და მიჰყევით ამ გრძნობას”. ვფიქრობ, რომ უხერხულია, მივაწოდო მსმენელს სლოგანები, რადგან ის, რაც ჩემთვის კარგია, სხვისთვის შეიძლება ცუდია, რაც ჩემთან კარგად მუშაობს, შენზე შეიძლება იმან არ იმუშაოს. მე გეუბნები, რომ იფიქრე ისე, როგორც შენ გინდა. მე გადმოგცემ მუსიკით იმას, რასაც ვგრძნობ და თუ შენც იმავეს იგრძნობ, კარგია, ემოციებს გავცვლით. თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებ ამ ყველაფერს, მე არაფერს მოგიწოდებ. ესაა ჩემი დამოკიდებულება არა მარტო მუსიკასთან, არამედ ზოგადად, ხელოვნებასთან.
M: თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ მუსიკალურ ინდუსტრიაში. როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში ქართული სცენა, რა დაკვირვებას გაგვიზიარებთ?
იყო დრო, როდესაც კონცერტის ჩატარება, სცენის დადგმა და აწყობა ძალიან დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. დღეს ეს პრობლემა ისეთივე აქტუალური აღარ არის, რაც, რა თქმა უნდა, მომწონს და დადებითად ვაფასებ.
შეიცვალა თავად არტისტების დამოკიდებულებაც. მუსიკოსებს არა მარტო სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი აქვთ, არამედ თავიანთ საქმიანობას კომერციული თვალსაზრისითაც უყურებენ და ვერც ამას შევაფასებ ნეგატიურად.
შეიძლება ბევრმა თქვას, რომ აქ შემოქმედებითი სილაღე იკარგება, თუმცა ეს საკამათო საკითხია. ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია, იყო მართალიც და, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, მაცივარიც კარგ მდგომარეობაში გქონდეს. თუკი ადრე, როცა ჩვენ ვიწყებდით, ძალიან მაგარ არტისტებს უწევდათ ბევრი სხვა სამსახურის შეთავსება, ახლა უფრო მეტი საშუალებაა, რომ შენივე საყვარელი საქმე იყოს მომგებიანი.
M: ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე სიმღერაზე ან ალბომზე მუშაობის პროცესს, რომელიც გამორჩეულად საინტერესო იყო?
პირველად, როდესაც ალბომზე დავიწყეთ მუშაობა, ეს ალბათ არასოდეს დამავიწყდება, რადგან ბევრი სირთულე მოიტანა. ახლა რომ არის, შეგიძლია, უბრალოდ, „საუნდბარათი” შეიძინო და სახლშიც ჩაწერო, მაშინ ასე არ იყო – უნდა გევლო სხვადასხვა სტუდიაში სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოსაგვარებლად. ერთ ადგილზე ვერაფერს გააკეთებდი, საბოლოო პროდუქტის მისაღებად რამდენიმე ლოკაცია უნდა გაგევლო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამდენ წვალებად ღირდა ეს ალბომიც, რადგან მან ბევრი ინსპირაცია გააჩინა სხვა არტისტებისთვისაც.
M: ამჟამად რაზე მუშაობთ და სად შეუძლია მსმენელს თქვენი მოსმენა?
სულ ვწერთ ახალ-ახალ სიმღერებს და როცა საბოლოო სახეს იღებთ, ძირითადად, YouTube-ზე ვტვირთავთ. საკმაოდ ბევრი ადამიანი, მათ შორის, 20-დან 35 წლამდე ასაკის, უსმენს ჩვენს ტრეკებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ერთი, როცა შენს მუსიკას უსმენენ, უკვე კარგია და მეორეც, როცა ახალი თაობა უსმენს, ეს კიდევ უკეთესია.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
გამოვიყენებ შესაძლებლობას და დავუტოვებ ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს, რომელსაც ჰქვია „შენს შესახებ”.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი