ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება და პირველი შეხება პროექტის და გუნდის მართვასთან იწყება მაშინ, როცა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლისას, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის კლუბი დავაარსე და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება დავიწყე. თავდაპირველად, კლუბი მსგავსი ინტერესების – ექსტრემალური სპორტის, როგორც ჰობის ირგვლივ სტუდენტების შემოკრების და სხვადასხვა აქტივობის ერთად დაგეგმვის იდეით შეიქმნა, თუმცა მალევე მივხვდით, რომ მაღალი ინტერესისა და დაინტერესებული სტუდენტების რიცხვის ზრდის გამო, სერიოზული სახე უნდა მიგვეცა და პროექტების მართვის პასუხისმგებლობა აგვეღო, რაც მონაწილეთა უსაფრთხოებას, მარშუტის დაგეგმვასა, კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გულისხმობდა.
ვაორგანიზებდით ზამთრის სასრიალო ტურებს, ზაფხულის სალაშქრო გასვლებს, სხვადასხვა მარათონსა თუ პროექტს, ექსტრემალური სპორტის განვითარებისთვის, სადაც ათასობით ადამიანი გავაერთიანეთ და დღევანდელი გადმოსახედით, პირველი დიდი გამოცდილებაც მივიღე პროექტ მენეჯმენტის, გუნდის მართვისა და კრიზის მენეჯმენტის მიმართულებებში.
ამის შემდეგ, იყო გამოცდილება უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიას შევუთანხმდი, რომ საკომისიოს სანაცვლოდ, მათ პროდუქტებს გავყიდდი. 2011-2012 წელი იყო. ჩემი ფუნქცია უძრავი ქონების შეფასება და დაინტერესებული პირებისთვის საუკეთესო ალტერნატივების მიწოდება იყო. მაშინ სოციალური ქსელი განვითარებული არ იყო, ამიტომ უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებს ვებგვერდებისა და გაზეთების საშუალებით ვეძებდი. ეფექტურად რომ გამეცნო შეთავაზება, ვიდეობს ვიღებდი კამერით და წინასწარ ვაჩვენებდი კლიენტებს. ამ სფეროში ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენაა თითქმის უკვე შემდგარი შეთანხმებების ჩაშლა და ისევ ნულიდან დაწყება. 21-22 წელი კი ის ასაკია, როცა ეძებ ახალ შესაძლებლობებს და ცდილობ, სხვადასხვა ადგილას მოსინჯო შენი ძალები. გაყიდვებში მიღებული გამოცდილება ყოველთვის მეხმარებამ რომ ბევრი უარის მიუხედავად გავაგრძელო მოძრაობა და სასურველ შედეგამდე მივიდე, რამაც სტარტაპული ცხოვრების სტილს წინასწარ შემაჩვია, გამომიმუშავა ნებისყოფა და წაგებული სიტუაციბიდან საუკეთესო გამოსავლის პოვნის შემართება.
შეიძლება ითქვას, ყოველთვის ჩემი ოცნებებისთვის ვმუშაობდი და საქმესაც მე თვითონ ვქმნიდი, რაზეც უნდა მემუშავა.
ბექა ქემერტელიძე – კრიპტო-გადახდის სისტემა CityPay.io-ს თანადამფუძებელი.