მუშაობა, არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ ექსპერტად დავიწყე. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებდა ჩემი პირველი სავიზიტო ბარათი: ბექა მეფარიშვილი – საბანკო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტი (იგივე – “სეილი”), ტაოპრივატბანკი.
დედაჩემი განსაკუთრებით ამაყობდა ჩემი პირველი სამსახურით და სადმე შენახულიც ექნება ეს ძვირფასი, 300-გრამიან ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი სიტყვები.
– “ბავშვს წელი არ გაუცდესო” – დაბადების დღე ნოემბერში მაქვს და სკოლაში 5 წლის ასაკში შემიყვანეს. შესაბამისად, ყველგან ყველაზე პატარა ვიყავი, მათ შორის პირველ სამსახურში. და რადგან მუშაობის დაწყებისას მხოლოდ 17 წლის ვიყავი (პირველ კურსზე), ბანკში მშობლების სპეციალური ნებართვის წარდგენა მთხოვეს – “ემანდ, ვინმეს არ ეგონოს არასრულწლოვანის შრომით ექსპლუატაციას ვახდენთო”.
მუშაობა ფრთხილად დავიწყე. ხელმოწერამდე გულმოდგინედ წავიკითხე სქელტანიანი კონტრაქტის ყველა გვერდი. HR მენეჯერს არ ავუჩქარებივარ. ეჭვის თვალით მაკვირდებოდა იმ 20 წუთის განმავლობაში, რაც კონტრაქტის “გადახედვას” მოვანდომე. ალბათ, კიდევ უფრო გაოცდებოდა, ის რომ სცოდნოდა, წინა ღამით საქართველოს შრომის კოდექსი რა გულისყურით მქონდა წაკითხული.
მოკლედ ასე, ჩემი მოუთმენლობითა და “ახლობლის რეკომენდაციით” ბანკის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გავხდი. მთავარი მოვალეობა (როგორც უკვე პოზიციის სახელით მიხვდით) საბანკო პროდუქტების გაყიდვა იყო. დეპოზიტების, სესხების, საკრედიტო ბარათებისა და სხვა საბანკო პროდუქტების შესახებ პრეზენტაციებს სხვადასხვა ზომის აუდიტორიასთან ვატარებდი. მუშაობის გრაფიკი მეტ-ნაკლებად თავისუფალი მქონდა და სწავლასთან შეთავსება მიადვილდებოდა. მთავარი გეგმის შესრულება იყო (აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და მადლობას გადავუხდი ოჯახის წევრებს, რომლებიც ზემოთხსენებულ პროდუქტებს მხოლოდ ჩემი გეგმის შესასრულებლად ყიდულობდნენ).
თუ გაინტერესებთ, რაში იხარჯებოდა ჩემი ასაკისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი ოდენობის ხელფასი – ვერ გეტყვით. შრომის დაფასება პირველ სამსახურს ნამდვილად არ უსწავლებია. სამაგიეროდ, მკვეთრად შეცვალა ჩემი წარმოდგენები ცხოვრებაზე (ძირითადად, ხელფასის ხარჯვამ), მასწავლა უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, სათქმელის მოკლე დროში ეფექტურად ჩატევა და პრეზენტაციის მნიშვნელობა, რაც ჩემი დღევანდელი სამსახურის უპირობოდ გადამწყვეტი ნაწილია – თავადაც გექნებათ გამოცდილი. თუ ცუდი პრეზენტაციით კარგი იდეა გაგიფუჭებიათ ან პირიქით.
ბექა მეფარიშვილი – WINDFOR’S-ის აღმასრულებელი კრეატიული დიტექტორი