in

„შემოქმედება ყველაზე ღრმა სივრცეა თვითგამოხატვისთვის” – ბექა მინაძე

ბექა მინაძე იმ მუსიკოსებს შორისაა, რომლებიც თვითონ ქმნიან ახალ ჟღერადობას, ახალ იდეებს აწვდიან მსმენელს და თითოეული ნოტით პატარა ისტორიას ჰყვებიან.

მას არაერთ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ბენდებთან მუშაობის გამოცდილებით, ისე დამოუკიდებლად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ბენდი Parasite, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად დგას ქართულ სცენაზე. ცოტა ხანში EP-ის გამოშვებასაც გეგმავენ, თუმცა მანამდე ორი სინგლი უკვე გამოაქვეყნეს. ორივე სიმღერა ბენდისთვის დამახასიათებელი ავთენტურობითა და თამამი ინსტრუმენტალით გამოირჩევა.

ჩვენ ვესაუბრეთ ბექას თავისი მუსიკის, შემოქმედებითი ინსპირაციისა და იმ გზის შესახებ, რომელიც მუსიკოსმა გაიარა დღემდე.

ბექა მინაძე:

მუსიკა ჩემს ოჯახში პატარაობიდან ისმოდა, რადგან დედაჩემი კლასიკური მიმართულების მუსიკოსია. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ამან იქონია ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა, მაგრამ, ალბათ, ქვეცნობიერად მაგანაც განაპირობა. 

თინეიჯერობის ასაკში გიტარის შესწავლა და მუსიკის, განსაკუთრებით, როკის მოსმენა დავიწყე. იმ თავისუფლებამ, რაც ამ მუსიკაში მოდიოდა, მეც გამიჩინა სურვილი, თავადაც მეკეთებინა მუსიკა.

M: ბექა, სხვადასხვა დროს სად იყავით და რას აკეთებდით? მოდი, თვალი გადავავლოთ თქვენს პროექტებს…

მე ქუთაისში ვიზრდებოდი და თინეიჯერობის პერიოდში, როცა ვუკრავდი, იქაც გავაკეთე რამდენიმე ლაივი, თუმცა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ უკვე ოფიციალურად შევკარი ბენდი, რომელსაც ერქვა „ორიონი”. დრამერი, ლუკა ბოკუჩავა იმ ჯგუფშიც ჩემთან ერთად იყო, დანარჩენები კი სხვები იყვნენ. დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ვუკრავდით, მაგრამ შემდეგ დავიშალეთ. 

ბევრს ვმოგზაურობდი მუსიკაში მარტოც, სანამ ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდი, რისი კეთება მინდა. არა მარტო როგორც მუსიკოსს, მიმუშავია, როგორც ხმის ინჟინერს, პროდიუსერს, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის მთავარი მაინც არტისტული მხარე არის. 

2021 წლიდან ჩამოვაყალიბეთ Parasite, სადაც ვოკალსა და გიტარაზე ვარ.

M: როგორია შემოქმედებითი პროცესი თქვენთვის?

ყოველთვის სხვადასხვანარია. ინსპირაციის აღებაც ბევრი რამისგან შეიძლება და თავად პროცესიც შტამპურად ერთნაირი არასოდეს არის. როცა ბენდთან ერთად მუშაობ, ეს სხვა გამოცდილებაა, თუ მარტო ვმუშაობ – სხვა. 

ბოლო ტრეკებზე თუ ვილაპარაკებ, მე მათ აღვწერდი, როგორც ინტუიციურად მოსულ მუსიკას. ბენდის წევრები უბრალოდ პატარა ჯემსესიებს ვაწყობდით ჩვენთვის და აქედან გამოგვყავდა სიმღერა. ეს პროცესი მთლიანად ერთმანეთის გაგებასა და კომუნიკაციაზე იყო დამყარებული. 

არის მომენტები, როცა ჯერ იდეა მოდის და მერე მუსიკა, პირიქითაც ხდება. ტექსტს რაც შეეხება, შეიძლება თავიდანვე დავწერო, თუმცა ძირითადად, იმ მელოდიას მოაქვს ხოლმე ემოციურად, რომელსაც ვქმნი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის დამუშავების პროცესში მარტო ვიყო.

M: რა არის ხოლმე ის შემოქმედებითი გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ მსმენელამდე მიიტანოთ?

პირველ რიგში, ესაა თავისუფლება და სიყვარული. თუმცა, უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, გვინდა ხოლმე, მსმენელამდე მივიტანოთ ის შრომა, რასაც ვდებთ ჩვენს საქმეში. გვინდა, ჩვენს მუსიკას ეტყობოდეს, რომ ნაფიქრია. მგონია, რომ არა მარტო მუსიკაში, არამედ ნებისმიერ პროფესიაში ფუნდამენტურად უნდა მიუდგეს ადამიანი თავის საქმეს. შემოქმედება ადამიანის ფუნდამენტური არსებობის ნაწილია,რომელიც ყველაზე ღრმა სივრცეა საკუთარი თავის გამოსახატად და მას ფუნდამენტური მიდგომა ჭირდება.

რა თქმა უნდა, კონკრეტულად რას იგრძნობს ადამიანი მოსმენისას, ეს უკვე მსმენელზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენი მხრივ, ამის გადმოცემას ვცდილობთ ხოლმე.

M: როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი, პოლონეთშიც მოღვაწეობდით. ამ გამოცდილებაზეც მოგვიყევით.

როცა ეს ბენდი შეიქმნა და პირველ სიმღერაზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენთვის ძალიან ექსპერიმენტული იყო, რადგან თავადაც გვაინტერესებდა, რა გამოვიდოდა. როგორც კი გამოვუშვით ეს ტრეკი, გადავწყვიტეთ, ცოტა ხნით აქედან წავსულიყავით და ახალი გამოცდილება მიგვეღო. 

ერთი წელი ვცხოვრობდით პოლონეთში და მის მუსიკალურ ბაზარზე დავიწყეთ დამკვიდრება. ოთხი ლაივკონცერტი ჩავატარეთ. 

ამის შემდეგ მე მარტო წავედი ბერლინში, იქაც ვწერდი სიმღერებს, თუმცა, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება, რადგან აქ ბევრი ინსპირაციაა. 

მცირე პაუზის შემდეგ აქტიურად დავუბრუნდით საქმიანობას და ახალ EP-ზეც ვმუშაობთ.

M: დღესდღეობით რა არის იმისთვის საჭირო, რომ საქართველოში მუსიკოსმა შეუფერხებლად აკეთოს თავისი საქმე?

საქართველო პატარა ბაზარია, თუმცა მე მას პესიმისტურად არ ვუყურებ. ვფიქრობ, რომ თავისი ფარგლებიდან თუ, გინდაც, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ვითარდება ეს სფერო. საქართველოში კულტურული მხარე ყოველთვის იყო განვითარებული, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანია დაკავშირებული ხელოვნებასთან. 

დღესაც ბევრი საინტერესო შემოქმედი გვყავს, რომლებიც საკმაოდ კარგ პროექტებზე მუშაობენ. ერთადერთი, რაც გვჭირდება, ალბათ არის მეტი ახალი პოზიცია, ანუ მუსიკალურ ინდუსტრიას მარტო არტისტები არ ყოფნის, უნდა იყვნენ მენეჯერები, პროდიუსერები, პრომოუტერები და სხვა. ის ადამიანები გვაკლია, რომლებიც არტისტის შემოქმედებას შეფუთავენ და კომერციულად შეხედავენ. თავად არტისტს არ უნდა უწევდეს დამოუკიდებლად ყველაფრის კეთება.

M: თუ გაიხსენდებით რომელიმე სიმღერას, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო იყო თქვენთვის სამუშაოდ?

ყველა სიმღერაზე მუშაობა საინტერესოა, მაგრამ გამოვარჩევდი ტრეკს „პოლიქრონიონ”, რომლის ინსპირაციაც იყო ჯგუფ „აუთსაიდერის” სიმღერა, სადაც მუსიკოსი ამბობს ამ სიტყვას და, რაღაცნაირად, სულ მინდოდა, რომ სხვანაირი გაგრძელება ჰქონოდა, რომელიც უკვე მე დავწერე. ეს ფრაზა არის წიგნიდან „დათა თუთაშხია” და ვფიქრობ, არქიფო სეთურის ეპიზოდი ძალიან შეეფერება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და სოციუმთან. როცა ეს ყველაფერი დაკავშირდა, ტექსტის დაწერაც უფრო გამიადვილდა.

მუსიკალურადაც საინტერესო იყო ამ სიმღერაზე მუშაობა. პირველი ტრეკი სხვანაირი იყო, უფრო ექსპერიმენტული, ხოლო ამ სიმღერაზე თითქოს მეტად დავლაგდით და მივეცით კონტური იმას, თუ როგორ მუსიკას გავაკეთებდით სამომავლოდ.

M: ბექა, რაზე მუშაობთ ახლა და როგორია თქვენი გეგმები?

ახლა საკმაოდ სწრაფ რეჟიმში ვმუშაობთ. ხუთი ტრეკი ჩავწერეთ და კიდევ გვაქვს ბლომად მასალა. სექტემბერში გამოდის ჩვენი EP, რომლის ორი სინგლიც უკვე გამოქვეყნებული გვაქვს და ასევე, შემოდგომაზე ვგეგმავთ როგორც ლაივკონცერტს, ისე ერთი სტუდიური ლაივიც გვექნება.

M: ბოლოს რუბრიკის ტრადიციული კითხვა – რა სიმღერას უტოვებთ ჩვენს მკითხველს?

დავუტოვებ Talking Heads-ის სიმღერას.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სუხიშვილების თაკარა – ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება