in

“ცვლილების შესაძლებლობა სულ გაქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლით, რომ ამ ცვლილებას სიკეთე მოაქვს,” – ბეკი ფანცხავა

როცა ბინდდება, ცხვრები მოდიან. ვიწყებ მათ თვლას და ყველა ცხვარს საკუთარ მახასიათებელს ვუმატებ. ზოგს თავზე ქუდი ადევს, ზოგს პორტსიგარი უჭირავს, ზოგი გაზეთს კითხულობს, ზოგი ზანტად მოაბიჯებს ოთხივე ფეხის სინქრონული მოძრაობით, ზოგი კი ძალიან მარდია. 

ცხვრები რომ მბეზრდება – ვწერ, როცა ვერ ვწერ – ვკითხულობ, თვალები რომ მეღლება – უაზროდ სქროლვას ვიწყებ და თვალები კიდევ უფრო მეტად მეღლება. 

ცხვრების თვლა ბავშვობიდან მიტაცებდა. უფრო მეტად მათი ხასიათების შექმნის პროცესი მიყვარდა, რასაც ალბათ უკვე მიხვდით. ალბათ დღეს რომ ვიყო ბავშვი, ეფიმერულ ცხვარს ვიდეოებში ნანახ ალპაკაზე გავცვლიდი. ალპაკები ლამების ბიძაშვილები და სოც ქსელების ვარსკვლავები არიან, ცხვრები კი აღარავის უყვარს. სამწუხაროა. საპპოროს ლუდი მაცივარში არასდროს მაქვს. ლუდი საერთოდ არ მაქვს არასდროს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ცხვრებს რომ ითვლი, ვერ იძინებ, დგები, მაცივარს აღებ და ყინულივით ცივი ქილის საპპორო გხვდება. ჰმმ, უცნაური იქნებოდა, არა? კარგია, რომ ასეთი სურპრიზები ჩემს მაცივარს არ ახასიათებს. არც უშნო კატა მყავს (პრინციპში არც ლამაზი) და არც ვირთხისმაგვარი ან ვირთხად წოდებული დაკარგული მეგობარი. 

მურაკამის თუ დავუჯერებთ, ცხვრები მისტიკით აღსავსე ცხოველები არიან. ვარსკვლავიანი ცხვარი ხომ საერთოდ – ფანტასტიკის სფერო და განსაკუთრებული მოვლენების მომასწავებელია. 

იმ ღამეს არავინ იწერდა ჯვარს, უბრალოდ პორტსიგარიანი ცხვარი მენიშნა, თავისი ხუჭუჭა თავით და სევდიანი თვალებით. გამომხედა, ზანტად გადააბიჯა ბარიერს, რაღაც ჩაიბურტყუნა და გაუჩინარდა. მე ისევ სიბნელეს ვუყურებდი და პორტსიგარიან ცხვარს ქუდიან ცხვარზე ვცვლიდი წარმოსახვაში, თუმცა არაფერი გამომდიოდა. ბოლოს ცხვრების თვლას შევეშვი. ავდექი. მაცივარი გამოვაღე, საპპორო არ დამხვდა. არც კატა, რომელიც გამამხიარულებდა. მაგიდაზე მცირე ზომის ოქროსფერი ნივთი დავინახე და წამიერად დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხვრის გამოსახულებიანი სანთებელა იდო, თუმცა ამის ნაცვლად ფერერო როშეს შესაფუთი დამხვდა, რომელიც რომელიღაც ახალ წელს ან სტუმრობის დროს ვიღაცამ მოიტანა (a la ხელცარიელი არ მოვიდეო). ფანტასტიკა და მისტიკა იმ წამსვე გაქრა. არც პორტალად გადაიქცა რომელიმე კარი. დაღლილი დავუბრუნდი სავარძელს და სქროლვა გავაგრძელე. ფიდში ისევ ცხვარი შემომხვდა და ჩვეული სევდით შემომხედა. ცხვარს რას ვერჩი, მაგრამ ფიქრებმა წამიღო და მინორულ განწყობაზე დავდექი. 

კალიების და ჭრიჭინების სინქრონი ვერცერთმა ფიქრმა დაახშო. გავხედე მაგიდაზე დაგდებულ ფერეროს შესაფუთს და ახალ წელთან ასოცირებულმა მღელვარებამ ამიტაცა. 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

დილის სინათლემ ყველაფერი დაშალა, აი იმ ცნობილ რომანს რომ დავესესხოთ, ზუსტად ისე. 

გაზეთების კითხვა არასდროს მომწონდა, მაგრამ დეკორაციად ამ რომანტიზირებულ შფოთვას 10 წლიანი დაძველების გაზეთების დასტა ძალიან მოუხდებოდა.. სადმე კუთხეში აკურატულად დალაგებული. 

გათენდა. 

მეზობლებმა ყავის მომზადება დაიწყეს. გრილი ჰაერი სხვადახვა არომატით გაიჟღინთა. მე ისევ არ მეძინა, ფიქრებში გართულმა ბევრი კარგი და ბევრი ცუდი სიზმარი ცხადად ვნახე.

თუ ძალა გამოგეცალათ, გახსოვდეთ, რომ როგორც იმ ძალიან ცნობილ რომანში ამბობდნენ: „სხეულის უჯრედები მთლიანად, ასი პროცენტით ყოველთვიურად ახლდება. ჩვენ ერთთავად ვიცვლებით. აი, ახლაც კი“. ამიტომ ცვლილების შესაძლებლობა სულ გაქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლით, რომ ამ ცვლილებას სიკეთე მოაქვს. 

…… 

პორტსიგარიანი ცხვრის ბურტყუნი ახლაც ჩამესმის ყურში. 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

Hitsuji o meguru bōken 

並列 


ბეკი ფანცხავა

“პატივი მივაგოთ ხელის ჩამორთმევის ხსოვნას” – Getty Images-ის კამპანია

„არასოდეს შეწყვიტო განვითარება!“ – პროკრედიტ ბანკი