25
Dec
2019

სრულყოფილება, მისი კრიტიკა და ბევრი სხვა რამ – ბეკი ფანცხავა

25 Dec 2019

ერთი ძალიან კარგი ადამიანი ამბობდა, რომ „თუ რამე ძალიან გინდა, გამოგივა“. მეორე, ასევე, ძალიან კარგი ადამიანი ამბობდა, „თუ რამე ძალიან გინდა, უნდა იშრომო/იწვალო და რაღაც გამოვა“. მესამე (ის არ იყო ისეთი კარგი ადამიანი, როგორებიც მეორე და პირველი იყვნენ) ამბობდა, „პრინციპულად არაფერი გამოვა იმიტომ, რომ შენ ეს ძალიან გინდა“.

იყვნენ კიდევ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადამიანები. ყველას თავისი აზრი გააჩნდა და საკუთრი თავი მართალი ეგონა. ყველა ფიქრობდა, რომ სხვის ომს მოიგებდა, რადგან „სხვის ომში ყველა ბრძენია“.

ჩვენს მიკრო სამყაროებშიც ხომ ზუსტად ასეა. კრიტიკა ყველას უყვარს. კრიტიკა ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობაა. ამ სპორტში უკონკურენტო ხარ და თითქმის, ყოველთვის მოგებული რჩები.

ძალიან სასიამოვნოა 95℃-ზე გაცხელებული ოოლონგის ან 10℃-ზე ჩაციებული შარდონეს თანხლებით ისაუბრო, როგორ არ მოგწონს ზედმეტად საყვარელი John Lewis-ის საშობაო რეკლამა (რომელზეც, სხვათა შორის, პირველწყაროზე დაყრდნობით, იანვრის 15 რიცხვიდან იწყებენ მუშაობას, რომ 20 დეკემბერს სავარძელში მოკალათებულებმა ჩვენ გავაკრიტიკოთ).

 

პირადი კრიტიკა ძალიან გვწყინს და არავის გვიყვარს. მაგალითად, მე ყველა შენიშვნაზე ვფიქრობ (მეტწილად ამ შენიშვნებს ჩემს თავს მე თვითონვე ვაძლევ). ბევრი ფიქრის შემდეგ თავს ვიმხნევებ. თუმცა, კრიტიკაზე ფიქრი მაინც კრიტიკაზე ფიქრად რჩება და უსიამოვნო ნალექს მაინც მიტოვებს.

რა უნდა მოხდეს, რომ თავიდან ავიცილოთ უარყოფითი კომენტარები? კიდევ უფრო რთულ დავალებას მოგცემთ . . . რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ არ გავუკეთოთ ასეთი კომენტარები სხვებს?

გიფიქრიათ, რა არის თქვენთვის ის, რასაც ვერ გააკრიტიკებთ?

მაგალითად, ჩემთვის მარადიულად სრულყოფილი ცოტა რამ არის, მათ შორის ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, დებიუსის „მთვარის შუქი“, ეგზიუპერის „პატარა პრინცი“, სპაგეტი ალ პომოდორო ექსტრა პარმეზანით, ჰიჩკოკის „ჩიტები“ და Hario-ს V60.

როგორც ხედავთ, ჩამონათვალი მწირია და სავსეა სარკაზმით.

ახლა გავიხსენოთ ყველაფერი ის, რაც დღეს გავაკრიტიკეთ. პირადად მე, დღეს, უარყოფითად შევაფასე ყავის ჭიქა, რომლის წყალობითაც თეთრ პერანგზე დამატებითი „ბრენდინგი“ გაჩნდა, ტაქსის ტარიფი, რომელმაც სტანდარტულს გადააჭარბა, ოფისის ინტერნეტის შესაძლებლობები, შეხვედრაზე კოლეგის დაგვიანებით მოსვლა, ჩემი ჩვეული „ლოქერის“ დაკავება gym-ის სხვა წევრის მიერ . . . გავაკრიტიკე ამინდიც კი. არა და, ჩემი საყვარელი ჩიტი დოდო („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“) მღეროდა გენიალურ სიმღერას (გთავაზობთ ამონარიდს):

“And I never, never,

Ever do a thing about the weather

For the weather never

Ever does a thing for me!“

 

მოკლედ, არც ამინდზე ღირს ცუდის თქმა და არც სხვა ადამიანებზე. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, „მოსულა“, მაგრამ ზღვარის დაცვა ისეთივე რთულია, როგორც თხელ ყინულზე სიარული. ეს ყინული კი მეტად მიდრეკილია გალღობისკენ, როცა გაკრიტიკების ეშხში შევდივართ.

ეშხიანად ვაკრიტიკებთ დონალდ ტრამპს და მის იმპიჩმენტს:

„ნუ, ხომ უნდა მოახერხო და 48-დან იმ 3 პრეზიდენტში მოხვდე, ვინც სასამართლოს წინაშე წარდგება”

ეშხში შესულები, ვაკრიტიკებთ ყველას და ყველაფერს გლობალური დათბობის გამო:

„აბა რა, ყველა აბინძურებს ამ ჰაერს და რა იქნება . . . გაძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი და მერე ნახეთ”

საახალწლოდ, არდამდგარ სასიხარულო განწყობის მთავარი კრიტიკოსის ამპლუაში, მე წარმომიდგინეთ:

– Secret Santa-ს თამაში – არ შემიძლია

– საყოველთაო „შოპინგ“ ისტერიაში მონაწილეობა – არ მინდა

– ფსევდო ბედნიერება, მორთვა/მოკაზმულობა, Rocking Around the Christmas Tree – So Mainstream

– საჩუქრების შეფუთვის მომსახურების გაუქმება – ჩემთვის პრობლემაა

– New Year Resolutions – არარსებულია

მოკლედ, კრიტიკა და წუწუნი, ამ წინა საახალწლოდ, მშვენიერი გამოსავალია, რომ „დაპოზიციონირდეთ“ მწვანე ფერის გრინჩად, არ უპასუხოთ ზარებს, არ გაერთოთ დაგეგმილ Home Party-ებზე, არ ჭამოთ ნიგვზიანი.

მაგრამ, იცით როგორ უხარიათ თქვენს გვერდზე მსხდომებს Michael Bublé-ის სიმღერები, მაგიდაზე დახვედრებული გამლღვარი „რაფაელოები“, საახალწლო ფუსფუსი თონის რიგში და თუნდაც, სახლის გენერალური „უბორკა“?

მოკლედ, კრიტიკა კარგია, წუწუნიც კარგია. თუმცა, ყველაფერი ჯანსაღად და ნორმის ფარგლებში.

და თქვენ რომელი ადამიანი ხართ? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე?

მე მივხვდი, რომ ცოტ-ცოტა ყველა ვარ.

Create. Don’t hate.

Rock on Around the Christmas Tree and Have a Happy Holiday.

 

ბეკი ფანცხავა – Marketer.ge – ს კონტრიბუტორი

განხილვა