in

“ჩვენი თავების ზეიმი ყოველდღე შეგვიძლია და ამისთვის კონკრეტული თარიღი საჭირო არ არის” – ბეკი ფანცხავა

დაბადების დღის უთვალავი სანთლის ჩაქრობის ცერემონიალი თქვენც თუ არ გიყვართ, გილოცავთ! თქვენ ჩემი პატარა სამყაროს ნაწილი ხართ. გაცხელებული ცვილის სუნი ცხვირში უცნაურად მიღუტუნებს და თვალებს მატკიებს. ნერვები აუწყობელი ორღანის ხმებს გამოსცემს. ყურებში ზარებია. თითები უცნაურ რიტმს ყვება. კბილები კაწკაწებს. 

მუსიკალური გემოვნება დისკუსიის საკითხია. ამაზე ვთანხმდებით. თუმცა, საახალწლო პლეილისტიც კი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენი საკუთარი თავების ახალი წლის დადგომა. 

ზეიმები არასდროს მიყვარდა. არც ბაღში, არც სკოლაში. 

ერთხელ მითხრეს საკუთარი თავის ზეიმი უნდა შეგეძლოს იმისთვის, რომ ბოლომდე კმაყოფილი იყო შენი ყოფითო. დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე. ხან ესე დავატრიალე, ხან ისე და იცით, მაინც ვერ დავეთანხმე ამ ჰიპოთეზას. ჩვენი თავების ზეიმი ყოველდღე შეგვიძლია და ამისთვის კონკრეტული თარიღი საჭირო არ არის. კონკრეტული თარიღი არც იმის აღნიშვნას სჭირდება, რომ დედები, მამები, შვილები, ჟურნალისტები, ფიზიკოსები, მარკეტერები, ექიმები ვართ. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, თუ რამეზე საუბრობ, აუცილებლად აღნიშნე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრიაო. ცოტა მეწყინა. ჭკვიანმა ადამიანმა კი ბოლომდე დააჭირა წითელ ღილაკს და დაამატა: “თან სასურველია წინადადება ზუსტად ასე დაიწყო: ჩემი აზრით, ბლაბლაბლა”. 

ეს მინიშნება კიდევ უფრო მეწყინა, მაგრამ რჩევა გავითვალისწინე და ახლა დისკუსიაში თავდაჯერებულად შევაბიჯებ ხოლმე გამხსნელი სიტყვების კომბინაციით – “ჩემი აზრით, ბლაბლბლა”. ჰო, დაბადების დღეები. საჩუქრების მიღება ძალიან მიყვარს. თუ დაბადების დღეს არ ემთხვევა და უბრალოდ ხდება ხომ საერთოდ, ჯადოსნური ამბავია. ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღის საჩუქარი რაც მიმიღია? სიამოვნებით მოგიყვებოდით, მაგრამ… 

ჰო, დაბადების დღეები. არც დღეს და არც ხვალ არ არის ჩემი დაბადების დღე, ამიტომ მშვიდად დავიძინებ. თუმცა, სიმშვიდე ალბათ არ გამოვა, რადგან მერკური რეტროგრადშია და ერთმანეთის ნერვებზე ცეკვა-თამაში განსაკუთრებული სიზუსტით გამოგვივა. 

ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროს, როცა ჩვენი არსებობა არავის ჩანაფიქრში ყოფილა და მაქსიმუმ განგება ფლობდა ჩვენს შესახებ ინფორმაციას, არტემიდას საპტივცემულოდ შეუბერეს სული საბერძნეთში მთვარის ფორმის სადღესასწაულო ღვეზელებში ჩარჭობილ სანთლებს. ჩვეულებრივ მოკვდავებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ მთვარის ქალღმერთი გადმოხედავდათ.

 

ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად კი, შაქრის დოზის მიღება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა (მასიური წარმოება და ყველა ის სიკეთე, რომელიც მას მოქვს) და დაბადების დღის ტორტით ტკბობა ფართოდ გავრცელდა.

თუმცა, მე დაბადების დღეეები დიდად მაინც არ მიყვარს. იზეიმეთ თქვენი თავები ყოველდღე. მერკურის რეტროგრადის, კარანტინის და განაწყენებული ყოველდღიურობის მიუხედავად, თქვენ ხომ ასეთი განსაკუთრებული ხართ.

 


ავტორი: ბეკი ფანცხავა

უგულშემატკივრეთ საქართველოს გუნდს Bocuse d’Or Europe-ს ფინალზე!

შენ ხარ ცვლილება! – The North Face-ის რეკლამა