in

“The first draft of anything is shit, ხვალ გათენდება და თავიდან დავიწყებ ყველაფერს.” – ბეკი ფანცხავა

მაღალსართულიანი შენობის რომელიღაც სართულიდან გადმოგდებული ფურცელი შორს მიფრინავდა. თვალს ვაყოლებდი, რადგან მაინტერესებდა, სადამდე მივწვდებოდი. წვიმამ და ქარმა წაიღო ჟურნალიდან ამოგლეჯილი სტატია, რომელზეც ფანქრით ფიქრებს ვჯღაპნიდი. 

ზოგადად ჯღაპნვა ძალიან სასარგებლო რამეა. დამამშვიდებელი. 

2019 წლის ჟურნალიდან ამოგლეჯილმა ფურცელმა და ბრენდის გზავნილების გადანაწილების სიამ სად ამოყო თავი ვერ გეტყვით. 

შეიძლება, ჩრდილოეთით ან აღმოსავლეთით გაემგზავრა. 

შეიძლება, ძლიერი ქარის დროს, რომელიღაც ბუზღუნა გამვლელს სახეზე მიეწება. შეიძლება, წვრილმა შავმა კატამ დაიძინა თბილად ზემოდან. 

არ ვიცი. ამაზე დიდად არ ვღელავდი. 

უფრო ის მაღელვებდა, რომ ფურცელზე ნაჯღაბნისგან რაღაც ღირებული უნდა შემექმნა. The first draft of anything is shit-ო, ჰოდა კი, ნამდვილად ეგრეა. ის ფანქრით ნაჯღაპნიც shit იყო. 

ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემს ნაჯღაპნს ვერანაირ აზრს ვერ ვაყოლებდი. ვიჯექი, ვფიქრობდი და ფიქრს ისევ თავიდან ვიწყებდი. 

დაატრიალე ფირფიტა, ბ… ის მშვენიერია. 

არც ფირფიტა და არც წამი მშვენიერი ნამდვილად არ იყო. 

ისევ ვიჯექი და ვუყურებდი ღია ფანჯარას, ფანჯრიდან შემოსულ ხმაურში ერთ ხმას ვეძებდი, მაგრამ ის არსად ისმოდა. ალბათ ეძინა. 

 *** 

– ჰეი, მუზა. როგორ ხარ ? 

– იცი, როცა პრეზენტაციების კეთება და ბრიფების წერა გინდა, მე ნუ მაცდენ. სხვას დაუძახე, ჩემ გარდა კიდევ რვანი არიან. 

– ვახ. 

– ძალიან დაღლილი ვარ. დღეს ლექსებიც დავწერეთ, სიმღერებიც, სცენარებიც. შენ კიდევ… 

– ხო.. მე კიდევ რაზე გაცდენ. 

– მე, კალიოპა, ადრე მხოლოდ პოეზიას და რიტორიკას ვხელმძღვანელობდი. ახლა, multitasking-ზე გადავერთე და იმდენი საქმე მაქვს. ხან მუსიკა, ხან ისტორია.. 

– ბრენდის სტრატეგიაზე პასუხისმგებელი ვინ არის თქვენში ? 

– ხომ გითხარი, ყველა ყველაფერს ვაკეთებთ. Multitasking.. 

– აჰა.. 

– ხო, ხო. ახლა დაფიქრდი. 

სერიოზული სახე მივიღე, თუმცა სინამდვილეში გაფანტული ვიყავი იმ ჟურნალიდან ამოგლეჯილი ფურცელივით. 

კალიოპამ ამოიოხრა. 

– ბ. იცი, თუ 2019 წლის ფეხსაცმელების ტრენდებს გაყვები ქართან ერთად, მე ვერ გიშველი. ხომ გითხარი, რომ ძალიან დაღლილი ვარ. 

– Pardonnez-moi. ვეცდები ყურადღებით ვიყო. 

– ასე თუ გააგრძელებ, ჩიხში მოექცევი. 

კალიოპამ აროგანტულად ჩაიცინა და ოთახს გადაავლო თვალი. რაღაცას ეძებდა, მაგრამ რას – არ ამბობდა. 

– ჰემინგუეი ბოლოს როდის გადაშალე? 

– წლების წინ. 

– ძალიან ცუდი. ინგლისური კიდევ კარგი იცი. The first draft of anything is shit. 

– ეგ მახსოვს. 

– გემახსოვრება. სულ მაგას არ ამბობ ? 

– კი… 

– ძალიანაც ცუდი. 

კალიოპა ზარმაცობდა, მგონი ცუდი დრო შევარჩიე მასთან საკონტაქტოდ. უცებ დაამთქნარა და ჯიბიდან ფანქარი ამოიღო. არაფერი განსაკუთრებული ფანქარი არ იყო. ჩვეულებრივი კოხინური. უბრალოდ ძალიან გასათლელი, მუზას რომ არ შეეფერება ზუსტად ისეთი. 

კალიოპამ ფანქრის წვერს შეხედა და კმაყოფილი გამომეტყველებით მომიბრუნდა. 

– ბ. ეს ფანქარი შავი რომ იყოს, ვის მოგაგონებდა? 

– ლეო ბერნეტს. big ideas come out of big pencils. 

– კი. მართალი ხარ. მერე? 

– მერე.. არ ვიცი. 

– იცი, აზრი არ აქვს შენთან დღეს საუბარს. პირველი და მეასე „დრაფტიც“ იგივე იქნება. უფრო კონკრეტულად კი, ერნესტს დავესესხები, მაპატიე და shit. დაიძინე. 

– კალიოპა, მგონი უბრალოდ თავიდან მიშორებ. 

– არც მაგის გარეშეა. 

– მუზები იღლებიან? 

– დიახ, რაც Multitasking-ზე გადავედით. 

– ლეოს იცნობდი? 

– ისე რა. 1-2ჯერ დავეხმარე. 

კალიოპამ პატარა ქლიბი ამოიღო კაბის ჯიბიდან და მანიკურის კეთებას შეუდგა. 

– ხომ არ წუხდები ქლიბის ხმაზე? 

– არა. 

ჩემი და კალიპოას დიალოგი დაუსრულებლად მეჩვენებოდა. ცოტა მაღიზიანებდა, რომ ამ დაღლილ მუზაზე ვიყავი დამოკიდებული. არ მინდონდა, ცუდად მოვქცეულიყავი, მაგრამ მისი ოთახიდან განდევნის სურვილი მატულობდა. 

– მოდი, ახლა დავიძინებ. შენც არაფერში მეხმარები. დავიშალოთ. 

– აჰა. ისევ shit-ის შექმნის გზას დაადექი, ე.ი. 

– არა, უბრალოდ დავიღალე. ხვალ უკეთესი დღე იქნება. 

– არც ხვალ და არც ზეგ. 

– მაზეგ? 

– ნწ. 

– კალიოპა, მგონი ჯინაზე მეუბნები ამ ყველაფერს. 

– ნწ. 

– კარგი. 

– კარგი. 

– კ. 

– ბ. 

– კარგი-მეთქი. 

*** 

მთვარე ადგილზე იყო. ხმაური ისევ შემოდიოდა გარედან. იმ ერთ ხმას ისევ ეძინა.

 

 

 

*** 

კალიოპას მართლა ვესაუბრე, თუ დამესიზმრა, ვერ გეტყვით. 

The first draft of anything is shit, ხვალ გათენდება და თავიდან დავიწყებ ყველაფერს. 

გამიმართლა და ის შავი ფანქარი, რომელსაც ზემოდან ამაყად Leo Burnett აწერია – მაქვს. 

ამ ფანქრით ვჯღაბნი და მჯერა, რომ მას კალიოპას და დანარჩენი 8 მუზის როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. 

*** 

FIN. 


ბეკი ფანცხავა

ციფრული პრეზენტაცია ოფიციალურ გახსნამდე – სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“

მარიამ ღვინიაშვილის აუდიო-ვიზუალური პროექტი „Deconstruction”