1.8 მლნ ცალი გამომცხვარი ხაჭაპური, 5.5 მლნ მოდუღებული ყავა, – ეს ბეკოს კამპანიის მხოლოდ ნაწილია, რომელიც კომპანიამ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად წამოიწყო. კამპანიამ 2 თვის განმავლობაში, ბეკოს სამიზნე აუდიტორიის 84% მოიცვა. კამპანია ორი ნაწილისგან შედგება, “დროის მანქანა”, რომელიც Ice Bucket Challenge-სა და 13 ივნისს ეხებოდა და “ბეკოს რიცხვები”, სადაც რიცხვების საშუალებით ასახეს ბეკოს გაყიდვების მაჩვენებელი. დეტალებისთვის კომპანიის მარკეტინგის დირექტორს ხატია ტყებუჩავას მივმართეთ.
M: 20 წელი, 20 ისტორია. როგორ გაჩნდა ამ კამპანიის იდეა?
წელს ბეკო საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის თავს აღნიშნავს. ცხადია, ბრენდისთვის ეს საიუბილეო წელი მრავალფეროვან საკომუნიკაციო კამპანიასა და პრომო აქციებში გამოიხატა. გვინდოდა შეგვეჯამებინა ეს განვლილი 20 წელი და თან ვყოფილიყავით ძალიან გულწრფელები, ხალხთან ახლოს. გაჩნდა იდეა, რომ შეგვერჩია 20 ყველაზე სიმბოლური, კონკრეტული წლის შესაბამისი, ცნობილი სოციალური ამბავი ან ტრენდი, რომელიც ქართველ მომხმარებელთან ერთად გავიარეთ 1997 წლიდან დღემდე.
M: ვინ იმუშავა პროექტზე?
პროექტი არის მედია სააგენტო UM Georgia-ს და სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-ს კოლაბორაცია. Creative lead და ქოფირაითერი იყო ვანო გუმბერიძე, დიზაინერი და არტ დირექტორი – გიო ლეჟავა. UM Georgia-ს მხრიდან კამპანიის დიჯითალ მენეჯერი იყო ზურა გურგენიშვილი.
M: რა არხებით ვრცელდებოდა კამპანია და რა მიზანს ემსახურებოდა?
ორივე კამპანიის ძირითადი საკომუნიკაციო არხი იყო ფეისბუქი. „დროის მანქანის“ შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის შეგვეხსენებინა ის ისტორიები, რომლებიც ერთად გავიარეთ. შესაბამისად კამპანია საკმაოდ ნოსტალგიური და ემოციური გამოვიდა.
M: როგორი იყო გამოხმაურება და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ის რომ ბრენდი 20 წელია ბაზარზეა?
ცხადია, 20 წელი მნიშვნელოვანი დროა და მეტყველებს ბრენდის პოზიციის სტაბილურობაზე. გამოხმაურება იყო ძალიან პოზიტიური. ხალხს მოეწონა ის კონტენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით და აქტიურად აზიარებდნენ მათ თავიანთი ფეისბუქის გვერდებზე; გვწერდნენ ბევრ კომენტარს და ჩვენთან ერთად იხსენებდნენ ძველ დროს.
M: Beko-ს არსებობა რიცხვებში. რა იყო ამ კამპანიის ინსაიტი?
„ბეკოს რიცხვების“ შემთხვევაში ჩვენი ინსაიტი იყო განვლილი 20 წლის განმავლობაში ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის მოცულობა გამოგვესახა გეორგაფიულ ობიექტებში და ასე გვეჩვენებინა მისი მასშტაბურობა.
ჩვენ მოვიძიეთ ბეკოს ტექნიკის გაყიდვების მონაცემები, გავაანალიზეთ და დავთვალეთ ჯამში თითოეული ტექნიკის მიერ გაწეული შრომა და ეს მონაცემები გადავაკონვერტირეთ გეოგრაფიულ ობიექტებში, საბოლოოდ კი შევქმენით მხიარული პოსტერები ფეისბუქისთვის.
M: საბოლოო შედეგი როგორია?
საბოლოო ჯამში კამპანიამ 2 თვის განმავლობაში შეძლო მოეცვა 1.5 მილიონ მომხმარებელზე მეტი, რაც ჩვენი სამიზნე აუდიტორიის 84%. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემია. ჩვენი კამპანიებით მომხმარებელს შევახსენეთ, რომ ეს 20 წელი მათ გვერდით გავატარეთ და თან ვაჩვენეთ, თუ რა გავაკეთეთ ამ დროის განმავლობაში მათთან ერთად.