in

წარსულსა და ტექნოლოგიურ მომავალს შორის – მარკეტერის ვიზიტი BEKO-ს ქარხანაში

რას აკვირდება მარკეტერი, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადის? თუ ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკისა და მსოფლიოს მე-18 უდიდესი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მქონეა? ცხადია, ბიზნეს ინდუსტრიის წარმატებულობა და წარმოების მაღალი მაჩვენებელი, ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა, არის თუ არა ბრენდების გლობალური ხედვა ქვეყნის განვითარების წინაპირობა?

bog
bog-mob

 

სტამბოლის აზიურ ნაწილში, დილის 7 საათისთვის დავეშვით, იმ თურქული ბრენდის ინიციატივით, რომელიც, როგორც ჯერ კიდევ აეროპორტში აღმოვაჩინეთ, ზრუნავს არა მხოლოდ საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებზე, არამედ უზრუნველოფს სხვადასხვა ქვეყანაში მისი პროდუქციის დილერების მოგზაურობასა და დასვენებას. ჩვენ იმ 27 ადამიანს შორის ვიყავით, ვინც თურქეთში ანატოლიის ზეგანის ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესაცნობად, დასასვენებლად და ბოლოს, ტექნიკის შექმნის პროცესის გასაცნობად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, Beko-ს სარეცხის მანქანების საწარმოს დასათვალიერებლად იყო მისული.

თურქეთი მსოფლიოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში წამყვანი ქვეყანაა, ეს კი ნათლად ჩანდა ჩვენი ავტობუსის ფანჯრებიდან, რომლებიდანაც სტამბოლიდან ქუშადასამდე, 559 კილომეტრის მანძილზე, 9 საათის განმავლობაში ვხედავდით ანატოლიის ზეგანზე განლაგებულ კოხტა ბაღებს, მთებსა და ბარს, ზღვას, დასახლებებს, უფრო კი, ეს იყო სანახაობა შრომის შესახებ. ერთმანეთს ცვლიდნენ ზეთისხილისა და მანდარინის პლანტაციები, რომელთაც სხვადასხვა დასახლებაში გავლისას ბრენდული მაღაზიების ფასადები, სავაჭრო ცენტრები და კაფეები ანაცვლებდნენ. ეს იყო შთაბეჭდილება ქვეყანაში ბიზნესის მაღალი განვითარების, მოწესრიგებულობისა თუ თითოეული გლეხის შრომისმოყვარეობის შესახებ.

იზმირი, მტრედის საკენკით მოვაჭრე

პირველი, თუმცა მცირე გაჩერება ფრენისა და ავტობუსით მგზავრობის შემდეგ იზმირი იყო. ქალაქი 3 მილიონიანი მოსახლეობითა და კლდეებზე შეფენილი სახლებით, მეჩეთებით, ვაჭრებით, პორტითა და ბევრი გემით. შემდეგ სელჩუკში, ქალაქ ქუშადასში შევჩერდით, ეგეოსის ზღვის ნაპირას, სადაც როგორც ჩვენი გიდი – ჯანი ამბობდა, ყველაზე ლამაზი დაისი იცის.

ეგეოსის ზღვა

ქუშადასში ორი დღე დავყავით. ამ დროის განმავლობაში კი ვნახეთ Virgin Mary House – ადგილი, სადაც ღვთისმშობელი მიძინებამდე ცხოვრობდა, ვნახეთ თურქი სამხედროები, რომლებიც შესაძლო ტერორისტული აქტისგან იცავდნენ ამ ადგილს. შემდეგი ლოკაცია ანტიკური ქალაქი – ეფესო აღმოჩნდა, რომელიც ძველი ბერძნული პოლისი, შემდეგ კი რომაული ქალაქი იყო. ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა 250 000 ადამიანს შეადგენდა, რაც მას სიდიდით, ამ პერიოდის მსოფლიოს მეორე ქალაქად აქცევს. კომპლექსში შემავალი სხვადასხვა ანტიკური ნაგებობის გვერდით, ვნახეთ არტემიდას ტაძარი (ძვ. წ. 550 წელი), რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.

ეფესო, არტემიდას ტაძარი

ამ განსაკუთრებული სანახაობისა და მოსმენილი ანტიკური ისტორიების შემდეგ, ვესტუმრეთ, ასე ვთქვათ, „სელჩუკის ბარბარე ჯორჯაძეს“ – ჰატიჯეს, რომელიც ნაციონალური კერძებით გაგვიმასპინძლდა. ვნახეთ ბერძნების მიერ აშენებული ძალიან საინტერესო სოფელი სირინჯე, სადაც ახლა თურქები ცხოვრობენ და აქტიურად არიან დაკავებული ვაჭრობით – ყველა სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ მიზნისთვისაა გამოყენებული. ჰყიდიან ხელნაკეთ ნივთებს, რომელთა ნაწილიც იქვე, ტურისტების თვალწინაც კი იქმნება.

სირინჯე, ადგილობრივი ვაჭარი ქსოვს თოჯინას

მარკეტერის ფოკუსი და ინტერესი, ისტორიული ადგილების გვერდით, იყო ადგილზე, სადაც ბრენდის ფუნქციონირების ძირითადი ეპიცენტრი – მისი პროდუქციის წარმოებაა წარმოდგენილი. წარსულის მნიშვნელოვანი ადგილების მონახულების შემდეგ, კონტრასტული იყო გადასვლა მომავალზე, მაშინ, როცა მთელი ამ დროის განმავლობაში, მოსვენებას არ გვაძლევდა იმის ნახვის შესაძლებლობა, თუ როგორ იქმნება იმ ბრენდის პროდუქტი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, Global Industry Classification Standard-ის ინდექსს 10-დან 9.52-ით აკმაყოფილებს და სხვა რომ არაფერი, ამ ნიშნით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორისაა.

სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, გვქონდა საშუალება, დაგვეკმაყოფილებინა ეს ინტერესი. ხოლო, სანამ უშუალოდ, საწარმოო პროცესის მომსწრეები გავხდებოდით და ვნახავდით, როგორ იქმნება ამ კონკრეტულ ადგილას დღეში საშუალოდ, 15 000 სარეცხის მანქანა, ქარხნის წარმომადგენელი მოგვიყვა Arcelik-ის, ანუ, იმ კომპანიის 63 წლიან ისტორიას, რომელიც Beko-სთან ერთად, 12 სხვადასხვა ბრენდის (Arçelik, Beko, Grundig, Defy, Altus, Blomberg, Arctic, Elektra Bregenz, Leisure, Flavel, Arstil, Dawlance) პროდუქციას აწარმოებს.

როცა ქარხნის ინჟინერს ვკითხეთ, ვისთვისაა Beko, მან გვითხრა, რომ ბრენდი არსებობს მსოფლიოსთვის, საზოგადოებისა და თანამშრომლებისთვის.

„Arcelik მსოფლიოსა და საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ბრენდისთვის გარემოს დაცვა გახდა პრიორიტეტი და წარმოებაში ვიყენებთ მეორად პროდუქციას, მოვიხმართ 31%-ით ნაკლებ წყალს, ვიდრე უწინ. ჩატარებული გვაქვს 192 სემინარი გენდერული თანასწორობის თემაზე და ვცდილობთ ქალების გაძლიერებას, მაშინ როცა თურქეთში ეს, ჯერ კიდევ, პრობლემური საკითხია. შექმნილი გვაქვს აკადემია, სადაც ახალ თაობას ვაძლევთ საშუალებას, დაეუფლონ ტექნოლოგიურ უნარებს და დასაქმდნენ ამ სფეროში. 2018 წელს გავხდით საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გენერალური სპონსორი და მათთან ერთად განხორციელებული კამპანიის ფარგლებში, მთელი წელი ეძღვნება ბავშვებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას“, – გვითხრა Beko-ს სარეცხის მანქანების ქარხნის ინჟინერმა – Hakan Kocaman-მა.

რაც შეეხება თანამშრომლებს – Arcelik-ში დასაქმებულია 20 000-მდე ადამიანი, აქედან, 1300-ზე მეტი, სპეციალურ სივრცეში მუშაობს ინოვაციური ტექნიკის შექმნაზე. მათ ანგარიშზეა მზის ენერგიაზე მომუშავე მაცივარი, რომელიც სპეციალურად აფრიკის ბაზრისთვის შემუშავდა. აქ მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მხრივაც, შექმნილი აქვთ ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც დღეს, სტამბულში მდებარე უმაღლესი კლასის სასტუმროები იყენებენ. გარდა ამისა, აქ იქმნება სამედიცინო ტექნიკაც.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აქ მუშაობენ რობოტებიც:

როგორც უკვე ვთქვით, ამ ქარხანაში, ყოველდღიურად, დაახლოებით 15 000 სარეცხის მანქანა იწარმოება. აღსანიშნავია, რომ აქ გადის პროდუქცია წარმოების თითოეულ ეტაპს, ტექნიკურსაც და პროგრამულსაც. აქვე უტარდება ტესტი თითოეულ მათგანს და მხოლოდ მრავალდონიანი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდებიან ისინი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღაზიებში და შესაძლოა, ჩვენს სახლებშიც.

სტამბოლში, ქარხნის დათვალიერების შემდეგ, ბოსფორისკენ დავიძარით და მალევე აღმოვჩნდით იქ, სადაც მარმარილოსა და შავი ზღვა ხვდება ერთმანეთს. რამდენიმე საათში ბოსფორის ხიდიც გადავლახეთ და ასე, ერთ ნაბიჯში აღმოვჩნდით ევროპაში. სტამბოლის ამ ნაწილში აია-სოფიას ტაძარი – VI საუკუნეში (მესამედ) აგებული ბიზანტიური ეკლესია, შემდგომში მეჩეთი, ამჟამად კი, მუზეუმი გველოდა. როცა შიგნით შევედით კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების პირისპირ, ასევე, იმ რეალობის წინაშე, რომ ტაძარი და შემდგომში მეჩეთი, ამჟამად უკვე ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის ისტორიულად, თუ არქიტექტურულად საინტერესო და ძვირფასი ძეგლი გამხდარიყო.

საღამოს აეროპორტისკენ დავიძარით. ვსხდებოდით თვითმფრინავში, სახით საქართველოსკენ და ვფიქრობდით ნანახ ზღვებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ადამიანებსა და ბრენდებზე, რომელთა გლობალური ხედვა, ტექნოლოგია და პროდუქტი, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებებისა, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ადამიანს აერთიანებს. ვართ თუ არა ჩვენ მათი ნაწილი?

 

„ბეკო“ საქართველოში 1997 წლიდანაა წარმოდგენილი.

*სტატიაში გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა მოპოვებულია მარკეტერის მიერ.

„მეტრა პარკი“ – თბილისური უბნის ტრადიცია

იცხოვრეთ მეტი! – Rexona-ს სამოტივაციო ვიდეორგოლი